ახალი ამბები

საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

4 ივნისი, 2020 • 4100
საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, რომელიც რუსთავში მოქმედებდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ ავტორიზაცია შეუჩერა. ლიცეუმი 227 მოსწავლით ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

გადაწყვეტილება სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერებაზე საბჭომ 15 მაისს მიიღო Zoom-ში გამართულ ონლაინ-სხდომაზე. პირველ ივნისს გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაწესებულებას ლიცენზია გაუუქმეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების და დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

რატომ შეუჩერეს სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია სხდომის ოქმის მიხედვით

15 მაისს გამართული სხდომის ოქმში საუბარია საკითხებზე, რომლებიც სკოლაში მისულმა ექსპერტებმა პრობლემურად შეაფასეს და საბოლოოდ ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი გახდა. ექსპერტთა თქმით:

  • სასწავლო გეგმა არ იყო ერთიანი; ისინი საუბრობენ პრობლემებზე საათობრივ ბადესა და საკლასო ჟურნალში, შემაჯამებელი სამუშაოების ნაკლებობაზე დაწყებით კლასებში, კარიერის დაგეგმვის პროგრამის არასათანადო დანერგვაზე, შეუსაბამობაზე გაკვეთილების განრიგსა და ფაქტობრივ მოცემულობას შორის და ა.შ.
  • ერთ-ერთი ექსპერტის განცხადებით, სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად სკოლას არ ჰქონდა შემუშავებული მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის იდენტიფიცირების მექანიზმები და პირველადი მართვის სტრატეგიები, რითაც დაირღვა ინკლუზიურ განათლებასა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიკაციის თაობაზე არსებული წესები.
  • მშობელს უფლება ჰქონდა, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, დასწრებოდა გაკვეთილებს, რითაც დაირღვა სასწავლო გეგმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი;
  • მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება დადგენილი წესით არ იყო გაგზავნილი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის.
  • ექპერტის განცხადებით, სკოლის ყველა სართულზე არ იყო მოწყობილი ტუალეტები გოგონებისა და ბიჭებისათვის. სკოლაში არსებულ ყველა ხელსაბანში უზრუნველყოფილი არ იყო ხელის გასამშრალებლისა (ელექტროსაშრობი ან ქაღალდის პირსახოცის დისპენსერი) და ნარჩენების კალათის (უკონტაქტო) ხელმისაწვდომობა. სსმ მოსწავლეებისთვის (როგორც ვაჟი, ისე გოგონა) არ იყო შესაბამისად მოწყობილი სველი წერტილი, არ იყო დაცული სველ წერტილში შესასვლელი მინიმალური ზომები. გამოკრული საევაკუაციო გეგმები არ იყო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში და არ იყო მოშლილი კიბის ქვემოთ მოწყობილი სათავსო. ექსპერტის თქმით, დაწესებულებაში არ ხდებოდა სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი.

სხდომის ოქმის თანახმად, დაწესებულების დირექტორმა ისაუბრა სკოლაში არსებული ხარვეზების შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ დაიწყო არსებული ხარვეზების გამოსწორება. ოქმში მითითებულია სკოლის დირექტორის არგუმენტებიც ექსპერტთა განცხადებების საპასუხოდ. კერძოდ:

  • საბჭოს სხდომაზე დირექტორმა, მარეხ ყანჩაველმა, აღნიშნა, რომ რეკომენდაციები სასკოლო სასწავლო გეგმის ხარვეზებთან დაკავშირებით სკოლამ გაითვალისწინა, კერძოდ, დოკუმენტების დანომვრა – აკინძვასა და შესაბამისი ბეჭდით დამოწმების თაობაზე.
  • მისი თქმით, საათობრივ ბადესთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა მოდელი და გადაიგზავნა დასამტკიცებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
  • დირექტორმა განმარტა დაწყებითი საფეხურის კლასებში შემაჯამებელი დავალებების შესახებ. მისი თქმით, არ იყო ვალდებულება იმისა, რომ 1-4 კლასის მოსწავლეებს შეესრულებინათ შემაჯამებელი დავალებები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
  • დირექტორის განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციამ მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული რამდენიმე ხარვეზი გამოასწორა, რაც დაადასტურა ფოტომასალით საბჭოს სხდომაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებები საბჭომ საკმარისად მიიჩნია დაწესებულების ავტორიზაციის გასაუქმებლად. ვინაიდან სასწავლო წელი მალე სრულდება, საბჭო შეჯერდა, რომ გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიმდინარე წლის 30 ივნისიდან. ანუ სკოლა მიმდინარე აკადემიურ წელს დაასრულებს, თუმცა ახალს ვეღარ დაიწყებს.

”გაეცანით

“გადაჭარბებული ბრალდებები, გულგრილი დამოკიდებულება” – რას ამბობენ სკოლაში?

სკოლამ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა საბჭოს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციის თქმით, სკოლა -ლიცეუმის უფლებების დასაცავად საქმეში ჩაერთო ადვოკატთა გუნდი და გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა სკოლას დროულად აღუდგეს ავტორიზაცია.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მიმდინარე დღეებში სკოლის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება.

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კარდაკარ დადის ჩვენი მოსწავლეების ოჯახებში და დირექტორის სახელით ავრცელებს დეზინფორმაციას სკოლის შესახებ, ცდილობენ მოსწავლეთა და მშობელთა გადაბირებას”, – წერია განცხადებაში.

“ნეტგაზეთი”მეტი დეტალის გასარკვევად სკოლის დირექტორს, მარეხ ყანჩაველს დაუკავშირდა. მისი თქმით, ექსპერტები სკოლაში 21-28 თებერვალს იმყოფებოდნენ. დირექტორმა ექსპერტების დასკვნაში მოცემული მტკიცებები გადაჭარბებულად შეაფასა, თქვა, რომ ის ცრუ ინფორმაციას შეიცავდა და სკოლა სამართლებრივად იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.

“იყო საკმაოდ ბევრი ბრალდება, თუმცა- გადაჭარბებული, ნამდვილად არ არის სკოლაში ისეთი სიტუაცია, როგორც ეს მოცემული იყო დასკვნაში. ამან ჩვენი შეშფოთება გამოიწვია, ნამდვილად. არ შეესაბამება ბევრი რამ სიმართლეს. …როდესაც გაუფრთხილებლად მოდის ვიღაც, იქ შეიძლება, იყოს რაღაც მინიმალური დარღვევა, მაგრამ ეს დარღვევა არანაირად არ იყო საფუძველი სკოლის ასე გულგრილად, ზედაპირულად დახურვისა”, – აღნიშნავს დირექტორი.

ყანჩაველის თქმით, სახეზე იყო მხოლოდ მინიმალური ხარვეზები, რომლებიც მყისიერად, ექსპერტების მიერ სკოლის დატოვებამდე გამოსწორდა და ადმინისტრაციამ ამის ამსახველი დოკუმენტაციაც წარადგინა, თუმცა საბჭოს არ გაუთვალისწინებია ეს ფაქტორი.

“ყველაფერზე ვისაუბრებთ აუცილებლად და დაინტერესებულ პირებსაც ვაჩვენებთ დოკუმენტაციას, რომ მინიმალური ხარვეზები იყო, რომლებიც მყისიერად გამოსწორდა, თუმცა საბჭომ ეს არ გაითვალისწინა. ვინც ექსპერტის დასკვნას წაიკითხავს, სკოლაზე კარგი წარმოდგენა ნამდვილად არ დარჩება. თუმცა, დაბეჯითებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ სკოლა მუშაობს გამართულად, ეროვნულ გეგმაზე დაყრდნობით, ყველა მითითებითა და რეკომენდაციით.

მონიტორინგიც ზუსტად იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომცეს რჩევა, მითითება, გამოსასწორებელი ვადა… ეტაპობრივია ეს პროცესი და, რა თქმა უნდა, ასე ხელაღებით მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო”, – აღნიშნავს ყანჩაველი.

“ნეტგზეთმა” მარეხ ყანჩაველს ასევე ჰკითხა, ხედავს თუ არა კავშირს სკოლის დახურვასა და ჩაღლარის ქსელის გარშემო წარსულში განვითარებულ მოვლენებს შორის. მისი თქმით, ამ ეტაპზე  კომენტირებისგან თავს იკავებს:

“ეს ცოტა დელიკატური თემაა. ამ ეტაპზე, ყველა ტიპის განცხადებისგან მინდა თავი შევიკავო. ბევრი რაღაც, შესაძლოა, ეჭვს იწვევს. ჩვენ ვართ საგანმანათლებლო სფერო, თუმცა, შევეცდებით, სამართლებრივად დავიცვათ ყველა ჩვენი თანამშრომლის, მოსწავლის, მშობლის უფლებები”.

დირექტორის თქმით, სკოლა გადაწყვეტილებას სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრებს, რომელსაც ენდობა და იმედი აქვს, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“მათ[სააპელაციო საბჭოს] ნდობას ვუცხადებთ და ამიტომ, სხვა ტიპის განცხადებისგან [თავს შევიკავებ]. დაველოდოთ მოვლენებს”.

2017 წელს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლის ქონებას, ჩაღლარის ქსელში შემავალ დემირელის სკოლა-კოლეჯთან ერთად, ყადაღა დაედო, რასაც ერთ-ერთი ექსპერტიც აღნიშნავს. მარეხ ყანჩაველის თქმით, საქმე ამ დრომდე განხილვის პროცესშია, თუმცა სასამართლო რამდენჯერმე გადაიდო. საქმეში ჩართულია ექსპერტიზის ბიუროც.

ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის პრობლემები წარსულში

ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი საქართველოში 1994 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც აერთიანებს როგორც უმაღლეს, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ჩაღლარის ქსელში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბოლო წლებში არაერთგზის შექმნიათ პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან. ზოგიერთი მათგანი დაიხურა.

ამ ნაბიჯებს ავტორიზაციის საბჭო ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღმოჩენილი დარღვევებითა და კანონთან შეუსაბამობებით ხსნიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილში არსებობდა კითხვებიც, ხომ არ იყო განპირობებული საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებები თურქული მხარის რიტორიკითა და ზეწოლით.

პროცესები 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. 16 ივლისს – თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე საათში – თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და ჩაღლარის ქსელის სხვა სკოლები დაკავშირებული იყო ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ამიტომ იგი აპირებდა, მიემართა საქართველოს მთავრობისათვის ამ სკოლების დახურვის მოთხოვნით.

უფრო კონკრეტულად, კონსულმა თქვა, რომ აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლას ფეთულა გიულენის მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ზემოაღნიშნული გადატრიალების ორგანიზატორად მოიაზრებს. სკოლაში გამორიცხეს კავშირი გიულენთან: სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე ამბობდა, რომ არ ეშინოდათ, რადგან სიმართლე მათ მხარეს იყო. რამდენიმე თვეში სახელმწიფომ სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა.

ამავე წელს გაქრა ქვეყნის განათლების სექტორიდან ჩაღლარის ქსელში შემავალი კიდევ ერთი პრესტიჟული დაწესებულება – დემირელის სკოლა-კოლეჯი თბილისში: მისი ხელმძღვანელი ჯერ გამოძიებამ დაიბარა, შემდგომ კი შემოსავლების სამსახურმა კოლეჯს 1 206 449 ლარის გადახდა დააკისრა. 2017 წლის თებერვალში დემირელის, ასევე რუსთაველის სკოლა-ლიცეუმისა და აღნიშნული სასწავლებლების დამფუძნებლების ქონებას ყადაღა დაადეს, აგვისტოში კი დემირელის სკოლა-კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერეს. რუსთაველის სკოლა-ლიცეუმის მფლობელი, რეესტრის თანახმად, სწორედ დემირელის კოლეჯია.

ამავე წლის მაისში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმის განხილვა ჩაღლარის ქსელის გარშემო: დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც 15 წლის მანძილზე ეწეოდა საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას. თურქული მხარე მას გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და საქართველოს მის გადაცემას სთხოვდა. ჩაბუქი უარყოფდა ბრალდებებს და საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა. საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, 2018 წლის თებერვალში სასამართლომ ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ჩაღლარის ქსელის კიდევ ერთ დაწესებულებას – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს – პრობლემები 2018 წლის ზაფხულში შეექმნა: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა IBSU-ს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით შეუზღუდა. მიზეზად ფინანსური არამდგრადობა, კერძოდ, სახელმწიფოსადმი არსებული დავალიანება სახელდებოდა. 26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა, თუმცა შეზღუდვა მას მხოლოდ დეკემბერში მოუხსნეს.

სახელმწიფოს არგუმენტების მიუხედავად, საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ უნივერსიტეტის მხარდამჭერები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ავტორიზაციის საბჭოს მიერ IBSU-სთვის დაწესებულ შეზღუდვამდე 4 დღით ადრე, 16 აგვისტოს, თურქეთის ელჩმა საქართველოში სააგენტო “ანადოლუს” უთხრა, რომ თურქეთი “გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თბილისის ქმედებებით ბოლომდე კმაყოფილი არაა.

მან ასევე თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”. ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს.

თურქეთის სახელმწიფოსთან აფილირებული მედია არაერთგზის ახსენებს რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოში, რომლებსაც, თურქეთის სახელმწიფოს მსგავსად, გიულენის მოძრაობის ნაწილად მოიაზრებს. ისინი სხვა დაწესებულებათა გვერდით რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც ასახელებენ.

ჩაღლარის ქსელი საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას ფლობს. მათ შორისაა სკოლები თბილისში, ქუთაისში, მარნეულსა და გორში. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესი საბჭოს 15 მაისის ოქმის თანახმად, სხდომაზე კიდევ ორი საგანმანათლებლო დაწესებულების – გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და თბილისში მდებარე ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმ “სხივის” – საკითხი განიხილეს. მეორე მათგანი “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა. ამ შემთხვევაშიც ექსპერტთა მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს, ადმინისტრაციამ კი თავისი არგუმენტები და გამოსწორებული ხარვეზების ამსახველი მასალა წარადგინა. საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, “სხივის” მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, შესაბამისად, მას ავტორიზაცია შეუნარჩუნდა. 

“გიულენისტობის” ბრალდებით, 2016 წლიდან დღემდე, თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთში მოქმედი ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დახურა. ერდოღანის ხელისუფლება ასევე აქტიურად ცდილობდა და ცდილობს მსგავსი პოლიტიკის გატარებას თურქეთის გარეთაც, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი