საზოგადოება

“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა და კავშირი აღარ ექნება „ჩაღლარის“ ქსელთან

2 ოქტომბერი, 2023 • 10516
“შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა და კავშირი აღარ ექნება „ჩაღლარის“ ქსელთან

საქართველოში მოქმედი “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” (IBSU) გაიყიდა. შესაბამისი ცვლილება უკვე საჯარო რეესტრშიც აისახა.

უნივერსიტეტის 100%-იანი წილი “კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” (სეუ) რექტორმა გია კავთელიშვილმა შეიძინეს.

შენგელია 49%-იანი წილს ფლობს, კავთელიშვილი — 51%-ს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მფლობელთა რიგებიდან სრულად გავიდნენ თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ IBSU-ს წილების 100%-ს. ამიერიდან მათ ჩაანაცვლებენ საქართველოში მოქმედი სხვა ორი უნივერსიტეტის ხელმძღვანელები.

ნასყიდობის საგნის ჯამური ღირებულება 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

28 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტი, ისევე როგორც “ჩაღლარის” საგანმანათლებლო ქსელი, რომელშიც IBSU-ც შედიოდა, უკანასკნელ წლებში მეზობელი თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილების ობიექტი არაერთგზის გახდა. ამის მიზეზი იყო ქსელის ასოცირება ფეთულა გიულენის სახელთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობას ედავება.

2018 წელს უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება დროებით შეუზღუდეს, რის ოფიციალურ მიზეზადაც მისი ფინანსური არამდგრადობა სახელდებოდა. თუმცა მაშინ განვითარებული მოვლენების შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ უნივერსიტეტის მხარდამჭერები როგორც საქართველოში, ისე — საზღვარგარეთ.

უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ილიას ჩილოღლუ, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ამჟამად ემიგრაციაშია. ჩილოღლუს თქმით, გრძნობდა მზარდ საფრთხეებს, რის გამოც ქვეყანაში დარჩენა სარისკოდ მიიჩნია.

თურქეთის სახელმწიფო სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ, თურქეთის საგარეო უწყებამ თქვა, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა გიულენის მოძრაობის მიერ “მართული სკოლების დახურვისა და მათი აქტივების გაყინვის მნიშვნელობას”. ერდოღანმა ასევე აღნიშნა თბილისის მიერ ამ კუთხით უკვე გადადგმული ნაბიჯები.

განახლება, 17:50: ნეტგაზეთი უნივერსიტეტის გაყიდვის მიზეზებზე რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს ესაუბრა.

როგორც ბაირაქთუთანმა თქვა, ის კონკრეტულ მიზეზებს ვერ იტყვის, თუ რატომ გადაწყვიტეს მფლობელებმა უნივერსიტეტის გაყიდვა მაინცდამაინც ახლა.

თუმცა, როგორც რექტორი ამბობს, მისთვის „კარგად არის ცნობილი ის პროცესები, რაც ჩაღლარისა და „შავი ზღვის სააერთაშორისო უნივერსიტეტის“ გარშემო მიმდინარეობდა ბოლო წლებში და ალბათ, არ არის გამორიხული, რომ ამ პროცესებმა ამ გადაწყვეტილებაზე იმქომედა“.

ბაირაქთუთანის თქმით, ის უნივერსიტეტში დარჩება, თუმცა, არა რექტორის პოზიციაზე.

როგორც ის ამბობს, უნივერსიტეტის მენეჯმენტს ბოლო პერიოდში რაიმე სახის ზეწოლა თბილისში არ უგვრძნია, თუმცა „დამფუძნებლების სახელით ვერ ისაუბრებს“.

მოგვიანებით “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში ბაირაქთუთანმა დაწერა, რომ უნივერსიტეტი საქმიანობას გააგრძელებს, რექტორის თანამდებობას კახა შენგელია დაიკავებს, თავად კი — რექტორის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს.

“მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება”, — დასძენს საფფეთ ბაირაქთუთანი.

როგორ ვიწროვდება “ჩაღლარის” ქსელი” საქართველოში

ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი, რომელიც IBSU-სა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედ არაერთ სკოლა-ლიცეუმს აერთიანებდა, საქართველოში 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან მოქმედებს.

ბოლო წლებში ქსელში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არაერთგზის შექმნიათ პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან. მათი უმეტესობა დახურეს, რის შედეგადაც “ჩაღლარის” სკოლებიდან, ამჟამინდელი მოცემულობით, სულ ორი სკოლაა დარჩენილი: თბილისსა და ქუთაისში.

ამ ნაბიჯებს ავტორიზაციის საბჭო ხსენებულ დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევებითა და კანონთან შეუსაბამობებით ხსნიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილში არსებობდა კითხვებიც, ხომ არ იყო განპირობებული საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებები მეზობელი თურქეთის რიტორიკითა და ზეწოლით.

საქმე ისაა, რომ “ჩაღლარის” ქსელი ასოცირებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანის ყოფილი პარტნიორისა და ამჟამად მისი ოპონენტის, აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულა გიულენის სახელთან. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, მის მოძრაობას კი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.  გიულენი ამას უარყოფს.

“ჩაღლარის” ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება — ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა — რომელიც თბილისში მოქმედებდა, 2016 წელს, ჯერ კიდევ გადატრიალების მცდელობამდე დაიხურა. თუმცა მოგვიანებით ამ პროცესმა სისტემატური სახე მიიღო.

გადატრიალების მცდელობიდან მალევე, თურქეთის მაშინდელმა გენერალურმა კონსულმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და “ჩაღლარის” ქსელის სხვა სკოლები დაკავშირებული იყო ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ამიტომ იგი აპირებდა, მიემართა საქართველოს მთავრობისათვის ამ სკოლების დახურვის მოთხოვნით.

შაჰინის სკოლაში გამორიცხეს კავშირი გიულენთან და თქვეს, რომ სიმართლე მათ მხარეს იყო. რამდენიმე თვეში სახელმწიფომ სკოლას ავტორიზაცია დარღვევების მოტივით შეუჩერა.

მომდევნო წლებში განათლების სექტორიდან ასევე გაქრა “ჩაღლარის” ქსელში შემავალი სხვა დაწესებულებების ნაწილიც: დემირელის კოლეჯი თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი რუსთავში და მიმდინარე წელს — დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლუცეუმი მარნეულში.

2017 წელს ქართულმა სასამართლომ განიხილა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე: აწ უკვე დახურული დემირელის კოლეჯის მენეჯერისა, რომელიც 15 წლის განმავლობაში ეწეოდა საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას.

ჩაბუქი საქართველოს პოლიციამ 2017 წელს დააკავა. თურქული მხარე მას გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და საქართველოს მის გადაცემას სთხოვდა. ჩაბუქი უარყოფდა ბრალდებებს და საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა. საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, სასამართლომ ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

IBSU და ყოფილი რექტორი, რომელიც ემიგრაციაშია

2018 წლის ზაფხულში, თურქეთის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში თქვა, რომ “[გიულენის] ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”.

ფატმა ჯერენ იაზგანს მაშინ არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა “ჩაღლარის” ქსელში შემავალ “შავი ზღვის უნივერსიტეტსა” და მის იმჟამინდელ რექტორს, ილიას ჩილოღუს, თუმცა ჩილოღლუსთვის ეს ისედაც ნათელი იყო: როგორც “ნეტგაზეთთან” მოგვიანებით ჩაწერილ ინტერვიუში ჰყვებოდა, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 2017 წელს, თურქეთში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით, 2018 წელს კი, მისივე ინფორმაციით, ართვინის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა.

თურქეთის ელჩის განცხადებიდან მალევე, უნივერსიტეტს დროებით შეუზღუდეს პირველკურსელთა მიღების უფლება, ოფიციალურ მიზეზად კი ფინანსური არამდგრადობა დაასახელეს. აღნიშნულს უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციისა და სხვების პროტესტი მოჰყვა.  მოგვიანებით, 2018 წლის მიწურულს, უნივერსიტეტს კვლავ აღუდგინეს ხსენებული უფლება.

თავად ჩილოღლუ, რომელსაც თურქეთის მხარე გიულენის მოძრაობის წევრობას ედავება, ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობს. მან “ნეტგაზეთს” 2021 წელს ჩაწერილ ინტერვიუში უთხრა, რომ გრძნობდა მზარდ საფრთხეებს, რის გამოც საქართველოში დარჩენა სარისკოდ მიიჩნია.

“თურქეთის მთავრობა რას აკეთებს, ამასთან მე რა შუაში ვარ? ჩემს საქმეს ვაკეთებდი და არანაირად არ ვიყავი მათით დაინტერესებული. თურქეთის არხებსაც კი არ ვუყურებდი. საქართველოში ვცხოვრობდი და ასე ვაპირებდი გაგრძელებას. აბსურდია ეს ყველაფერი”, — ამბობდა ის 2021 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.

ჩილოღლუ ასევე ამბობდა, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში გიულენის თანამოაზრე ბიზნესმენებმა არაერთი საგანმანათლებლო ქსელი დააფუძნეს მსოფლიოს გარშემო, მათ შორის, საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით. მისი ცნობით, ამავე ბიზნესმენებმა ჩადეს ფული ქსელში შემავალი დაწესებულებების ასამუშავებლად, თუმცა, ჩილოღლუს განცხადებით, როგორც უნივერსიტეტი, ისე სკოლები, ამჟამად თვითდაფინანსებაზე არიან.

ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებებსა და გიულენის მოძრაობას შორის კავშირების საკითხზე “ნეტგაზეთმა” მუსტაფა ემრე ჩაბუქსაც ჰკითხა 2017 წელს, სასამართლოს დარბაზიდან მისი გათავისუფლების შემდეგ.

“არანაირ ოფიციალურ კავშირში არ არის. ამ დაწესებულების დამფუძნებლები არიან გერმანიაში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები. შეიძლება, ისინიც იზიარებდნენ გიულენის მოსაზრებებს, მაგრამ სხვა რაიმე სახის კავშირი გამორიცხულია”, — დასძენდა ის.

“გიულენისტობის” ბრალდებით, 2016 წლიდან დღემდე, თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთში მოქმედი მრავალი სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დახურა. ერდოღანის ხელისუფლება ასევე აქტიურად ცდილობდა და ცდილობს მსგავსი პოლიტიკის გატარებას თურქეთის გარეთაც, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი