ახალი ამბები

სოლეიმანის მკვლელობიდან ბაზებზე შეტევამდე: აშშ-ირანის დაპირისპირების მოკლე ქრონოლოგია

8 იანვარი, 2020 • 1652
სოლეიმანის მკვლელობიდან ბაზებზე შეტევამდე: აშშ-ირანის დაპირისპირების მოკლე ქრონოლოგია

8 იანვარს ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. როგორც თეირანი აცხადებს, ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ 3 იანვარს ირანელი გენერლის – ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ 3 იანვრიდან დღემდე აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო ესკალაციის – მხარეების კომენტარების და მოქმედებების მოკლე ქრონოლოგიას:

3 იანვარი – აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია გენერალი ყასემ სოლეიმანი – რევოლუციის დამცველთა რაზმების, ქუდსის ქვედანაყოფის მეთაური;

3 იანვარი – ირანში აცხადებენ, რომ მოკლული გენერლის გამო „შურს იძიებენ“;

4 იანვარი – მომხდარს ეხმაურებიან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ;

5 იანვარი – დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მიერ ნებისმიერ ამერიკელზე ან ამერიკულ ბაზაზე შეტევის შემთხვევაში „საპასუხო იერიში იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი“;

5 იანვარი – ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც უცხოურმა შეიარაღებულმა ძალებმა – მათ შორის ამერიკულმა, ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იქამდე არ დატოვებდა ერაყს, სანამ მათგან არ მიიღებდა მილიარდობით დოლარს – თანხას, რომელიც აშშ-მა იქ მდებარე ავიაბაზის აშენებაში დახარჯა.

5 იანვარი – ტრამპი ირანისადმი მორიგ მუქარას ავრცელებს – მისი თქმით, აშშ-მა დახარჯა ორი ტრილიონი დოლარი სამხედრო შეიარაღებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა მათი გამოყენებისთვის.

5 იანვარი – ოფიციალური თეირანი ტოვებს „ირანის ბირთვული შეთანხმებას“, რომლის თანახმადაც იგი უარს ამბობდა ბირთვული იარაღის ქონაზე.

იანვარი – მოკლული გენერლის შვილი აცხადებს, რომ აშშ-ს „შავი დღე“ ელის;

7 იანვარი – ირანის პარლამენტი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს „ტერორისტებად“ აცხადებს;

7 იანვარივრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი აშშ-ზე შურისძიების „13 სცენარს განიხილავს“;

8 იანვარი – ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე შეტევა განახორციელა;

8 იანვარი – დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ყველაფერი კარგადაა“ და განცხადებას (აშშ-ის დროით) ხვალ დილას გააკეთებს.

8 იანვარი – ამერიკულ ავიაკომპანიებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ;

8 იანვარიიმატებს ნავთობის ფასი – 69.21 აშშ დოლარი ერთი ბარელისთვის.

8 იანვარი – ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამეინი აცხადებს, რომ ბაზებშე შეტევა „აშშ-სთვის სილის გაწნაა“.

აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]


გარეკანის ფოტო: EPA

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი