საზოგადოება

როგორ გაიხსენა ბასილაშვილის დედამ 21 მაისის მოვლენები — რეპორტაჟი სასამართლოდან

11 ოქტომბერი, 2022 • 1163
როგორ გაიხსენა ბასილაშვილის დედამ 21 მაისის მოვლენები — რეპორტაჟი სასამართლოდან

4 საათზე დიდხანს გრძელდებოდა ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 11 ოქტომბერს. სასამართლოს წინაშე უკვე მეორედ მისცა ჩვენება ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ.

ის დაცვის მხარის პირველი მოწმეა. პირველ სხდომაზე, რომელიც ასევე რამდენიმე საათს გაგრძელდა, კითხვების ნაწილის დასმა მხოლოდ დაცვის მხარემ მოასწრო, 11 ოქტომბრის სხდომაზე კი კითხვები ქალს პროკურორმაც დაუსვა.

პროკურორის კითხვების ამოწურვამდე პროცესი დაასრულა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ. სასამართლოს არგუმენტი ის იყო, რომ პროცესი ამაზე დიდხანს ვერ გაიწელებოდა.

ორპროცესიანი დაკითხვისას ნატალია ნაჭყებიამ უარყო, რომ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილზე ძალადობდა, ბარათებს მიზანმიმართულად უბლოკავდა ან/და უკრძალავდა მუშაობას. ყველა ამ ბარიერის შესახებ მანამდე ნეკა დოროყაშვილმა თავად ისაუბრა სასამართლოში.

სხდომებზე ნაჭყებიამ ასევე მოყვა არაერთი ეპიზოდი ოჯახის პირადი ცხოვრებიდან, მას ასევე თან ჰქონდა ამონარიდები ნეკა დოროყაშვილთან მიმოწერიდან. ნაჭყებია ამბობს, რომ 2019-2020 წლამდე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ რძალთან.

ეს ურთიერთობა კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნეკამ ქალის მიმართ 2 შემაკავებელი ორდერი გამოწერა, ორივეს შემთხვევაში ფიგურირებდა ბავშვი. პირველი ორდერი 2019 წელს გამოიცა და შემდეგ სასამართლოს გზით გაუქმდა, მეორე კი — 2020 წელს. ქალი ამბობს, რომ ეს მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რადგან ბავშვზე არ უძალადია. თავად დოროყაშვილის თქმით კი, შვილმა მას უამბო, რომ ბებია მასზე ფიზიკურად ძალადობდა. 

ნეტგაზეთი რამდენიმესაათიანი პროცესიდან იმ მონაკვეთს გთავაზობთ, სადაც ნატალია ნაჭყებია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდს აღწერს. ეს ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების დღეა. სწორედ ამ დღეს ნეკა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილების ოჯახში მივიდა. ქალის თანახმად, იქ თავს დაესხა როგორც ბასილაშვილი, ასევე მისი მამა.

2020 წლის 21 მაისი ნატალია ნაჭყებიას სიტყვებით

2020 წლის 21 მაისისთვის, ნატალია ნაჭყებიას თქმით, მათ სახლში, რომელიც ავჭალაში მდებარეობს, იმყოფებოდნენ თვითონ, მისი მეუღლე ნოდარ ბასილაშვილი, შვილები — თენგიზ და ნიკოლოზ ბასილაშვილები და კარლოტა — ბასილაშვილის ამჟამინდელი საცოლე.

ქალის თქმით, ამ დღეს ბასილაშვილს შვილი სახლში უნდა მოეყვანა, თუმცა ამბობს, რომ წინა ვიზიტების, მათ შორის 2019 წლის 17 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ, მათ ჰქონდათ განცდა, რომ დოროყაშვილი „პროვოკაციას გეგმავდა“. შესაბამისად, მისი შვილიც ბავშვს მხოლოდ სოცმუშაკთან ან სოცმუშაკის ინფორმირების შემდეგ ნახულობდა. ქალი ამბობს, რომ ოჯახმა თავად ურჩია სპორტსმენს, სიფრთხილე გამოეჩინა.

„[21 მაისს] ნიკა წავიდა, ვიცოდით, რომ ბავშვი უნდა მოეყვანა. ის წავიდა თენგოსთან ერთად ( ჩემი უფროსი შვილი), რამდენადაც ვიცი, მივიდნენ იქ [ნეკას სახლში]. ცოტა ადრე ველოდი მის დაბრუნებას, მაგრამ რატომღაც დრო გაიწელა. მოვიდა შემდეგ ნიკა და ლუკასი, თენგო კი არ მოსულა. მე სამზარეულოში ვიყავი, მოვიდა ნიკა და მითხრა, რომ სადილი გამეწყო. და თან რაღაც ნელიც… და მაშინ მითხრა ასევე, რომ წინა ვიზიტის დროს ნელიმ მისწერა მას ისეთი მესიჯები, რომელიც ადასტურებდა, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო ნელი. აპირებდა ჩვენთან მოსვლას, მემუქრებოდა მე. ძალიან უარყოფით კონტექტსში მომიხსენიებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა. მე ვამშვიდებდი ნიკას“, — ამბობს ნაჭყებია.

კითხვაზე, რატომ არ დაბრუნდა თენგიზ ბასილაშვილი ძმასთან ერთად, ნატალია ნაჭყებია პასუხობს, რომ სახლის შიდა პერიმეტრისთვის კამერების შესაძენად წავიდა, რადგან „ნიკამ სთხოვა, წასულიყო“.

„გასაგებიც იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ამას ისიც დაემატა, რომ ნიკა როცა მოვიდა.. ვიცოდი, სოციალური მუშაკი უნდა წამოჰყოლოდა ნიკას ბავშვთან ერთად. რომ მოვიდა და ვერ დავინახე სოციალური მუშაკი, მითხრა, სოციალურ მუშაკს დავურეკე, რომელმაც წამოყოლაზე უარი მითხრა, რადგან დედამ [ნელიმ], მე თვითონ უნდა მივიდეო. ეს კიდევ უფრო ნათელს ხდიდა, რომ [ნელის ჩვენს სახლში უნდოდა მოსვლა].

უკვე შემდეგ რაც  მოხდა, ქალმა რამდენჯერმე მოყვა. მისი თქმით, შიგნით, სახლში იყო, როდესაც ნელი დოროყაშვილი სახლში მივიდა. ხმაურზე მეორე სართულის აივანზე გავიდა, საიდანაც დაინახა მხოლოდ ის, რომ დოროყაშვილი „ეჯაჯგურებოდა მანქანის კარს“, სადაც ბასილაშვილი იჯდა. ამბობს, რომ დოროყაშვილის დაწყნარება სცადა, მან კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„როგორც მახსოვს, ნიკამ ნელის მიაწოდა ბავშვი, ნელი გამოვიდა, მანქანის  კუთხესთან დადგა, ნიკაც მოვიდა და მახსოვს, რომ ნიკა ეუბნებოდა, სახლში არ შეხვიდე, არ შეხვიდე სახლშიო. ნელის ბავშვი ხელში ჰყავდა და წამოვიდა სახლის მიმართულებით“, — ამატებს ის.

„ჩამოვედი, დავკეტე ჭიშკარი. მე შემდეგ არ დამინახავს, მოვიდა ნიკა და ნიკამ მითხრა, რომ მე ჩავაყენე [ნელის მამა] საქმის კურსში, ვთხოვე, ბავშვის თანდასწრებით ასეთი რაღაც არ მომხდარიყო, თუმცა არ გაიზიარაო და ძალიან ნაწყენი იყო ნიკა. ეს რომ მოხდა, დავურეკეთ ჩვენს ადვოკატებს, ჩავაყენეთ საქმის კურსში.

გვითხრეს, რომ ჩავსულიყავით პოლიციაში და განგვეცხადებინა, რომ აღარ მისულიყო. რომ ასეთი მსგავსი სიტუაცია… ამის დამადასტურებლად ჩემი ბიჭი მოვიდა და ამოიღეს ამ პერიმეტრზე ჩანაწერი [იგულიხმება მეზობლის კამერა] და წაიღეს პატრულში ამის მოთხოვნით, რომ შემდგომი ვიზიტი აღარ განეხორციელებინა ნელის. მაგრამ მოხდა ისე, რომ იქ უკვე დახვდნენ ნელი თავისი უფლებადამცველებით და მე გამაკვირვა, ასე მოკლე დროში როგორ მოახერხეს. პოლიცია ჩვენ სახლიდან არის 10 წუთში“, — თქვა სასამართლოზე ბასილაშვილის დედამ.

კითხვაზე, ძალადობა მოხდა თუ არა იმ დღეს, ქალმა უპასუხა, რომ გააჩნია, ძალადობაში რა იგულისხმება:

 „ძალადობა იყო, თუ ჩავთვლით ნელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ნამდვილად იყო. ნიკას მხრიდან – რა თქმა უნდა, არ იყო არავითარი. არანაირი, არც ხმამაღალი ნათქვამი, არც ყვირილი, არც შენიშვნის მიცემა აგრესიულად. მსგავსი არაფერი იყო“.

სად იყო კარლოტა? — განსხვავებული პასუხები გამომძიებელთან და სასამართლოში

ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რაზეც პროკურორი დიდხანს ეკითხებოდა ნაჭყებიას – ბასილაშვილის პარტნიორის, კარლოტას ადგილმდებარეობაა. ქალი ამბობს, რომ კარლოტა უცხოეთიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა და მათთან ავჭალაში რჩებოდა. სასამართლოზე ჩვენების მიცემისას მან თქვა, რომ კარლოტა იმყოფებოდა სახლის ეზოში არსებულ სპორტული კომპლექსის მე-3 სართულზე.

თუმცა 2020 წლის 22 ივნისს გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში არ არის ნათქვამი, რომ იმ დროს ადგილზე კარლოტაც იყო. ნაჭყებიას თქმით, გამომძიებელმა ჰკითხა, ვისთან ერთად ცხოვრობდა – რაზეც ოჯახი დაასახელა – „კარლოტა იყო იმ ეტაპზე სტუმარი, ახლა კი არის ოჯახის წევრი. მაშინ იყო ჩამოსული ერთი თვით, იყო ნიკას მეგობარი. ახლა არის ნიკას საცოლე, ჩვენი ოჯახის წევრი”.

ქალი ამბობს, რომ კარლოტა 21 მაისის ღამით სახლში იყო. თუმცა ბასილაშვილის დაკავების შემდეგ, ერთ-ერთი ღამე მის მეორე ვაჟთან და რძალთან გაატარა, რადგან აღელვებული იყო.

სპორტსმენის დედის მონათხრობითვე, ბასილაშვილის შვილი კარლოტას მანამდეც, 16 მაისს, შეხვდა და ბავშვთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატებთან ერთად. ფოტო: სქრინი „ფორმულას“ ლაივსტრიმიდან

ბასილაშილის დედამ სასამართლოზე პროკურორის კითხვის პასუხად გაიმეორა, რომ როდესაც 21 მაისს ნელი დოროყაშვილი მათთან მივიდა, თავად ვერანდაზე იყო და არ დაუნახავს, რა ვითარებაში გააცილა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილი. 

ნატალია ნაჭყებიას თქმით, ქვევით, ეზოში იმ დროს ჩავიდა, როცა ნელი წასული იყო და ეზოში გარედან შემოვიდა აღელვებული ნიკოლოზი.

„ეზოში ვართ, ასე მახსოვს, და ვსაუბრობთ. მეც ცალკე დავურეკე, ნიკამაც დაურეკა და ნოდარმაც დაურეკა ადვოკატს, ვსაუობრობთ. ასეთი სიტუაცია არის და არ გვინდა, რომ ხელმეორედ მოვიდეს [ნელი დოროყაშვილი].

მე ნელის შემდგომი ნაბიჯები ვერ წარმოვიდგინე, რაც გააკეთა. ჩვენ მოცემულობაა ის, რომ ხელახლა არ მოვიდეს და არ მოაწყოს ასეთი სკანდალი, მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქე, სტუმარია ჩვენთან“, — თქვა ბასილაშვილის დედამ.

მისივე თქმით, კარლოტამ ყველაფერი დაინახა მესამე სართულიდან და იყო შეშფოთებულიც. იგი არ წაჰყოლია სხვებს პოლიციაში. საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა ავჭალის სახლი დატოვა და ბასილაშვილი პოლიციის განყოფილებაში ჩავიდა, სპორტსმენი დააკავეს. დაკავებამდე მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა დედას, თუმცა არ უთქვამს, რა ბრალდებით აკავებდნენ.

პროკურორმა მას ჰკითხა, არ დაინტერესდა, თუ რატომ დააკავეს მაშინ, როცა პოლიციაში წავიდა ნელის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად. აღნიშნულზე ნაჭყებიამ უპასუხა:

„პირველი ემოცია, ეს იყო აღშფოთება, სიბრაზე როგორც ჩემი, ისე ოჯახის ყველა წევრის. ეს იყო ძალიან დიდი უსამართლობის, დაუცველობის განცდა, რაც დაგვეუფლა ყველას. მეც, კარლოტასაც და ყველას“.

ნაჭყებიას თქმით, მათთან მალევე მივიდა პოლიცია და განუმარტა საქმის ვითარება.

„პოლიცია როდესაც მოვიდა, ქალბატონი, მან განმიმარტა, რატომ იყო ნიკა დაკავებული. და მე ავუხსენი, რა სიტუაცია იყო, მითხრა, რომ ალბათ გაურკვევლობაა, ყველაფერი გაირკვევა და გაუშვებენო. დამაიმედა კიდეც“, — თქვა ბასილაშვილის დედამ.

მას პროკურორი ჩაეკითხა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისწერა დაკავების შესახებ, დაახლოებით მაინც იცოდა თუ არა, რა ბრალდებით შეიძლება ყოფილიყო ის დაკავებული, ნატალია ნაჭყებიამ უპასუხა:

„მე აგიხსენით, ჩვენ გვეშინოდა, რომ არ მოეწყო პროვოკაცია. ამ პროვოკაციის შედეგი დადგებოდა ის, რომ ნიკოლოზს დააკავებდნენ…“

მისივე თქმით, არ ახსოვს, იმ დროს ახლოს იყვნენ თუ არა მათი მეზობლები.

ამასთანავე, ქალმა თქვა, რომ ნელიმ მისვლისას ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ „ხმამაღლა ვერ გაიმეორებს“. კონკრეტული შეურაცხმყოფელი სიტყვა მან მოსამართლის წინ ფურცელზე დაწერა. ჩვენებაში წერია მხოლოდ ის, რომ ნეკა დოროყაშვილმა ასე მიმართა: „პრივეტ ნატო, შენთან არ მოვუსლვარ, შეეთრიე სახლში“.

„მე პოლიციელს ვუთხარი ეს სიტყვა და მან მითხრა, არ არის საჭირო. ჩავწერ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოო. არ დაუკონრკეტებია ეს სიტყვა“, — განმარტა ნატალია ნაჭყებიამ.

„მის დანახვაზე აგრესია გამოხატა ჩემმა მეუღლემ და უთხრა, წასულიყო ჩვენი სახლიდან. სხვა რაიმე შეურაცხყოფა არ მიუყენებია ჩემს მეუღლეს ნელისთვის.

გაბრუნდა ჩემი ყოფილი რძალი ბავშვით ხელში, გავიდა ეზოდან და გაჰყვა ჩემი შვილი ნიკოლოზი. მე უკვე აივანზე აღარ ვიდექი. ჩემი მეუღლე რომ ანერვიულდა, აივნიდან ჩამოვედი დაბლა და მივედი ჩემს მეუღლესთან, რომელიც დაახლოებით ერთ წუთში შემობრუნდა სახლში.

ეზოს გარეთ რა მოხდა, არ ვიცი, არ დამინახავს. ჩემმა მეუღლემ ჩაკეტა ჭიშკრის კარები მას შემდეგ, რაც ნელი გავიდა გარეთ და ჩვენ დავრჩით შიგნით“, — ასევე წერია ქალის ჩვენებაში, რომელიც მან გამომძიებელს მისცა.

პროკურორის კითხვაზე, რატომ არ უთხრა ქალმა გამომძიებელს თავისი ინიციატივით ის, რომ სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი მოწმე, კარლოტა, ნატალია ნაჭყებიამ უპასუხა, რომ არ ჰქონია შეხება გამოძიებასთან არასდროს და „არც ვიცოდი, ასეთი სიზუსტე თუ იყო საჭირო. არც მიფიქრია“.

შემდეგი სხდომა 13 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის მუხლით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილი და მისი ოჯახი უარყოფს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს.

დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი, ის ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.

პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სპორტსმენი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ბასილაშვილის საქმეზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის რეპორტაჟები სასამართლოდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი