ახალი ამბები

„აშშ-ს შავი დღე ელის“ – მოკლული გენერლის შვილი

6 იანვარი, 2020 • 1228
„აშშ-ს შავი დღე ელის“ – მოკლული გენერლის შვილი

ირანში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლული გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს. როგორც BBC იუწყება, გასვენებას უამრავი ადამიანი ესწრება.

ცერემონიალის მიმდინარეობისას სოლეიმანის შვილმა, ზეინაბმა განაცხადა, რომ აშშ-ს მამამისის მკვლელობისთვის „შავი დღე ელის“.

„გიჟო ტრამპო, ნუ იფიქრებ, რომ ყველაფერი დამთავრდა მამაჩემის მოწამეური სიკვდილით“, – განაცხადა ზეინაბ სოლეიმანმა.

ყასემ სოლეიმანი, ირანის რევოლუციის დამცველთა რაზმების ელიტური, ქუდსის ქვედანაყოფის მეთაური, აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს. იერიშის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. მანვე აღნიშნა, რომ ირანის მიერ ნებისმიერ ამერიკელზე თუ ამერიკულ ობიექტზე თავდასხმის საპასუხოდ „იერიში იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი“.

შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]


გარეკანის ფოტოზე: ყასემ სოლეიმანი. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი