სამართალი

იმ დღეს ნიკოლოზმა დამირეკა, მომაყენა შეურაცხყოფა და დამიბარა — დოროყაშვილის მამის ჩვენება

28 ივნისი, 2022 • 2499
იმ დღეს ნიკოლოზმა დამირეკა, მომაყენა შეურაცხყოფა და დამიბარა — დოროყაშვილის მამის ჩვენება

დღეს, 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა ბასილაშვილის ყოფილმა სიმამრმა — საბა (დავით) დოროყაშვილმა და ორმა ექსპერტმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან.

საბა დოროყაშვილი იხსენებს, რომ 2020 წლის 21 მაისს, იმ დღეს, როდესაც ნეკა დოროყაშვილმა ძალადობაზე განაცხადა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაურეკა, აგინა და დაიბარა. კაცს ამის აუდიოჩანაწერიც აქვს.

დოროყაშვილი ასევე ჰყვება, რომ სწორედ ასე გაიგო მომხდარის შესახებ. უკვე შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ის აცხადებს, რომ ნახა დაზიანებები — ხელსა და ფეხზე.

როგორც საბა დოროყაშვილი, ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი მალხაზ სალაყაია სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ. ჩვენება ასევე დისტანციურად მისცა სამხარაულის ორმა ექსპერტმა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დოროყაშვილების მიერ წარდგენილი აუდიო და ვიდეომასალა დაუმონტაჟებელი იყო.

„დამირეკა, გამოდიო, ნელის ახსენებდა… მომაყენა შეურაცხყოფა ისეთი, რომ ვერ ვიტყვი, ვერ ვიკადრებ“ – რას ჰყვება მამა

საბა (დავით) დოროყაშვილი ბრალდების მხარის მოწმეა. თავის ჩვენებაში ის ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის შესახებ არ იცოდა 2020 წლის 21 მაისამდე – ანუ იმ დღემდე, როდესაც ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად გამოიქც ყაოფილი ქმრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლიდან და გამოიძახა სასწრაფო და პატრული: „რომ მცოდნოდა, სხვანაირად მივხედავდი“.

პროცესის განმავლობაში, ყოფილ სიძეზე საუბრისას, დოროყაშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ბასილაშვილის მიმართ – „მისი ცხოვრებით ვცხოვრობდით ოჯახი“. იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც ბასილაშვილი და დოროყაშვილი შეუღლდნენ, სპორტსმენი ჯერ არ იყო წარმატებული, მის წარმატებაში კი წვლილი დოროყაშვილების ოჯახსაც მიუძღვის, რადგან ყოველთვის გვერდში ედგნენ მას. მათ შორის ეს გამოიხატებოდა იმაშიც, რომ ნეკა დოროყაშვილი ტურნეებში ყოველთვის თან დაჰყვებოდა მეუღლეს.

კაცის მონათხრობის მიხედვით, სიტუაცია დაიძაბა ბავშვის დაბადების შემდეგ. ის ჰყვება, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო ფსიქოლოგიურ ძალადობას, რადგან ქმარი უკრძალავდა ნეკას მუშაობას- „არ უნდოდა, რომ ნეკას ემუშავა, სილამაზის კონკურსებზე გამოსულიყო“.

21 მაისის ღამის გახსენებამდე საბა დოროყაშვილი ამბობს, რომ მისთვის ეს ემოციურად განსაკუთრებით მძიმეა. მან არაფერი იცოდა თავად ბასილაშვილის ზარამდე, ზარის შემდეგ კი ნერვიულობისგან შეუძლოდ გახდა, რადგან შვილის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა. პროკურორის კითხვების საპასუხოდ ის აცხადებს:

„მანამდე საერთოდ არაფერი ვიცოდი. დამირეკა [ნიკოლოზ ბასილაშვილმა] და სიტყვიერად გამლანძღა. შვილს, ნელი დოროყაშვილს იხსენიებდა ძალიან ცუდად, ცუდი სიტყვებით და მე, რა თქმა უნდა, მომაყენა შეურაცხყოფა, რასაც მე ახლა ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ვერც ვიტყვი, რა სიტყვებიც მან მაკადრა. მე გაოგნებული ვიყავი.. თავიდან ვიფიქრე, რომ შეეშალა. საბაბი არ მიმიცია მისთვის, რომ ეს ჩემთვის ეკადრებინა.

[მოტივი] არ ვიცი.. პირველი ზარის მერე, 2-3- წუთის გასვლის შემდეგ განხორციელდა მეორე ზარი. მეორე ზარისას ითხოვდა, რომ გავსულიყავი „თეგეტა მოტორსთან“, შევხვედროდი პირისპირ. მე ზარის მერე უკვე ძალიან ცუდად გავხდი… გირეკავს და გეუბნება ასეთ რამეს ადამიანი, ეს არის საშინელება. და მე ვუთხარი ჩემს მეუღლეს, რომ მოეძებნა, სად იყო ნელი, რადგან რაღაც ხდებოდა“.

სასამართლო დარბაზი, სადაც 28 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი ჩატარდა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ზარის შემდეგ, როგორც საბა დოროყაშვილი ჰყვება, ის და მისი მეუღლე დაუკავშირდნენ ნეკას მეგობარს და სწორედ ასე მიაგნეს მას პოლიციის განყოფილებაში.

მანამდე, სასამართლოსთვის მიცემული რამდენიმე ჩვენების თანახმად,  21 მაისს დოროყაშვილი ბასილაშვილის ოჯახის სახლში მივიდა შვილის წამოსაყვანად. ამას მოჰყვა დაპირისპირება, რა დროსაც, როგორც ქალი ჰყვება, ყოფილმა ქმარმა მასზე იძალადა. ამასთანავე, დოროყაშვილი ამბობს, რომ მას დაემუქრა ბასილაშვილის მამაც.

პოლიციელისა და სასწრაფოს ექიმის ჩვენებების თანახმად, როგორც მოწმეები ჰყვებიან, დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. მოწმეების თანახმად, ქალი გაუჩერებლად ტიროდა და ემჩნეოდა სიწითლეები. დედა-შვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სწორედ აქ ხვდება ნეკა დოროყაშვილს მამა. კაცის მონათხრობის მიხედვით, ნეკამ დედ-მამას შვილიშვილი გადასცა. ამ დროს შეამჩნია მამამ მკლავზე სიწითლე. შვილიშვილი მეუღლესთან ერთად საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, თავად კი პოლიციაში დაბრუნდა, სადაც მისვლისას ბასილაშვილი, მისი ოჯახის წევრები და, სავარაუდოდ, ადვოკატები დახვდნენ: „რომ შევხედე, თითი დამიქნია“.

სასამართლო სხდომაზე საბა დოროყაშვილმა წარადგინა სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რომლის დროსაც, მისი თქმით, ბასილაშვილმა მას აგინა. ზარის ჩაწერა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მოახერხა. მისი განმარტებით, ეს მიზანმიმართულად არ უქნია, რადგან ზოგადად, სამსახურებრივი მიზნების გამო ზარებს იწერს.

სასამართლო დარბაზი, სადაც 28 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი ჩატარდა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კაცმა სასამართლოს სთხოვა, რომ რაკი ჩანაწერი შეურაცხმყოფელია, ხოლო დარბაზში მედია იმყოფებოდა, დაახლოებით 1 წუთის ხანგრძლივობის ზარის მოსმენისა და განხილვის დროს სასამართლო დამსწრეთათვის დახურულიყო. ეს თხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.

დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა მაშინ მოგვეცა, როდესაც საბა დოროყაშვილს უკვე დაცვის მხარე, ანუ ბასილაშვილის ადვოკატი ჰკითხავდა. მამის ჩვენების ბოლოს სიტუაცია დარბაზში დაიძაბა. ერთმანეთს ეკამათებოდნენ როგორც დოროყაშვილი და ბასილაშვილი, ასევე, დოროყაშვილი და ადვოკატი მალხაზ სალაყაია.

მანამდე საბა დოროყაშვილმა თქვა, რომ მისი ოჯახი ყოველთვის უჭერდა ბასილაშვილს მხარს, განსაკუთრებით კი, ნეკა.

ახლაც გვერდში გიდგავართ, ჩვენი ვაჟკაცი, ჩემი შვილიშვილი ჩვენთან იზრდება“ – დასძინა მან. ამას ბასილაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მან განაცხადა, რომ დოროყაშვილის ოჯახი ფინანსურად მას არასდროს დახმარებია. სპორტსმენმა რამდენჯერმე უარყო ძალადობის შესახებ ცნობებიც.

დაპირისპირება ყოფილ სიძესა და სიმამრს შორის მოჰყვა იმასაც, რომ საბა დოროყაშვილის თქმით, მან ნახა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრის ნეკა დოროყაშვილს ბასილაშვილი ჩოგნების ჩანთას.

„ნანახი მაქვს ვიდეო… კადრებია, სადაც ჩანთა ჩემს შვილს ხვდება, ისმის [ბასილაშვილის] ხმაც“, – აცხადებს საბა დოროყაშვილი და დასძენს, რომ იცის, ასეთი ჩანთის სიმძიმე „დაახლოებით 50 კილოა“.

ამას უარყოფს ბასილაშვილი და ამბობს:

„ამას თქვენთვის ვამბობ პირადად, თუ თქვენ გინდათ, რომ ღამე მშვიდად დაიძინოთ, იმისთვის, რომ დღეს ღამე კარგად გეძინოთ, მინდა გითხრათ 100%-ით, რომ არ მიძალადია თქვენს შვილზე. არასდროს. ის, რასაც ამბობთ, ფსიქოლოგიური ძალადობა… არასდროს.. უბრალოდ, იმიტომ ვამბობ, რომ თუ კარგად იგრძნოთ თავი [ახლა ამას].

ამას როგორ ამბობთ, რაიმეში ჩანს, ჩანთას ვურტყამ? ჩანთის სიმძიმე, 300 გრამია ჩოგანი… 3 ჩოგანი მიდევს ხოლმე. სად ნახეთ, ასეთი რამ?!“ – ამბობს ბასილაშვილი.

ამას მხარეებს შორის ისევ მოჰყვა კამათი ჩვენების ნამდვილობაზე. რა დროსაც საბა დოროყაშვილმა ჰკითხა სპორტსმენს ზარის შესახებ:

„შეურაცხყოფა რომ მომაყენე, ხომ მართალია?“

„კი, ეს მართალია…“ – დასძინა ბასილაშვილმა.

რაც შეეხება სხვა კითხვებს, სალაყაია დოროყაშვილს ძირითადად ეკითხებოდა ძალადობის ეპიზოდების შესახებ, მაგალითად, მან ჰკითხა, თუ კონკრეტულად სად ჰქონდა სიწითლე დოროყაშვილს, როგორ შეამჩნია სიწითლე ფეხზე, თუ იმ დღეს, მამის ცნობით, ქალს შარვალი ეცვა.

კაცმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ძალადობის შესახებ თავად ნეკა დოროყაშვილისგან იცოდა, მანვე აჩვენა ჩაწითლებები და ჩალურჯებები.

„აუცილებლად გამოჩნდებოდა კვალი, თუკი რაიმე ცვლილება იქნებოდა“, – ექსპერტები დოროყაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოზე

სასამართლოზე მოკლე ჩვენება მისცა სამხარაულის ბიუროს ორმა ექსპერტმა – ასმათ მატუშევსკაიამ და მედეა სურგულაძემ. დაახლოებით 10 თვის წინ სამხარაულის ბიუროში ნეკა და საბა დოროყაშვილებმა 4 ვიდეო და 1 აუდიოჩანაწერი მიიტანეს.

როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ დოროყაშვილის ადვოკატი, ანა თავხელიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, 4 ვიდეოს შორის ერთ-ერთი უნდა იყოს ე.წ. ნიუ იორკის ვიდეოც – ანუ ის კადრები, სადაც დოროყაშვილის ცნობით, ბასილაშვილი მას ჩოგნების ჩანთას ესვრის.

ექსპერტიზას უნდა დაედგინა მათი ნამდვილობა და ის, დამონტაჟებული იყო თუ არა ჩანაწერები. როგორც ექსპერტები თავად განმარტავენ, კვლევის კომპლექსური მეთოდებით ჩანაწერების სხვადასხვა ნაწილზე კონცენტრირდებოდნენ – მატუშევსკაიას უნდა დაედგინა მონტაჟის არსებობა/არარსებობა, ხოლო სურგულაძე ჩანაწერების ტექსტუალური ნაწილის ანალიზზე იყო ორიენტირებული.

ბასილაშვილის ადვოკატი მალხაზ სალაყაია მეორე ექსპერტს ჩაეკითხა, იდენტიფიცირებული იყვნენ თუ არა ვიდეოში მონაწილე პირები. სურგულაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს კითხვა არ დაუსვამთ, შესაბამისად, ამის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

შემდეგი სხდომა დაგეგმილია 16 აგვისტოს, 11:00 საათზე.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის მუხლით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.

პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის რეპორტაჟები სასამართლოდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი