ახალი ამბები

“პოლიტიკურად მოტივირებული” — საქართველოში “ჩაღლარის” კიდევ ერთი სკოლა დახურეს

1 მარტი, 2023 • 4711
“პოლიტიკურად მოტივირებული” — საქართველოში “ჩაღლარის” კიდევ ერთი სკოლა დახურეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ოფიციალური ვიზიტიდან რამდენიმე დღეში დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც მარნეულში 13 წლის განმავლობაში მოქმედებდა, ავტორიზაცია შეუჩერა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთს 23 თებერვალს ეწვია, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანსაც შეხვდა.


ღარიბაშვილ-ერდოღანის შეხვედრა თურქეთში. 23 თებერვალი, 2023.

მარნეულში დახურული ლიცეუმი ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, ამას კი წინ უძღოდა მეზობელი თურქეთის ხელისუფლების მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

დირექციის თანახმად, სახელმწიფომ სკოლაში არაგეგმური შემოწმება 2022 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩაატარა, დაახლოებით 1 თვეში კი მიიღეს დასკვნა, რომელშიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტთა მიერ დაფიქსირებული ხარვეზები და რეკომენდაციები იყო გაწერილი.

სკოლაში ამბობენ, რომ ხარვეზები გამოასწორეს და რეკომენდაციები შეასრულეს, თუმცა სახელმწიფომ ეს არ გაითვალისწინა. დირექცია ფიქრობს, რომ ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და “ჩაღლარის” ქსელის გარშემო განვითარებული პროცესების გაგრძელებას წარმოადგენს.

რას ედავებიან სკოლას

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა, I-დან VI კლასის ჩათვლით 153 მოსწავლე ირიცხებოდა და 36 ადამიანი იყო დასაქმებული.

სხდომა, რომელზეც სკოლას ავტორიზაცია გააუქმეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში 27 თებერვალს გაიმართა. შეხვედრა ონლაინ, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით შედგა, რის მიზეზადაც უწყება ასახელებს კორონავირუსის პრევენციას.

ცენტრში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს სკოლის ავტორიზაციის გაუქმება, თუმცა მიზეზების შესახებ პასუხი ვერ მოვისმინეთ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სხდომის ოქმი მისი ჩატარებიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.

სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილის, ლამზირა ხუნდაძის თქმით, ექსპერტებმა სკოლას ორი ხარვეზი და დაახლოებით ექვსი რეკომენდაცია დაუფიქსირეს.

მისი ინფორმაციით, ხარვეზებს შორის იყო სპორტდარბაზთან და მოსწავლეთა შეფასების სქემებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც ხუნდაძე “ნეტგაზეთს” უყვება, სკოლას აქვს სათამაშო მოედანი, სადაც სპორტის გაკვეთილები ტარდება, უამინდობის შემთხვევაში კი გაკვეთილებს ატარებდნენ როგორც საკლასო ოთახებში, ისე შენობაში არსებულ დარბაზში, რომელსაც ცეკვის წრისთვისაც იყენებდნენ.

ხუნდაძის თქმით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ არსებული დარბაზი “პატარაა და არ აკმაყოფილებს სტანდარტებს”.

“არ დავეთანხმეთ, [რომ ეს იყო ხარვეზი], თუმცა მივიღეთ ეს, როგორც რჩევა”, — აღნიშნავს დირექტორის მოადგილე. მისი თქმით, სკოლამ რჩევა გაითვალისწინა და  ახალი დარბაზი იქირავა სპორტის გაკვეთილებისთვის.

მეორე ხარვეზი, მისი ინფორმაციით, ეხებოდა მოსწავლეთა შეფასების სქემებში ქულების დალაგებას დონეების მიხედვით.

“ეს გვქონდა გაკეთებული არასწორად, მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს შენიშვნა, გავასწორეთ მაშინვე და ვაჩვენეთ”, — დასძენს ლამზირა ხუნდაძე.

მისივე ცნობით, რეკომენდაციათა შორის იყო ბიბლიოთეკის გამდიდრება პერიოდული გამოცემებით და სკოლის ვებგვერდზე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულად ატვირთვა, ისევე როგორც სასწავლო გეგმის სრულად შევსება.

“სასკოლო სასწავლო გეგმაში ჩვენ გვაქვს დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიაც და ამობეჭდილიც. ექსპერტებმა ნახეს გეგმის ელექტრონული ვერსია, რომელსაც აკლდა წლიური საათობრივი ბადე, თუმცა ამობეჭდილ ვერსიაში [ეს ბადე] იყო. მაგრამ მივიღეთ ეს შენიშვნაც და ჩავდეთ ელექტრონულ ვერსიაშიც”.

“ასევე, წყლის შემოწმება ყოველთვის ხდება ჩვენთან, მაგრამ იმ თვეში, როცა [ექსპერტები] მოვიდნენ, არ გვქონდა შემოწმებული. გადავაგზავნეთ მაშინვე და შევამოწმებინეთ”, — ყვება ხუნდაძე.

მისი თქმით, სკოლამ 1 კვირის ვადაში ხარვეზებიც გამოასწორა და რეკომენდაციებიც გაითვალისწინა, რის შესახებაც სახელმწიფო უწყებას შესაბამისი წერილით აცნობა. თუმცა, როგორც ყვება, ცენტრმა ეს გარემოება არ გაითვალისწინა.

ლამზირა ხუნდაძის თქმით, სკოლას მიმდინარე თვიდან ერთმევა სასწავლო პროცესის წარმართვის უფლება, რაც იმოქმედებს როგორც ბავშვებზე, ისე მასწავლებლებზე, რომლებიც სამსახურის გარეშე რჩებიან. სკოლაში სურთ, წლის ბოლომდე მაინც მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა.

“სკოლა-ლიცეუმი თავისი უფლებების დაცვისთვის მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას”, – ამბობს დირექცია.

“პოლიტიკურად მოტივირებული”

სკოლის ავტორიზაციის გაუქმება პირველ მარტს მარნეულის რესურსცენტრთან გააპროტესტეს  მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა. აქციაზე გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვეს.

ლამზირა ხუნდაძემ ადგილზე წაიკითხა განცხადება, რომლითაც სკოლის ავტორიზაციის შეჩერება “უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად” შეაფასა.

მისი თქმით, “დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელთა საკუთრებაში არსებული სხვა სკოლების ირგვლივ ბოლო 5 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს”.

აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში 90-იანი წლების პირველი ნახევრიდან მოქმედებს.

ბოლო წლებში ქსელში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არაერთგზის შეჰქმნიათ პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან. მათი უმეტესობა დახურეს, რის შედეგადაც “ჩაღლარის” სკოლებიდან, ამჟამინდელი მოცემულობით, სულ ორი სკოლაა დარჩენილი: თბილისსა და ქუთაისში.

ამ ნაბიჯებს ავტორიზაციის საბჭო ხსენებულ დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევებითა და კანონთან შეუსაბამობებით ხსნიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილში არსებობდა კითხვებიც, ხომ არ იყო განპირობებული საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებები მეზობელი თურქეთის რიტორიკითა და ზეწოლით.

საქმე ისაა, რომ “ჩაღლარის” ქსელი ასოცირებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანის ყოფილი პარტნიორისა და ამჟამად მისი ოპონენტის, აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულა გიულენის სახელთან. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, მის მოძრაობას კი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.  გიულენი ამას უარყოფს.

როგორ ვიწროვდება “ჩაღლარის” ქსელი” საქართველოში

“ჩაღლარის” ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება — ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა — რომელიც თბილისში მოქმედებდა, 2016 წელს, ჯერ კიდევ გადატრიალების მცდელობამდე დაიხურა. თუმცა მოგვიანებით ამ პროცესმა სისტემატური სახე მიიღო.

გადატრიალების მცდელობიდან მალევე, თურქეთის მაშინდელმა გენერალურმა კონსულმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და “ჩაღლარის” ქსელის სხვა სკოლები დაკავშირებული იყო ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ამიტომ იგი აპირებდა, მიემართა საქართველოს მთავრობისათვის ამ სკოლების დახურვის მოთხოვნით.

შაჰინის სკოლაში გამორიცხეს კავშირი გიულენთან და თქვეს, რომ სიმართლე მათ მხარეს იყო. რამდენიმე თვეში სახელმწიფომ სკოლას ავტორიზაცია დარღვევების მოტივით შეუჩერა.

მომდევნო წლებში განათლების სექტორიდან ასევე გაქრა “ჩაღლარის” ქსელში შემავალი სხვა დაწესებულებების ნაწილიც: დემირელის კოლეჯი თბილისში და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი რუსთავში.

პირველ მარტს მარნეულში გამართულ აქციაზე გაიხსენეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეც: აწ უკვე დახურული დემირელის კოლეჯის მენეჯერისა, რომელიც 15 წლის განმავლობაში ეწეოდა საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას.

ჩაბუქი საქართველოს პოლიციამ 2017 წელს დააკავა. თურქული მხარე მას გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და საქართველოს მის გადაცემას სთხოვდა. ჩაბუქი უარყოფდა ბრალდებებს და საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა. საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, სასამართლომ ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით, 2018 წლის ზაფხულში, თურქეთის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში თქვა, რომ “[გიულენის] ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”.

ფატმა ჯერენ იაზგანს მაშინ არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა “ჩაღლარის” ქსელში შემავალ “შავი ზღვის უნივერსიტეტსა” და მის იმჟამინდელ რექტორს, ილიას ჩილოღუს, თუმცა ამ განცხადებიდან მალევე, უნივერსიტეტს დროებით შეუზღუდეს პირველკურსელთა მიღების უფლება, ოფიციალურ მიზეზად კი ფინანსური არამდგრადობა დაასახელეს.

თავად ილიას ჩილოღლუ, რომელსაც თურქეთის მხარე გიულენის მოძრაობის წევრობას ედავება, ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობს. მან “ნეტგაზეთს” 2021 წელს ჩაწერილ ინტერვიუში უთხრა, რომ გრძნობდა მზარდ საფრთხეებს, რის გამოც საქართველოში დარჩენა სარისკოდ მიიჩნია.

“გიულენისტობის” ბრალდებით, 2016 წლიდან დღემდე, თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთში მოქმედი მრავალი სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დახურა. ერდოღანის ხელისუფლება ასევე აქტიურად ცდილობდა და ცდილობს მსგავსი პოლიტიკის გატარებას თურქეთის გარეთაც, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

მთავარ ფოტოზე: აქცია მარნეულის რესურსცენტრთან

მასალების გადაბეჭდვის წესი