ახალი ამბები

“ემჩნეოდა სიწითლე…” “ტიროდა გაუჩერებლად” — მოწმეები ნელი დოროყაშვილზე

30 მარტი, 2021 •
“ემჩნეოდა სიწითლე…” “ტიროდა გაუჩერებლად” — მოწმეები ნელი დოროყაშვილზე

30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე ბრალდების მოწმეებს მოუსმინეს.

ვალერი კირვალიძე და თამარ გამყრელიძე პირველი ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის მაისში ინციდენტის შემდეგ ნელი [იგივე ნეკა] დოროყაშვილს შეხვდნენ. კირვალიძე პოლიციელია, გამყრელიძე კი- სასწრაფოს ექიმი. არცერთი მათგანი პირადად არ შესწრებია ძალადობას, ორივე მათგანმა მომხდარის შესახებ თავად დოროყაშვილისგან იცის.

თუმცა, როგორც პოლიციელი, ასევე სასწრაფოს ექიმი ყვება, რომ დოროყაშვილი ტიროდა, მკლავზე კი სიწითლე შეემჩნეოდა.

პროცესს დისტანციურად ესწრებოდა თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც. მას სასამართლომ კითხვის დასმის საშუალება რამდენჯერმე მისცა, თუმცა, მას კითხვები მოწმეების მიმართ არ ჰქონია.

სად შეხვდნენ მოწმეები დოროყაშვილს?

როგორც მოწმეები ყვებიან, დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი- სიტყვიერი.

რამდენიმესაათიანი დაკითხვის დროს მოწმეებმა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენეს, მათ შორის, დოროყაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით თქვეს ისიც, რომ ქალი ყოფილი ქმრისგან წარსულში ძალადობის რამდენიმე ფაქტს იხსენებდა.

რას ყვება პოლიციელი?

ვალერი კირვალიძე ნელი დოროყაშვილს 2020 წლის მაისში, ოჯახში ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძახების შემდეგ შეხვდა. ის და რამდენიმე პოლიციელი ადგილზე მაშინ მივიდნენ, როდესაც დოროყაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი სასწრაფოს მანქანაში მედიკოსებთან ერთად ისხდნენ. სასწრაფო რამდენიმე წუთის მისული იყო.

პოლიციელი ნელი დოროყაშვილის მონაყოლიდან იხსენებს:

„როდესაც გამოვკითხეთ, თუ რაში მდგომარეობდა ოჯახური ძალადობის ფაქტი, მან განგვიმარტა, რომ 2020 წლის 21 მაისს მის ყოფილ მეუღლეს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰქონდა ბავშვის ნახვის დღე, რომელმაც ბავშვი წამოიყვანა. თუმცა თავად ბავშვს არ უნდოდა მამასთან წასვლა და დედამ, ნელი დოროყაშვილმა დაითანხმა ბავშვი, რომ გაყოლოდა მამას და შემდგომ თვითონ მიაკითხავდა მას წამოსაყვანად — ამ პირობით მას ბავშვი გაჰყვა. და წაიყვანა მისმა ყოფილმა მეუღლემ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისი მშობლების [სახლში]… ზაჰესის, ავჭალის ტერიტორიაზე…

როდესაც დედამ (ნელი დოროყაშვილმა) მიაკითხა აღნიშნულ მისამართზე ბავშვს წამოსაყვანად, მამამ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ავტომანქანაში ჩასვა ბავშვი და დაჰპირდა სადღაც წასვლას, რაზეც წინააღმდეგი იყო დედა. ვინაიდან ბავშვმა დაიწყო ტირილი, გააღო ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა ავტომობილის კარი, ხოლო ამ კარის დახურვის პროცესში ფეხიც მოჰყვა ავტომანაქანის კარში, თუმცა, როგორც მან განმარტა, ბავშვი უკვე იყო პანიკურ მდგომარეობაში და ტიროდა. როდესაც დოროყაშვილმა ბავშვი გადმოიყვანა ავტომანქანიდან, ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით წავიდა, რათა ბავშვისთვის  წყალი მიეწოდებინა, ვინადაინ ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში იყო.

როდესაც შევიდა ეზოში, ნელი დოროყაშვილმა დაინახა, რომ [ყოფილი] მამამთილი მისი მიმართულებით მოემართებოდა ხელში რაღაც საგნით.. თუმცა, ვერ დაასახელა, ეს საგანი კონკრეტულად რა იყო, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს და ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. ამ ფაქტთან დაკავშირებით შემეშინდაო და გამოტრიალდა, რათა მამამთილის ეზო დაეტოვებინა, და როდესაც გადიოდა ჭიშკარში, დაეწია ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოჰკიდა მკლავში ხელი და აჯანჯღარებდა. ჩვენს დასმულ კითხვაზე გვიპასუხა, რომ რამდენჯერმე ხელის არეში დაარტყა ყოფილმა მეუღლემ და ასევე, თავში დაარტყა ხელი“, — ამბობს პოლიციელი.

პოლიციელი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ჩვენების მიცემისას. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პოლიციელი კირვალიძე იხსენებს, რომ დოროყაშვილმა გამვლელ მანქანას სთხოვა დახმარება და იმ ტერიტორიამდე მიყვანა, სადაც მას საბოლოოდ სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები შეხვდნენ.

ბრალდების მხარის კითხვაზე, თუ რა ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა ჰქონდა ნელი დოროყაშვილს, პოლიციელი იხსენებს, რომ ტიროდა და იყო აღელვებული, „ასევე ბავშვს… ის იმ მომენტში არ ტიროდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ იყო ნამტირალევი და შეშინებული.“

„ნაკაწრი და სიწითლე აღენიშნებოდა მარჯვენა ხელის მკვლავთან“, — ამბობს პოლიციელი და ამატებს, რომ თავად დოროყაშვილის თქმით, ეს დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა ქმარმა მკლავებში ხელი მოჰკიდა და „აჯაჯგურა“.

პოლიციელი ამბობს, რომ დოროყაშვილის თქმით, მსგავსი ქმედება ყოფილი ქმრის მხრიდან არ იყო პირველი, ხოლო მამამთილის მხრიდან პირველი იყო. პოლიციელი ასევე დასძენს, რომ ნელი დოროყაშვილთან საუბარი სრულად ჩაწერილია პოლიციის სამხრე კამერით.

კითხვები პოლიციელს დაუსვეს ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა, მათ ნაწილზე პოლიციელმა უპასუხა, რომ ეს დეტალები არ ახსოვდა. მაგალითად, მას არ ახსოვდა, ეკეთა თუ არა ნელი დოროყაშვილს მზის სათვალე და, შესაბამისად, ცრემლები მის თვალებზე არ დაუნახავს — მხოლოდ ლოყებსა და ცხვირზე. ასევე, პოლიციელმა ვერ უპასუხა, თუ ვის ესაუბრა ტელეფონით დოროყაშვილი.

მან ასევე თქვა, რომ დოროყაშვილის შვილს წყალი დაალევინა, რისთვისაც ქუჩის საპირისპირო მაღაზიაში გადაიყვანა. დაცვის მხარის კითხვების ბოლოს მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ძალადობას უშუალოდ არ შესწრებია და მის შესახებ, დოროყაშვილის მონათხრობიდან იცის.

რას იხსენებს სასწრაფოს ექიმი?

იმ ღამეს სხვა მედიკოსებთან ერთად ნელი დოროყაშვილს სასწრაფოს ბრიგადის ექიმი, თამარ გამყრელიძე ესაუბრა. სწორედ მან შეადგინა სამედიცინო ოქმი, რომელსაც დოროყაშვილმა ხელი მოაწერა და რომლის თანახმადაც, მან ასევე უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე.

მედდა იხსენებს, რომ პოლიციელებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა სასწრაფო. შესაბამისად, პოლიციასა და სასწრაფოს დოროყაშვილმა თითქმის ერთდროულად მოუყვა მომხდარის შესახებ.

21 მაისს თამარ გამყრელიძე მორიგე იყო, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის უფროსია.

„საათი ზუსტად არ მახსოვს, შუადღის პერიოდი იყო, შემოვიდა გამოძახება, ქუჩაში არის ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად და ტირის. ჩვენ დავუყოვნებლივ გავედით ავჭალაში, სტადიონთან. მივედით მისამართზე, ქუჩაში გაჩერებაზე დაგვხდა ქალი, დაახლოებით 4-5 წლის ბავშვთან ერთად, რომელიც იყო ძალიან განერვიულებული, ტიროდა ისტერიულად.

ჩვენ ჩავსვით პაციენტი ჩვენს მანქანაში, რადგან ქუჩაში ვიყავით და იქ ხმაური იყო. ჩავსვით მანქანაში და ვკითხეთ მიზეზი, რატომ იყო ასე განერვიულებული და რატომ ტიროდა. მან დაიწყო თხრობა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. დაიწყო მოყოლა, რომ იყო მეუღლესთან განქორწინებული, დაახლოებით 1 წელიო, ასე მახსოვს. ახსენა, რომ ჩემი მეუღლე ცნობილი პიროვნებააო, მაგრამ არ გაუმახვილებია არც მას და არც ჩვენ, ვინ იყო ეს ადამიანი“ ,— იხსენებს ექიმი.

სასწრაფოს ექიმი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პოლიციელის მსგავსად, ექიმიც თითქმის იმავე ისტორიას ყვება, თუ როგორ მივიდა დოროყაშვილი ბავშვის წამოსაყვანად და როგორ მოხდა ძალადობა, დოროყაშვილის თქმით.

„პატრულიც მალე მოვიდა და ერთად დავიწყეთ მოსმენა. ის ძალიან ტიროდა, მთელი პერიოდი იყო ძალიან გაღიზიანებული, ტიროდა გაუჩერებლად. ბავშვი არ ტიროდა, მაგრამ შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით…

შეძლებისდაგვარად დავამშვიდეთ, როგორც ადამიანებმა, როგორც ექიმებმა. მსუბუქი დამამშვიდებელი მივეცით, მკლავზე ჰქონდა პატარა ექსკორიაცია, განაკაწრიც არ ეთქმის, აქერცლილივით. მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, რომ ვკითხეთ, საიდან ჰქონდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მახსოვს… როდის ჰქონდა მიყენებული ეს უმნიშვნელო დაზიანება“, — ამბობს ექიმი და უკვე დამატებით შეკითხვებზე დასძენს, რომ მკლავზე ასევე იყო მსუბუქი შეწითლებაც.

ექიმი იხსენებს, რომ თავად დოროყაშვილი ტკივილს არ უჩიოდა, უფრო ემოციურ სტრესს განიცდიდა. მისივე მონათხრობის მიხედვით, დოროყაშვილს სასწრაფო მანქანაში ჯდომისას დაურეკა დედამ, რომელიც ქალმა შეძლებისდაგვარად დააწყნარა.

ექიმის ჩვენების მეორე ნაწილი, რომელიც, ჯამში, 40 წუთამდე გაგრძელდა, დაეთმო დოროყაშვილის დაზიანების განხილვას, კერძოდ კი იმას, თუ რა სხვაობაა ექსკორიაციას, სისლჩაქცევასა და ჰემატომას შორის. ექიმმა განმარტა, რომ ექსკორიაცია კანის მსუბუქი დაზიანებაა, რომელიც ამ შემთხვევაში ქალს მარჯვენა შიდა მკლავზე აღენიშნებოდა.

მხარეების შეფასებები

30 მარტის სხდომის დასრულების შემდეგ პროცესი შეაფასეს როგორც პროკურორმა, ისე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა.

საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ არ შევიდოდა ჩვენებების შინაარსობრივ მხარეზე მსჯელობაში.

რაც შეეხება ბასილაშვილის მხარეს, მისი ერთ-ერთი ადვოკატი, თეონა გვაზავა ამბობს, რომ დაკითხული მოწმეები ცალსახად არ მიუთითებენ ბასილაშვილის მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე, ვინაიდან არცერთი შესწრებია ამ ფაქტს.

„დღეს მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა მხოლოდ მცირედი დაზიანება, ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა ეს დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა დაზიანების წყარო ვერ მიუთითა“, — ამბობს ადვოკატი.

შემდეგი სხდომა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ 19 აპრილს, 14:00 საათზე ჩანიშნა.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობი ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი