ახალი ამბები

ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა

8 იანვარი, 2020 • 1453
ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა

პენტაგონის განცხადებით, ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევა განახორციელა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გარდა ამისა, როგორც CNN წერს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა განცხადება, რომ ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმებმა „შეტევა განახორციელეს ერაყში მდებარე ალ-ასადის ამერიკულ ბაზაზე ათი რაკეტით“. რაზმებმა გააფრთხილეს აშშ, რომ „ახალი აგრესიის შემთხვევაში უფრო დიდი, დამანგრეველი პასუხი“ იქნებოდა. აგრეთვე, რაზმების განცხადებით, შეტევას მიიტანენ ნებისმიერ სახელმწიფოზე რეგიონში, რომელიც აშშ-ის აგრესიის პლატფორმა გახდება.

პრეზიდენტ ტრამპის პრეს-მდივნის, სტეფანი გრიშამის განცხადებით, შეტევის შესახებ ტრამპი უკვეა ინფორმირებული. შეტევის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

აქამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-ზე შეტევის შემთხვევაში „საპასუხო იერიში იქნებოდა სწრაფი და ძლიერი“, ხოლო თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, აშშ-ს არ სურს ირანთან ომი, თუმცა, თუ ომი დაიწყება, „მზადაა დაამთავროს“.


გარეკანის ფოტო: Google Maps-დან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი