ახალი ამბები

შაჰინის სკოლას ბათუმში ავტორიზაცია მოსწავლეების მიღების საკითხის გამო შეუჩერეს

4 თებერვალი, 2017 • 5760
შაჰინის სკოლას ბათუმში ავტორიზაცია მოსწავლეების მიღების საკითხის გამო შეუჩერეს

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბათუმში შაჰინის სკოლას ავტორიზაცია მოსწავლეების ჩარიცხვის საკითხის გამო შეუჩერეს.

ცენტრის ცნობით, შაჰინის სკოლას ჰქონდა რამდენიმე დარღვევა, ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების ჩარიცხვის საკითხი. რა იყო სხვა საკითხები, ამ კითხვაზე, ცენტრში გვირჩიეს, რომ დაველოდოთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ოქმს, რომელიც 10 სამუშაო დღეში გამოქვეყნდება.

ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ გუშინ, 3 თებერვალს მიიღო. ცენტრის განმარტებით, გეგმური მონიტორინგი ჩატარდა სკოლებში, მათ შორის შაჰინის სკოლაშიც.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის საიტის მიხედვით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციების საბჭოს 3 თებერვლის სხდომაზე განიხილეს

[checklist]

  •  შპს გეტის ავტორიზაციის საკითხი
  • პს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები
  • შპს კავკასიის აკადემიაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები
  • შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები
  • შპს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯის ავტორიზაციის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 12 დეკემბრის №144 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხი

[/checklist]

ცენტრის განმარტებით, იმის გამო, რომ სკოლას ავტორიზაციის გარეშე არ აქვს ფუნქციონირების უფლება, მოსწავლეები მობილობის საშუალებით სხვა სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.

კითხვაზე, ხომ არ უკაშირდება ავტორიზაციის გაუქმება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაპირისპირებას ფეთულა გიულემთან, ასევე ბათუმში თურქეთის კონსულის ბრალდებებს სკოლა-პანსიონის მიმართ, რომ ისინი ტერორისტებს ზრდიან, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან გვიპასუხეს, რომ ცენტრი აპოლიტიკური დაწესებულებაა და არ ერევიან პოლიტიკურ საკითხებში.

ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერმინისტრი ნიშნავს და ისინი ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ცენტრში აცხადებენ, რომ საბჭოს საქმიანობაში არ ერევა.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

2016 წლის აგვისტროში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშნვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

ამავე თემაზე: 

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს

აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი