ახალი ამბები

მოსამართლემ ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა, გავასაჩივრებთ – პროკურორი

21 ოქტომბერი, 2022 • 1457
მოსამართლემ ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა, გავასაჩივრებთ – პროკურორი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი, ნათია გურული აცხადებს, რომ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სუბიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

დღეს, 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი გაამართლეს ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ბრალდებებზე.

„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს. მიმაჩნია, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში. ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა.

ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენსა და წერილობით არგუმენტაციას და ბრალდების მხარე მას აუცილებლად გაასაჩივრებს“, – თქვა პროცესის შემდეგ პროკურორმა, ნათია გურულმა.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის მუხლით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა – როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად, რასაც ბასილაშვილი და მისი ოჯახი მთელი პროცესის განმავლობაში უარყოფდა.

პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სპორტსმენი წარდგენილ ბრალს არ არ ეთანხმებოდა.

სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 წელია, რაც მიმდინარეობდა.

სასამართლო პროცესებზე დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის, ნეკა დოროყაშვილი და მისი ოჯახის წევრები, ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა და ძმაც. თავად ბასილაშვილმა სასამართლოს სიტყვით 20 ოქტომბერს მიმართა. სხდომა ბასილაშვილის მხარის თხოვნით მოსამართლემ დახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი