ჟურნალისტ ვახო სანაიას, ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად- უკვე 30-დღით.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა. სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფასა და ამ ქმედებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდნენ. 30-დღიანი პატიმრობა სწორედ შსს-მ მოითხოვა, რომელსაც სასამართლოში მარიამ კერესელიძე წარმოადგენდა.

ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.
პოსტები, რაც ამჯერად იყო განხილვის საგანი სასამართლოში, სწორედ დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთშია დაწერილი.

22 ივლისს, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

5 აგვისტოს კი, იზოლატორის დატოვებიდან რამდენიმე წუთში დაწერა: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა, შვილო, ეშმაკმა“.

სანაია სხდომას არ დასწრებია. შესაბამისად, დასაკავებლად მას მოგვიანებით მიაკითხავენ.