ახალი ამბები

ჩაბუქი: პოლიტიკური პატიმარი ვიყავი

19 თებერვალი, 2018 •
ჩაბუქი: პოლიტიკური პატიმარი ვიყავი

დემირელის კერძო კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამბობს, რომ  პოლიტიკური პატიმარი იყო.

“თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ, რაც მოსამართლემ 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

“9-თვიანი პატიმრობის ვადა ამომეწურა, მე ვარ მასწავლებელი და განათლებაზე ვარ შეყვარებული. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებს სიყვარული, მშვიდობა და მეგობრობა ჩაუნერგონ. ტერორიზმისა და დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ. ჩვენი პროექტები და მუშაობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. მთავრობის წევრებისგან, განათლების სამინისტროსგან დადებითად ფასდებოდა ჩემი საქმიანობა. ლეგალურად თუ არალეგალურად, რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები”, – განაცხადა ჩაბუქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობისაგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, თუმცა წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 23 თებერვლამდე ისედაც ეწურებოდა.

ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ჩაბუქის ექსტრადიციაზე თურქეთს უარი უთხრა. პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხის კომენტირებისას, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი