ახალი ამბები

სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში ოპოზიცია დაწინაურდა – არჩევნები თურქეთში

31 მარტი, 2024 •
სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში ოპოზიცია დაწინაურდა – არჩევნები თურქეთში

თურქეთში 31 მარტს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ამ დროის მონაცემებით, ოპოზიცია სტამბოლსა და სხვა ქალაქებში დაწინაურდა. განახლებულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთავარი ოპოზიციური ძალა, “რესპუბლიკური სახალხო პარტია” ლიდერობს დიდ ქალაქებში. სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ექრემ იმამოღლუ, რომელმაც არჩევნები 2019 წელს მოიგო, ამბობს რომ შედეგებით ბედნიერია.

“რესპუბლიკური სახალხო პარტიის” კანდიდატი ლიდერობს ანკარაშიც. 2019 წელსვე მოუგო არჩევნები ერდოღანის პარტიას ოპოზიციური გაერთიანება “ეროვნული ალიანსის” კანდიდატმა მანსურ იავაშმა და ანკარის მერი გახდა.

2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ექრემ იმამოღლუ და მანსურ იავაში პოტენციურ ოპოზიციურ კანდიდატებად განიხილებიან.

სტამბოლში პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” კანდიდატი მურატ ქურუმი იყო. კამპანიას ერდოღანი თავადვე უძღვებოდა და ქალაქს სრულიად ახალ ეპოქას ჰპირდებოდა. ერდოღანის გაცხადებული მიზანი იყო, რომ ქალაქს, სადაც გაიზარდა და 90-იან წლებში სათავეშიც ედგა, ოპოზიციას წაართმევდა და დაიბრუნებდა. ერდოღანმა ისიც განაცხადა, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები მისთვის ბოლო იქნებოდა.

ხმის მიცემა საღამოს 5 საათზე შეწყდა მას შემდეგ, რაც სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით რამდენიმე პროვინციაში შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და სამი ადამიანი მოკლეს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, თურქეთის 81 პროვინციიდან 35-ში ოპოზიციური “რესპუბლიკური სახალხო პარტია” ლიდერობს.

ფოტოზე: რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელი კანდიდატი და სტამბოლის მოქმედი მერი ექრემ იმამოღლუ. 30 მარტი. წინასაარჩევნო კამპანია. © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი