ახალი ამბები

აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს ერაყში გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს

3 იანვარი, 2020 • 2640
აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს ერაყში გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს

აშშ-ის სამხედრო შეტევის შედეგად, რომლის შესრულების ბრძანებაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა, მოკლულია ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმის ელიტური, ქუდსის დანაყოფის მეთაური. მასთან ერთად ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში შეტევის დროს  სხვა სამხედრო მოხელეებიც მოკლეს. ამას პენტაგონში ადასტურებენ, ხოლო მომხდარის შესახებ ინფორმაციას „Fox News“ ავრცელებს.

აქამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თანაბრად შეაფასა სოლეიმანისაგან და ისლამური სახელმწიფოს მოკლული ლიდერისგან, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადისგან წამოსული საფრთხე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა: „აშშ-ის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, გენერალ სოლეიმანის დევნა და მოკვლა – დაეშთან (ისლამური სახელმწიფო), ალ-ნუსრასთან და ალ-ქაიდასთან ყველაზე ეფექტური მებრძოლისა, ძალიან სახიფათო და სულელური ესკალაციაა“.

მისივე თქმით, აშშ-ს „აქვს პასუხისმგებლობა მისი ავანტიურიზმის შედეგებზე“.

სიტუაცია რეგიონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბაღდადში აშშ-ის საელჩო მომიტინგეებმა ალყაში მოაქციეს. დონალდ ტრამპმა საპასუხოდ ერაყში დამატებითი ძალები გააგზავნა. 


მთავარ ფოტოზე: ყასემ სოლეიმანი. ფოტო: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი