ახალი ამბები

“ძალა ერთობაშია” არჩევნებში საერთო ბლოკით გამოსვლას ფიქრობს

15 ივნისი, 2020 • 2197
“ძალა ერთობაშია” არჩევნებში საერთო ბლოკით გამოსვლას ფიქრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პოლიტიკურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალი სხვა პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი ბლოკით გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალი ძალების ლიდერები აცხადებენ, სხვადასხვა პარტიასთან  კონსულტაციები მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის, საბოლოოდ უფრო მსხვილი გაერთიანება შეიქმნას.

“კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, “ძალა ერთობაშიას” ფარგლებში ვმოქმედებთ და ეს ერთობა შენარჩუნებული იქნება. არ არის გამორიცხული, ახალი წევრებიც შემოგვემატონ, ეს კონსულტაციების საქმეა. სანამ არ დასრულდება მოლაპარაკებები, ვერ დავასახელებ, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს პარტიებთან”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

“ამ ეტაპისთვის საერთო ბლოკით ვფიქრობთ გამოსვლას. დრო გვიჩვენებს, რაც უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის, ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის იქიდან გამომდინარე, რომ პირიქით, შეიძლება უფრო დიდი გაერთიანება შედგეს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები და რაც უკეთესი იქნება არჩევნებში გამარჯვებისთვის, ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა, თავის მხრივ, “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებლები არიან:

  1. ახალი საქართველოსთვის – ნიკოლოზ ვაშაკიძე
  2. ემსახურე საქართველოს – მურმან დუმბაძე
  3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა
  4. სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე
  5. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – შოთა მალაშხია
  6. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ნიკანორ მელია
  7. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის – ზურაბ ხარატიშვილი
  8. ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე
  9. საქართველო ლიდერთა შორის – მამუკა გამყრელიძე
  10. საქართველოს ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია
  11. კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, საარჩევნო ბლოკები დაშვებულია, თუმცა – განსხვავებული ბარიერით. საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც უნდა შეადგენდეს.

ამავე თემაზე

საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

მასალების გადაბეჭდვის წესი