ახალი ამბები

სააპელაციომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

11 ივლისი, 2023 • 676
სააპელაციომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სპორტსმენი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა.

სააპელაციოს გამამართლებელი განაჩენი „ნეტგაზეთს“ მისი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა და მათი შვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ [„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR] დაუდასტურეს.

ამავე საქმეზე ბასილაშვილი პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლომაც სრულად გაამართლა 2022 წლის ოქტომბერში. მაშინ მოსამართლემ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე ცნო უდანაშაულოდ, მათ შორის თქვა, რომ არ დაადგინა არც ფიზიკური, არც ეკონომიკური და არც გენდერული ნიშნით ძალადობა. ამავე სხდომაზე გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

ბასილაშვილის საქმე

წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის მუხლით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა – როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად, რასაც ბასილაშვილი და მისი ოჯახი უარყოფს.

დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი, ის ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.

პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სპორტსმენი წარდგენილ ბრალს არ არ ეთანხმებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი