ახალი ამბები

ქვეყნების და ორგანიზაციების რეაქცია ირანელი გენერალის მკვლელობაზე

4 იანვარი, 2020 • 1837
ქვეყნების და ორგანიზაციების რეაქცია ირანელი გენერალის მკვლელობაზე

აშშ-ის მიერ ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში სიტუაცია დაიძაბა. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების გამოხმაურებას მომხდართან დაკავშირებით.

გაერო

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი ღრმად შეწუხებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, აცხადებს მისი პრეს-სპიკერი.

„გენერალური მდივანი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს [სპარსეთის] ყურეში დეესკალაციას“; „ესაა მომენტი, როცა ლიდერებმა მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინონ. მსოფლიოს არ აქვს [სპარსეთის] ყურეში მორიგი ომის ფუფუნება“.

ჩინეთი

ჩინეთმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა, „განსაკუთრებით კი აშშ-ს“.

„მოვუწოდებთ მხარეებს, განსაკუთრებით კი აშშ-ს, წყნარად დარჩნენ და გამოავლინონ თავშეკავება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვითარების ესკალაცია“, – განაცხადა სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა.

ისრაელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს თქმით, აშშ-ის აქვს თავდაცვის უფლება სოლეიმანის მკვლელობის გზით: „როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ისევე აქვს აშშ-ს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ყასემ სოლეიმანი პასუხისმგებელია ამერიკელი მოქალაქეების და ბევრი სხვა უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზე. იგი უფრო მეტ შეტევებსაც გეგმავდა“.

NATO 

სამხედრო ალიანსის განცხადებით, NATO ერაყში მიმდინარე სიტუაციას დიდი ყურადღებით აკვირდება: „NATO სიტუაციის მონიტორინგს დიდი ყურადღებით ანხორციელებს. ახლო და ხშირი კონტაქტი გვაქვს აშშ-ის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ალიანსის პრეს-სპიკერმა დილან უაიტმა AFP-სთან საუბრისას.

გაერთიანებული სამეფო

BBC-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს არ ჰქონდა ინფორმაცია სოლეიმანიზე მომზადებული თავდასხმის შესახებ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„ყოველთვის ვაცნობიერებდით ყასემ სოლეიმანის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ქუდსის დაჯგუფებისგან წამოსულ აგრესიულ საფრთხეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. კონფლიქტის გაგრძელება არაა ჩვენს ინტერესებში“, – განაცხადა რააბმა.

საფრანგეთი

RTL Radio-სთან საუბარში საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ამელი მონთჩალინმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთის სტაბილიზაციაა.

„ხდება ის, რისიც გვეშინოდა: დაძაბულობა აშშ-სა და ირანს შორის იზრდება. პრიორიტეტი რეგიონის სტაბილიზაციაა“.

მისივე თქმით, „უფრო საფრთხის შემცველ სამყაროში გავიღვიძეთ“, ხოლო პრეზიდენტი მაკრონი მალე „რეგიონის მოთამაშეებთან“ კონსულტაციებს გამართავს.

გერმანია

გერმანიის კანცლერის პრეს-სპიკერმა ულრიკე დემერმა განაცხადა: „ჩვენ ესკალაციის საშიშ წერტილზე ვიმყოფებით. ახლა მნიშვნელოვანია, სიფრთხილით და თავშეკავებით წვლილი შევიტანოთ დეესკალაციაში“.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, მთავარი მიზანი ახლა ახლო აღმოსავლეთში ყველანაირი შემდგომი ესკალაციის პრევენციაა.

რუსეთი

„სოლეიმანის მკვლელობა იყო ავანტურისტული ნაბიჯი, რომელიც გაზრდის დაძაბულობას რეგიონში“ – ციტირებენ „ТАСС“ და „РИА Новости“ რუსეთის საგარეო უწყებას.

„სოლეიმანი ირანის ეროვნული ინტერესების დაცვას თავდადებით ემსახურებოდა. ირანელ ხალხს გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ“.

თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოლეიმანის მკვლელობის შედეგად რეგიონში საფრთხე და არასტაბილურობა გაიზრდება.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, „თურქეთი ყოველთვის იყო რეგიონში უცხოური ინტერვენციების, მკვლელობების და კონფესიათშორისი კონფლიქტების წინააღმდეგი“.

ყასიმ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მასალების გადაბეჭდვის წესი