ახალი ამბებიკომენტარი

რატომ დავტოვე საქართველო — IBSU-ს ყოფილი რექტორი ემიგრაციიდან ბრალდებებსა და საფრთხეებზე

7 ივნისი, 2021 • 11124
რატომ დავტოვე საქართველო — IBSU-ს ყოფილი რექტორი ემიგრაციიდან ბრალდებებსა და საფრთხეებზე

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ყოფილმა რექტორმა, რომელსაც თურქეთი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრობას ედავება, საქართველო დატოვა და ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობს. ” ილიას ჩილოღლუ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გრძნობდა მზარდ საფრთხეებს, რის გამოც ქვეყანაში დარჩენა სარისკოდ მიიჩნია.

ჩილოღლუ, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, 2014-20 წლებში ხელმძღვანელობდა IBSU-ს. თავის მხრივ, უნივერსიტეტი ერთიანდებოდა  ყოფილი “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელში, რომელიც გიულენის სახელთან არის ასოცირებული.

ქსელი საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს და თავდაპირველად უპრობლემოდ ოპერირებდა: მასში შემავალი “შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტი” 1995 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თანსუ ჩილერმა ერთად გახსნეს.

თუმცა ყველაფერი შეიცვალა 2016 წელს, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის ორგანიზატორადაც ერდოღანის ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობა დაასახელა და მის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო როგორც თურქეთის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. თურქული მხარე ღიად დაუპირისპირდა ჩაღლარსაც, გიულენის სახელთან მისი ასოცირების გამო.

თავად გიულენი ყველა ბრალდებას უარყოფს და დასძენს რომ ყოველთვის ყოველგვარი გადატრიალებების მოწინააღმდეგე იყო.

როგორც ილიას ჩილოღლუ გვიყვება, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 2017 წელს, თურქეთში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით, 2018 წელს კი, მისივე ინფორმაციით, ართვინის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. თურქეთის სახელმწიფო მაუწყებლის, TRT-ს თანახმად, ჩილოღლუ ერთ-ერთია მათ შორის, ვისი ექსტრადიციის თხოვნითაც ანკარამ თბილისს მიმართა.

თავად ჩილოღლუ ბრალდებებს უარყოფს და დასძენს, რომ არც მას და არც IBSU-ს გიულენის მოძრაობასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, გასული საუკუნის მეორე ნახევარში გიულენის თანამოაზრე ბიზნესმენებმა არაერთი საგანმანათლებლო ქსელი დააფუძნეს მსოფლიოს გარშემო, მათ შორის, საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით.

ილია ჭილაშვილი

თავდაპირველად სწორედ ზემოხსენებულმა ბიზნესმენებმა უზრუნველყვეს ფინანსები ქსელში შემავალი დაწესებულებების ასამუშავებლად, თუმცა, ჩილოღლუს განცხადებით, როგორც უნივერსიტეტი, ისე სკოლები, ამჟამად თვითდაფინანსებაზე არიან.

“თურქეთის მთავრობა რას აკეთებს, ამასთან მე რა შუაში ვარ? ჩემს საქმეს ვაკეთებდი და არანაირად არ ვიყავი მათით დაინტერესებული. თურქეთის არხებსაც კი არ ვუყურებდი. საქართველოში ვცხოვრობდი და ასე ვაპირებდი გაგრძელებას. აბსურდია ეს ყველაფერი”, — დასძენს ის.

როგორც ამბობს, მის მიმართ მიმდინარე გამოძიებით განსაკუთრებით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის ზაფხულში თურქეთის ელჩმა საქართველოში თქვა, რომ  “[გიულენის] ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”.

ფატმა ჯერენ იაზგანს მაშინ არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა IBSU-სა და მის იმჟამინდელ რექტორს, ილიას ჩილოღლუს. თუმცა ჩილოღლუსთვის ეს ისედაც ნათელი იყო. ამ განცხადებიდან მალევე უნივერსიტეტს დროებით შეუზღუდეს პირველკურსელთა მიღების უფლება, ოფიციალურ მიზეზად კი ფინანსური არამდგრადობა დაასახელეს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ჩილოღლუ ჰყვება, რომ ჰქონდა ინფორმაცია მზარდი რისკების შესახებ, რომელსაც საქართველოში ყოფნის შემთხვევაში გადააწყდებოდა. ის არ აკონკრეტებს, ვისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია.

“ბოლო პერიოდში, ყოველდღე ვიყავი მოლოდინში, რომ შეიძლება, მოვეტაცებინე. მარტო არ გავდიოდი სახლიდან. ხან ვინ მაკითახვდა, ხან -ვინ. ყოველთვის მივდიოდით იმ გზიდან, სადაც კამერები იყო და ყოველთვის სხვადასხვა გზიდან.

სახლიდან გასვლიდან ნახევარ საათში მეუღლე მირეკავდა ხოლმე, რომ თუ რამე კარგად არ იყო, მეგობრებისთვის ან პოლიციისთვის დაერეკა. მქონდა აპლიკაციაც, რომლის გამოყენებითაც სწრაფად შეიძლებოდა პოლიციის გამოძახება”, — დასძენს ის.

საპასუხოდ კითხვისა, ჰქონდა თუ არა იმედი, რომ საქართველოში დაიცავდნენ, ყოფილი რექტორი დასძენს:

“[საქართველოს სახელმწიფო] ვერ დამიცავდა იმიტომ, რომ მეორე მხარე არანაირ საერთაშორისო სამართალს არ უყურებს”.

ამჟამად ილიას ჩილოღლუ ოჯახთან ერთად სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქ დარჩენილი კოლეგების ბედი ადარდებს.

“მე ჩემს მეგობრებზე, ვინც მანდ ცხოვრობს, ძალიან დიდი შიში მაქვს. ბევრი კი არ დარჩნენ, მაგრამ მათ ძალიან დიდი საფრთხე ელოდებათ. ამიტომ, ყველა ყურადღებით უნდა იყოს ამ თემასთან დაკავშირებით.

იმათ, რომლებმაც ყირგიზეთში ასეთი ცნობილი ადამიანი მოიტაცეს, ეს, მგონი, უკვე ბევრ რამეს ნიშნავს და ყველა ფრთხილად უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტე ამაზე საუბარი. ეს ადამიანები დასაცავები არიან”, — დასძენს ის.

როგორ ცხოვრობენ ჩილოღლუს კოლეგები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, რისი ეშინიათ მათ და რატომ? ამავე თემაზე წაიკითეთ “ნეტგაზეთის” სტატია:

რა მოხდა ყირგიზეთში და რისი ეშინიათ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი