საზოგადოება

„მუცელში წიხლებს მირტყამდა, მითრევდა თმით, საჭმელს თავზე მასხამდა“ – ნეკა დოროყაშვილის ჩვენება

16 აგვისტო, 2022 • 4554
„მუცელში წიხლებს მირტყამდა, მითრევდა თმით, საჭმელს თავზე მასხამდა“ – ნეკა დოროყაშვილის ჩვენება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე პირველი ჩვენება ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა ნეკა (ნელი) დოროყაშვილმა მისცა და უპასუხა ბრალდების (პროკურორის) კითხვებს. მან რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაზე, რომელსაც, მისი თქმით, სპორტსმენისგან წლების განმავლობაში განიცდიდა.

დოროყაშვილმა გაიხსენა ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის, დეტალურად აღწერა 2020 წლის 21 მაისის მოვლენები – ის დღე, როდესაც მან პოლიცია გამოიძახა, რასაც მოჰყვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ბასილაშვილის დაკავება. ჩვენების მიცემისას დოროყაშვილი შესამჩნევად ღელავდა, მან რამდენჯერმე იტირა და განმარტა, რომ მისთვის ამის შესახებ საუბარი განსაკუთრებით მძიმე იყო.

სხდომის დაწყებამდე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ქალს შესთავაზა, რომ რაკი საქმე ოჯახში ძალადობასა და მისთვის სენსიტიურ შინაარსს შეიცავდა, პროცესი მედიისთვის დახურულიყო.

„ვარჩევდი, რომ იყოს საჯარო, რადგან საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები და არ იყოს განცდა, თითქოს რაღაც ვმალავ“, – უპასუხა დოროყაშვილმა.

სხდომა ხვალ, 11:00 საათზე უნდა გაგრძელდეს. ნეკა დოროყაშვილს კითხვებს დაუსვამს დაცვის – ანუ ბასილაშვილის მხარე.

განახლება: 17 აგვისტოს ჩანიშნული პროცესი გადაიდო 13 სექტემბრამდე.

„მეუბნებოდა, მე ვარ მეფე, შენ ქვეშევრდომი. უნდოდა დავმორჩილებოდი“

„სულიერად ვიტანჯებოდი“, – ამბობს ნელი დოროყაშვილი ჩვენების მიცემისას.

პირველი, რასაც ის იხსენებს, 2011 წელი და ქორწინების დღეა. ქალი ამბობს, რომ მანამდე ბასილაშვილთან კომფორტულად იყო, ქორწინების დღეს კი აღმოაჩინა, რომ სხვა ადამიანის გვერდით იჯდა.

ქალის მტკიცებით, წლების განმავლობაში ძალადობა პროგრესირებდა, 2015 წლიდან კი უკვე ფიზიკური სახე მიიღო. აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩამოაშორა სწავლას, სამაგისტრო განათლებას – „რადგან მამაკაცი მე ვარო“, ასევე, მეგობართა ნაწილს. ქალის მონაყოლის თანახმად, მათ ჰქონდათ საერთო საბანკო ანგარიში, რომელსაც კონფლიქტების შემდეგ ბასილაშვილი ბლოკავდა და, შესაბამისად, იბლოკებოდა შემოსავლის ერთადერთი წყარო. საკრედიტო ბარათების დაბლოკვის შესახებ საუბრობენ საქმის ფარგლებში გამოკითხული სხვა მოწმეებიც.

„მახსოვს, ერთხელ კონფლიქტის შემდეგ წამოწოლილი ვარ. უბრალოდ მინდოდა, რომ გაჩერებულიყო, გავრიდებოდი. ამ დროს, გამოიღო ცივი წყალი და ჩამასხა ყურში. თმით თრევა, საჭმლის თავზე გადასხმა ეს ყველაფერი ხდებოდა.. მერე ნელ-ნელა მძიმდებოდა,“

დოროყაშვილის თქმით, სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წელს, ბავშვის გაჩენის შემდეგ – „მარწმუნებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ გიჟი ვარ. მისი ოჯახის წევრებიც ამბობდნენ, რომ ქალი ორსულობის შემდეგ გიჟდებაო“. ის ამბობს, რომ ბავშვი პატარა წონით დაიბადა, რაზეც ქმრის ოჯახისგან მიიღო შეფასება, რომ ის „უდღეურია“, თავად კი- „უჯიშო“.

ქალის თქმით, 2015 წელს, ერთ-ერთი საჩოგბურთო ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ, ბასილაშვილმა მას სცემა – „ხელზე დაიხვია ზაფხულის საბანი და მირტყამდა, მითრია თმით. კარადაზე მიმარტყმევინა თავი. იმდენად არაადამიანურად მექცეოდა, ვფიქრობდი, შეუძლია სიცოცხლეს გამომასალმოს-მეთქი. შემდგომ პატიება მთხოვა“.

ნეტგაზეთი ნელი დოროყაშვილის ჩვენების ძირითად ნაწილს გთავაზობთ, ძალადობის იმ ეპიზოდებს, რომელსაც ქალი აღწერს:

2018 წლის 28 აგვისტო

ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც ქალი ჩვენებისას აღწერს, 2018 წლის 28 აგვისტოს ეხება. ამ დროისთვის ორივე მათგანი ტურნირის ფარგლებში ნიუ-იორკში უნდა ყოფილიყო. სანამ ეს მოხდებოდა, ნეკა დოროყაშვილი იხსენებს, რომ კონფლიქტი მოუვიდათ დიდ თანხაზეც, რომელიც საოჯახო ანაბრიდან ისე გამოიტანეს, რომ მაშინდელმა ქმარმა საქმის კურსში არ ჩააყენა.

ქალი იხსენებს, რომ რაკი ბასილაშვილი ადრე დგებოდა კორტებზე მისასვლელად, ისინი ადრე იძინებდნენ. ერთ დღეს კი, როდესაც წყვილი დათქმულ დროს უნდა შეხვედროდა ერთმანეთს და სასტუმროში ერთად უნდა ასულიყვნენ, დოროყაშვილმა ბასილაშვილი ვერ იპოვა – „არ მპასუხობდა, 2-3 საათი ველოდი“. დოროყაშვილი დაბრუნდა სასტუმროს ნომერში, სადაც უკვე შემდგომ მივიდა ბასილაშვილიც.

„შემოდის, ძალიან აგრესიული სახით და ძალიან შემეშინდა. არაჯანსაღი სახით მიყურებდა. რომ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ცინიკურად ჩაეცინა. ცოტა შემეშინდა ასეთი პასუხის“, – იხსენებს ქალი და ამბობს, რომ ამის შემდეგ ბასილაშვილმა მას უთხრა „ვეღარასდროს გაბედავ რაიმეთი დაინტერესებასო“.

დოროყაშვილის თქმით, მანამდე ბასილაშვილსა და მის ოჯახს შორის საუბარი იყო იმ დიდ თანხაზე, რომელიც საოჯახო ანგარიშიდან გამოიტანეს. დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც ქალი იხსენებს, რომ სპორტსმენმა მასზე ფიზიკურად იძალადა:

„მქონდა გრძელი თმა და მათრევდა თმით, მირტყამდა წიხლებს მუცელში, ხელებს მირტყამდა. ჩავწექი ლოგინში, ვეუბნებოდი, რატომ აკეთებ ამას-მეთქი. დავიწყე გადაღება. ამ დროს დაიწყო ჩალაგება, რომ მორჩა, ჩოგნის ჩანთა, რომელიც ძალიან მძიმეა – მესროლა. მძიმე ჩანთაა, ბავშვს რომ მოხვდეს, შეიძლება მოკლას“.

ჩვენების თანახმად, ძალადობის შემდეგ ბასილაშვილმა დატოვა რამდენიმე დღით. ქალის თქმით, იმისთვის, რომ ფიქრები გადაეტანა და ასეთი მძიმე არ ყოფილიყო მისი ემოციური ფონი, მოდელების ე.წ. ქასთინგებზე დაიწყო სიარული. ამასობაში ბასილაშვილმა მას სთხოვა შეხვედრა. შეხვედრა შედგა ჯერ საჯარო ადგილას, შემდეგ კი, ნომერში. დოროყაშვილი ამბობს, რომ უარი თქვა ბასილაშვილთან ერთად თბილისში დაბრუნებაზე. იგი ქვეყანაში დაახლოებით 1 კვირის შემდეგ დაბრუნდა.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ანგელოზივით მელაპარაკებოდა და მებოდიშებოდა”. თუმცა თბილისში დაბრუნების შემდეგ – „როგორც კი მოვიხურე მანქანის კარი, გახდა ისევ ისეთი ნიკოლოზი, როგორიც მანამდე. დაიწყო აგრესია, ჩემი ლანძღვა“.

2019 წლის პირველი და 30 აპრილი

დოროყაშვილი ჩვენების მიცემისას 2019 წლის აპრილის ორ დღეს – პირველ და 30 აპრილს იხსენებს.

იგი ამბობს, რომ პირველ აპრილს ჯერ კიდევ თანაცხოვრებაში მყოფ წყვილთან სტუმრად ბასილაშვილის დედა მივიდა.

„მე ყავის გასაკეთებლად ვიყავი სამზარეულოში და მესმოდა საუბარი. ასევე მესმოდა, რომ ჩემი შვილი მაკრატელს ურტყამდა მაგიდას [ავტორისგან: დოროყაშვილის ადვოკატის ცნობით, საქმეში დევს ვიდეოც, რომელიც ბასილაშვილის დედამ ამ დღეს გადაიღო. მასზე ასახულია არასრულწლოვანი]. შემოვედი ოთახში, ამასობაში დავჭერი ნამცხვარი, როგორც მახსოვს. რომ შემოვედი, ბავშვმა გადმოაგდო ვაზა, ხმამ შეაშინა და ტირილი დაიწყო. ავიყვანე ხელში, დედამთილმა კი მითხრა, რომ ცუდი დედა ვარ, რადგან ბავშვი არ დავსაჯე. ვუთხარი, ამისთვის არც დავსჯი, რადგან შემეცოდა-მეთქი“, – იხსენებს დოროყაშვილი.

ქალი ჰყვება, რომ ამას მოყვა კონფლიქტი, რომლის დროსაც ბასილაშვილმა ხელი გადაუგრიხა. კონფლიქტი გაამძაფრა იმანაც, რომ ქალის თქმით, ამას ემატებოდა პრობლემები პირად ცხოვრებაში.

ნეკა დოროყაშვილის ჩვენების თანახმად, მომდევნო შეხვედრა ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის 30 აპრილს შედგა. ამ პერიოდისთვის ბასილაშვილისა და დოროყაშვილის თანაცხოვრება დასასრულისკენ მიდიოდა. წყვილი კეკელიძის ქუჩაზე საკუთარ მანქანებით შეხვდა ერთმანეთს.

„მითხრა, გადმოდი, ჩემს მანქანაში ვისაუბროთო. გადავედი. თავიდანვე აგრესიული იყო. მლანძღავდა, მეუბნებოდა, ტელეფონში რა გაქვსო. ტელეფონში მართლაც მქონდა ძალადობის ამსახველი მასალები, თუმცა მან ეს არ იცოდა. ვფიქრობ, ეჭვობდა, რომ ეს ასე იყო. ცდილობდა ტელეფონი გამოერთმია. დაიწყო წიხლების ჩარტყმა, ძალადობა.. ჩვენ წინ კედელი იყო, რაღაც მომენტში დააჭირა პედალს. ვიფიქრე, რომ აფექტურ მდგომარეობაშია, შეიძლება შეეჯახოს.. მე საჭე შემოვატრიალე.

მარტყამდა ფეხს, ძალადობდა.. მე ტელეფონი გადავაგდე ფანჯრიდან და გავიქეცი, ჩავჯექი ჩემს მანქანაში. თუმცა ჩემს მანქანას წინ და უკან უკვე სხვა მანქანები ედგა გვერდით. დავინახე, რომ ნიკოლოზი მანქანით მომიახლოვდა და გზა ჩამიკეტა. მანქანიდან ამოიღო რკინის ყუთი და მეუბნებოდა, კარი გამიღე, თორემ ჩაგილეწავ მინებსო. ძალიან შემეშინდა, გადმოვხტი და გავიქეცი. მანქანა კი დაქოქილი დავტოვე. უკვე შორიდან [დისტანციური გასაღებით] მოვახერხე მანქანის ჩაკეტვა. იქვე სუპერმარკეტში შევედი და ვთხოვე, საწყობში შევეყვანე. ვთხოვე, გაეხედათ, ვინმე იყო თუ არა გარეთ და გამოეძახებინათ ტაქსი და სანამ არ წავიდოდა ის ტაქსი, თავადაც არ წასულიყვნენ.

ჩავჯექი მანქანაში და გავედი ისანში, ჩემს მეგობართან, ცოტნე მოხევიშვილთან. ცოტნემ შენიშნა, რომ ხელზე დაზიანებები მქონდა. ერთ საათში მომდის მესიჯი „შენ შენს შვილს თვალით ვეღარ ნახავ“.

ჩვენების მიხედვით, ამ პერიოდისთვის პატარა ლუკასი (დოროყაშვილისა და ბასილაშვილის საერთო შვილი) ნელის დედასთან იმყოფებოდა. ბასილაშვილმა ის ბებიისგან გამოიყვანა – „ოღონდ იმ დროისთვის, დედაჩემმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რა ხდებოდა. არც ვთქვი თავიდან, არ მინდოდა ენერვიულა“.

დოროყაშვილი მიუთითებს დაზიანებებს, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი კონფლიქტისას ბასილაშვილისგან მიიღო. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„დავიწყე მათი ძიება. დიდხანს ვეძებდი, ვურეკავდი. ვურეკავდი ასევე მისი ოჯახის წევრებს. ბოლოს რაღაცნაირად დავაბრუნებინე შვილი და თანაცხოვრება შევწყვიტეთ“, – აცხადებს ნეკა დოროყაშვილი.

ამ ეპიზოდებზე საუბრისას ის ასევე იხსენებს სხვა კონფლიქტებს, რომელსაც ოჯახის ნაცნობები შეესწრნენ. თუმცა აქვე დასძენს, რომ ფიზიკური ძალადობა საჯაროდ არასდროს მომხდარა. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს ქალი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვის დაძინება დიდხნიანი მცდელობის შემდეგ შეძლო – „ჩხუბისას ნიკოლოზმა მძინარე ბავშვს ფანარი ჩაანათა თვალებში“.

2020 წლის 21 მაისი

ბასილაშვილი და დოროყაშვილი ოფიციალურად ერთმანეთს 2020 წელს დაშორდნენ. 2020 წლის თებერვალში კი ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც 30-დღიანი ვადა ჰქონდა.

„ნიკოლოზის დედა ეუბნებოდა [ბავშვს], დედასთან არ წახვიდე, მგლები არიან. ერთხელ უთხრა, შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი და მომიყვა, როგორ დაარტყა თავში. მივმართე სოციალური მომსახურების სააგენტოს, დაინიშნა სოციალური მუშაკიც და ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. გამოიწერა ორდერი“.

ამ პერიოდისთვის წყვილი დაშორებული იყო და მათ დაყოფილი ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეებიც. თუმცა ქალი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა აწ უკვე ყოფილი ქმრისგან არ წყდებოდა. არ წყდებოდა ასევე მისი კონტროლის სურვილიც.

ბასილაშვილს ლუკასის ნახვა კვირაში 2 დღის განმავლობაში შეეძლო. ჩვენების მიცემისას დოროყაშვილი ხაზს უსვამს, რომ არასდროს ზღუდავდა ბავშვის ნახვას და არსებობდა დამატებითი დღეები, რომელთა განმავლობაშიც ბავშვი ბებია-ბაბუასაც ნახულობდა.

დოროყაშვილი აღნიშნულ პერიოდზე საუბრისას იხსენებს ორ ეპიზოდს. მისი თქმით, ერთხელ ბავშვი მამამ წაიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ მას გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჰქონდა ბავშვი – „უშარვლოდ, ჩასველებული და მშიერი“ დაუბრუნეს. ქალის თქმით, ამ დღეს ბავშვმა ყოყმანის შემდეგ გაანდო:

„ნიკამ რაღაც მითხრა, ოღონდ არავის უთხრაო. ვიღაც გოგო უნდა გაგაცნო. ეს შენი მეორე დედა იქნებაო. არ არსებობს მეორე დედა-მეთქი, ვუპასუხე“.

ამის შემდეგ, ქალი ჰყვება, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ბასილაშვილთან და „ცუდად, უხეშად მოვიხსენიე დედამისიც“. მან სცადა გაერკვია, რატომ იყო მცირეწლოვანი მშიერი – „ვკითხე, ან საჭმელი რატომ არ გამოიძახე, ან მე რატომ არ მითხარი, მე გამოვიძახებდი-მეთქი“.

ამავე თვის 21 მაისს ბავშვს მამასთან უნდა გაეტარებინა დრო, მანამდე კი, დოროყაშვილის თქმით, კონტაქტი ჰქონდა სოციალურ მუშაკთან – „გარანტია მომცა, რომ ნიკოლოზი არ ახსენებდა „მეორე დედას“, რადგან ეს ბავშვს სტრესავდა“. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ბასილაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა, თუმცა ბავშვი თავდაპირველად არ გაჰყვა, რადგან მეგობართან ერთად თამაშობდა – „აქ მოვიდეს ნიკაო“.

დოროყაშვილი იხსენებს, რომ დაახლოებით 30 წუთით ნიკოლოზი გაქრა, შემდეგ კი დაბრუნდა. დოროყაშვილი ამბობს, რომ უკვე შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამ საუბარს ყოფილი მეუღლე იწერდა.

„ბავშვს ჰქონდა გაუცხოება მამასთან და ეძახდა ნიკას, ვცდილობდი, რომ ეს დაძაბულობა არ ყოფილიყო. ვეუბნებოდი, წაჰყევი მამიკოს და 2 საათში მოგაკითხავთ. ეს იმ ჩანაწერშიც უნდა იყოს. მშვიდად გავაცილე, დავურეკე სოცმუშაკს. მალევე გავედი წამოსაყვანად, რადგან ჩემი სახლიდან ნიკოლოზის ოჯახის სახლამდე დაახლოებით 40 წუთია. იქ მივედი ტაქსით“.

ჩვენების თანახმად, ქალი ჭიშკართან დადგა და იქიდანაც ხედავდა, რომ ბავშვი ვერანდაზე იმყოფებოდა. ასევე ესმოდა „ყვირილის მაგვარი ხმაც“.

„გაიღო ჭიშკარი, მოდის ნიკოლოზი აგრესიული სახით, მიჰყავს ბავშვი. თან ბუტბუტებს, ანდრიასთან მივდივართო, რაც ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა. მივყვები, ნიკოლოზი მიდის თავის მანქანასთან. ვიფიქრე, თავად გვაბრუნებდა. უცბად ნიკოლოზმა გახსნა კარი, ჩასვა შვილი, ჩაკეტა მგზავრის მხარე და თავად ჩაჯდა მძღოლის სავარძელში. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი.

ბავშვმა როცა გააცნობიერა, რომ ჩაიკეტა, დაიწყო ტირილი, ხელებს დებდა მინაზე. ვეუბნებოდი, გთხოვ, ამიხსენი, რა ხდება-მეთქი. მეშინოდა მისი აფექტურობის და ასევე იმის, რომ ბავშვს სპაზმი არ დასწყებოდა. მან სახეში შემაფურთხა, მითხრა, ბავშვს არ გაგატანო. ამ დროს მესმის ნიკოლოზის დედის ხმაც. შევტრიალდი და ვუთხარი, შენთან არ მოვსულვარ-მეთქი.

მივედი მანქანასთან, მივხვდი, რომ ქოქავს მანქანას. ვცადე კარის გაღება. ნიკა აყვირდა, მლანძღავდა, ბავშვი კი ტიროდა, უნდოდა ჩემთან. კარი გააღო და მისი ფეხი მომხვდა ფეხში, ვიგრძენი ხელში ტკივილი და თავში დარტყმა. იყო შეშინებული, ეწყებოდა სპაზმი. ვიცოდი, რომ ნიკოლოზის ეზოში იყო წყალი, დავიძახე, წყალი დავალევინოთ-მეთქი. ამ დროს დავინახე, რომ ეზოში ნიკოლოზის მამა ხის საგნით წამოვიდა ჩემკენ, მემუქრებოდა ორივეს სიცოცხლის მოსპობით“.

დოროყაშვილის მონათხრობის თანახმად, შეძლებისდაგვარად სწრაფად დატოვა ტერიტორია ბავშვით ხელში. გზაში მას დაეწია ბასილაშვილი და ბავშვის წართმევა სცადა. თუმცა ქალმა ამის საშუალება არ მისცა. შემდგომ ჩაჯდა მომავალ მანქანაში და სთხოვა მძღოლს, უახლოეს მაღაზიამდე მიეყვანა, სადაც შეძლებდა ბავშვისთვის წყლის ყიდვას.

მანქანაში დოროყაშვილმა დაურეკა მეგობარს და აღელვებულმა უთხრა, რომ პოლიცია გამოეძახა. მანქანა უახლოეს გაჩერებასთან გააჩერა და, როგორც თავად ჰყვება, ფოტო გადაუღო დაზიანებულ ადგილს – „რათა დავინახო, რა მტკივა“.

ნელი დოროყაშვილი სასამართლო სხდომაზე უთითებს იმ ადგილს, რომელზეც, მისი თქმით, ბასილაშვილმა დაზიანება მიაყენა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პოლიციელისა და სასწრაფოს ექიმის ჩვენებების თანახმად, დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. მოწმეების თანახმად, ქალი გაუჩერებლად ტიროდა და ემჩნეოდა სიწითლეები. დედა-შვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ძალადობას ითმენდა ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ სჯეროდა, ბასილაშვილს დახმარება სჭირდებოდა და მას შეცვლიდა, დაეხმარებოდა – „ვუფრთხილდებოდი მის რეპუტაციასა და ოჯახს”.

ბასილაშვილისა და ადვოკატების პასუხი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სხდომას ონლაინ ესწრებოდა. ის განხილვაში მხოლოდ მაშინ ჩაერთო, როდესაც ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებათა ნაწილი წარადგინა.

მანამდე დოროყაშვილმა ითხოვა, რომ მტკიცებულებების ნაწილის განხილვისას სხდომა დახურულიყო, რადგან ეხებოდა მის პირად ცხოვრებასა და ასევე, მის მცირეწლოვან შვილს. ამას პროტესტი მოჰყვა დაცვის მხარის მხრიდან, ისინი ამბობდნენ, რომ რაკი დოროყაშვილმა თავად ითხოვა სხდომის გახსნა, ეს ნაწილიც საზოგადოებისთვის ღია უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დაიკეტება მხოლოდ იმ მტკიცებულებების განხილვისას, რომელიც ეხება ბავშვს, ხოლო მასალებს, სადაც ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელია – სასამართლო საჯაროდ განიხილავს. ბრალდების მხარემ რამდენიმე მტკიცებულების განხილვა მოასწრო, მათ შორის, ერთში ისმის დოროყაშვილის ანერვიულებული ხმა – „რატომ მირტყამ?!“. ისმის ჩხუბიც ყოფილ მეუღლეებს შორის.

ბრალდების მხარემ დღეს ასევე წარმოადგინა ჩანაწერი, რომელიც, დოროყაშვილის თქმით, 2018 წლის 28 აგვისტოს ასახავს. ანუ იმ დღეს, როდესაც, როგორც ქალი ამბობს – სპორტსმენი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ჩოგნებიანი ჩანთა ესროლა.

ბასილაშვილს მხოლოდ ამ ნივთმტკიცების განხილვისას მიეცა კომენტარის საშუალება. მან დაადასტურა, რომ ვიდეოში თავად ჩანს, თუმცა უარყო რაიმე ძალადობა.

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო.. არაფერი არ ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, ნუ მირტყამო. ეს იყო და ეს. რაზე გავაკეთო, რაიმე ვიდეოში ჩანს, რომ ან ჩანთა მოვიქნიე ნელის მიმართულებით?! ჩემთვის ვარ წყნარად, ვალაგებ ჩანთას და მივდივარ.

თამაშის შემდეგ დავბრუნდი გვიან კორტებიდან და ამაზე იყო მოშლილი [ნერვებზე]. ჩავალაგე ჩანთები და წავედი მშვიდად. რა თქმა უნდა, აღელვებული ვიყავი ამ მომენტში. რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?! რაიმე ჩანს ფიზიკური ძალადობა?!“, – თქვა ბასილაშვილმა.

რაც შეეხება ადვოკატებს, ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავეს, რადგან ხვალინდელ სხდომაზე დოროყაშვილს კითხვები უნდა დაუსვან.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის მუხლით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილი და მისი ოჯახი უარყოფს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს.

დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი, ის ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.

პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სპორტსმენი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ბასილაშვილის საქმეზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის რეპორტაჟები სასამართლოდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი