ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერს დაარტყა, პარალელურად კი, აშშ ირანზე ზედიზედ მესამე ღამეა დარტყმებს ახორციელებს.

აშშ-ის მტკიცებით, სამიზნეებს სანაპირო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო პუნქტები წარმოადგენდა. თეირანმა საპასუხოდ იერიში მიიტანა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე (სადაც სარაკეტო განგაშის სირენები ორჯერ ჩაირთო) და რაკეტები ესროლა იორდანიას, სადაც ასევე განლაგებულია ამერიკული სამხედრო კონტინგენტი.

თავდასხმების ბოლო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ ორშაბათსა და სამშაბათს მას „მკაცრად დაარტყამდნენ“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მომავალში ახალი თავდასხმებია მოსალოდნელი.

სამხედრო შეტაკებების პარალელურად, სიტუაცია კრიტიკულია უშუალოდ ჰორმუზის სრუტეშიც — არაბთა გაერთიანებული საამიროების განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ირანული რაკეტების მიერ 2 გემზე მიტანილი იერიშის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, რამდენიმე სხვა კი დაშავდა. თეირანი ამტკიცებს, რომ ორ „დამრღვევ“ ტანკერს მას შემდეგ დაარტყეს, რაც მათ გაფრთხილებები უგულებელყვეს და „დანაღმული მარშრუტის“ გავლით სცადეს გადაადგილება.

ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა თეირანის პორტების წინააღმდეგ დღეს აღდგებოდა. იგი ამტკიცებს, რომ სრუტეზე კონტროლს აშშ „თავის თავზე აიღებს“ და მისი „მფარველი ანგელოზის“ როლს შეასრულებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები საზღვაო ბლოკადას სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით (ET) 16:00 საათიდან განაახლებენ. თავდაპირველი ბლოკადა 13 აპრილიდან 18 ივნისამდე გაგრძელდა, ვიდრე ვაშინგტონი და თეირანი ხელს მოაწერდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა დაეწყოთ მუშაობა ომის დასასრულებლად. ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ აშშ-მა შესაძლოა გემებს სრუტის უსაფრთხოდ გადაკვეთისთვის 20%-იანი „დაცვის საფასური“ დააკისროს. თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ იმუშავებს ეს გადასახადი, ვის შეეხება ის ან როგორ აღსრულდება.

ირანის პირველმა დიპლომატმა აბას არაღჩიმ ტრამპის წინადადებას დასცინა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი საფასურის ამკრეფი, აშშ-ის ნაცვლად, თავად ირანი უნდა იყოს.

„20%, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. ჩვენ სამართლიანები ვიქნებით“, — დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სრუტეში გემების მიმოსვლა „თავისუფალი უნდა დარჩეს ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“.

ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 7.1%-ით გაიზარდა და ბარელზე $81.40 შეადგინა, ხოლო ამერიკული ნავთობის (WTI) ფასი 7.2%-ით გაიზარდა და $76.50-ს მიაღწია. ორივე მათგანისთვის ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.