ნეტგაზეთი | ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ] ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ] – Netgazeti
RU | GE  

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად მოკლულია ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი – ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმების ელიტური, ქუდსის დანაყოფის მეთაური.

ვინ იყო ყასემ სოლეიმანი?

ყასემ სოლეიმანი, ფოტო: epa

ყასემ სოლეიმანი ირანელი გენერალია, რომელიც მეთაურობდა არა მარტო ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის კორპუსს, არამედ მთლიანად ირანის სამხედრო ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში – მისი ხელმძღვანელობით გაიზარდა ირანის გავლენა სირიასა და ერაყში.

როგორც BBC წერს, სოლეიმანი ხშირად მიიჩნეოდა ირანში მეორე ყველაზე გავლენიან პიროვნებად – აიათოლა ალი ხამეინის შემდეგ, ხოლო მისი ყუდსის დანაყოფი, რევოლუციური გვარდიის ელიტური შენაერთი, უშუალოდ აიათოლას წინაშე იყო ანგარიშვალდებული.

სოლეიმანის როლს ასე აღწერდა გენერალი ჯოზეფ ვოტელი, 2018 წელს აშშ-ის ცენტრალური ხელმძღვანელობის ახლო აღმოსავლეთის ოპერაციების განყოფილების უფროსი: „სადაც კი ხედავთ ირანის აქტივობას, ხედავთ ყასემ სოლეიმანის – იქნება ეს სირიაში, იქნება ეს ერაყში, იქნება ეს იემენში, ის არის იქ და იქვეა ქუდსის დანაყოფიც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ეს, ჩემი აზრით, მთავარი საფრთხეა, ხოლო ეს პირები აღვივებენ ამ დესტაბილიზაციის ხელშემწყობ აქტივობებს“.

რა შედეგები მოჰყვა და მოჰყვება მკვლელობას?

CNN-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

გარდა ამისა, როგორც BBC წერს, მკვლელობის შემდეგ გაიზარდა ნავთობის ფასი.

სოლეიმანის შემცვლელის ვინაობა უკვე დაასახელა FarsNews Agency-მ – მათი ინფორმაციით, ეს ისმაილ ყაანი იქნება.

გარდა ამისა, 3 იანვარსვე თეირანში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რათა აშშ-ის მოქმედებები დაეგმო და სოლეიმანის მკვლელობა ეგლოვა.

თეირანში მოქალაქეები აშშ-ს ოპერაციას აპროტესტებენ და ქასიმ სოლეიმანს გლოვობენ, ფოტო: EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ სოლეიმანის მკვლელობა არის ერაყში ამერიკელი სამხედროების ყოფნის პირობების დარღვევა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკული კონტიგენტის მიზანი მხოლოდ ერაყის სამხედროების წვრთნა და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა იყო.

სოლეიმანის მკვლელობას ირანმა შეიძლება ასიმეტრიულად უპასუხოს, წერს BBC. გამოცემის ცნობით, ოფიციალურ თეირანს მხარდამჭერების დახმარებით შეუძლია კვლავ მოაქციოს ალყაში აშშ-ის საელჩო ერაყში – როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდა ამისა, შესაძლებელია შეტევების განხორციელება რეგიონის სხვა წერტილებში. ამ საფრთხის გათვალისწინებით, შესაძლებელია, აშშ-ს მოუწიოს ერაყში თუ რეგიონის სხვა ქვეყანაში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის შეყვანა.

აშშ-ის პოზიცია

ამერიკული მედიის ცნობით, ავიაიერიშის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. სოლეიმანის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელებში აშშ-ის დროშა „დაპოსტა“.

პენტაგონმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „გენერალი სოლეიმანი აქტიურად მუშაობდა ერაყსა და რეგიონში მომსახურე ამერიკელ დიპლომატებსა და ჯარისკაცებზე შეტევის გეგმებზე“. პენტაგონის თქმით, სოლეიმანიმ მოახდინა „ბოლო რამდენიმე თვეში ერაყში კოალიციის ბაზებზე შეტევების ორკესტრირება“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, საფრთხე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლული ლიდერის, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადისგან და სოლეიმანისგან მოდიოდა, თანაბარია.

სოლეიმანის მკვლელობას გამოეხმაურნენ კონგრესის წევრები: „პრეზიდენტ ტრამპის ეს ნაბიჯი და ჩვენი სამხედრო აქტივობა იყო პირდაპირი პასუხი გენერალ სოლეიმანის და მასთან დაახლოებული პირების მიერ ორკესტრირებულ ირანულ აგრესიაზე“, – წერს სენატორი ლინდზი გრემი.

რა იქნება ირანის პასუხი?

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა: „აშშ-ის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, გენერალ სოლეიმანის დევნა და მოკვლა – დაეშთან (ისლამური სახელმწიფო), ალ-ნუსრასთან და ალ-ქაიდასთან ყველაზე ეფექტური მებრძოლისა, ძალიან სახიფათო და სულელური ესკალაციაა“.

მისივე თქმით, აშშ-ს „აქვს პასუხისმგებლობა მისი ავანტიურიზმის შედეგებზე“.

BBC-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ხელმძღვანელმა აიათოლა ალი ჰამეინიმ განაცხადა, რომ შეტევის უკან მდგომ „დამნაშავეებს მკაცრი შურისძიება ელით“. მან აგრეთვე სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com