ახალი ამბები

ახალი ინფორმაცია ძალადობაზე, დაბლოკილი ბარათები და სხვა — ბასილაშვილის მორიგი პროცესი

23 ივნისი, 2021 • 9708
ახალი ინფორმაცია ძალადობაზე, დაბლოკილი ბარათები და სხვა — ბასილაშვილის მორიგი პროცესი

დღეს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი პროცესი.

დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმის მოსმენა მოხერხდა, ისიც -დისტანციურად. სოფიო შარაშენიძე ნეკა (ნელი) დოროყაშვილის მეჯვარე იყო, ბასილაშვილს კი მანამდე შორიდან იცნობდა.

ქალის თქმით, წყვილთან ურთიერთობა დაქორწინებამდეც ჰქონდა. როგორც ის ამბობს, ისინი დაქორწინებამდე “კარგად იყვნენ. ჰქონდათ კონფლიქტებიც”, მაგრამ ბოლო მოვლენები მისთვისაც სიურპრიზი იყო. შარაშენიძე მომხდარ ამბებს იხსენებდა როგორც თავისი პირადი გამოცდილების, ისე ნელი დოროყაშვილის მონაყოლზე დაყრდნობით.

ძალადობა სასტუმროში, დაბლოკილი საბანკო ანგარიშები და სხვა – რას ჰყვება მოწმე?

სოფიო შარაშენიძესთან ერთად დღეს, 23 ივნისს, კიდევ ორი მოწმე უნდა დაეკითხათ, მაგრამ ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე ვერ გამოცხადდა, მეორის დაკითხვა კი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

დღევანდელი პროცესის ერთადერთმა მომწემ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ახსენა, რომ 2017 წელს აშშ-ში ყოფნისას, ნეკა დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა მასზე სასტუმროში ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა.

თუმცა მოწმის ამ ჩვენებას წინ უძღოდა დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის ხანგრძლივი კამათი. საქმე ის არის, რომ ბასილაშვილს 2020 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით [126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი] წარედგინა ბრალი. ბრალდება მოიცავდა 2018 წლის ეპიზოდებსაც, თუმცა არა – 2017 წელს. ამასთანავე, ამგვარ მუხლებს 3-წლიანი შეზღუდვა აქვს. ცნობისთვის, ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2014 წელს დაქორწინდნენ, 2018 წელს კი ერთმანეთს დაშორდნენ.

პროკურორი აცხადებდა, რომ სამართლებრივად ეს მართლაც ასე არის, თუმცა ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობა განგრძობითი პროცესია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამგვარი ეპიზოდების კვლევაც.

საბოლოოდ მოსამართლემ მოწმის ეს ჩვენება დაუშვა, რადგან მოწმეს ამ კონფლიქტზე საუბარი მანამდეც დაწყებული ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი. 23 ივნისს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„თარიღი არ მახსოვს ზუსტად, დავურეკე და მოვიკითხე [ნეკა]. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მან კი მითხრა, რომ ნიკასთან ვიჩხუბე და მივდივარ აღმაშენებელზე, რომ შევხვდე და ვისაუბროო… გავიდა რამდენიმე საათი. რომ არ დარეკა, მე შევეხმიანე. ტელეფონში ტიროდა ძალიან და მთხოვა, რომ მივსულიყავი მათ სახლში აღმაშენებელზე.

რომ მივედი, დივანზე იწვა და ტიროდა. ვკითხე, რა მოხდა და როგორ მოხდა-მეთქი. მითხრა, მე და ნიკამ ვისაუბრეთ და, სამწუხაროდ, შერიგება ვერ მოხერხდაო. ვკითხე, რას ეხება კონფლიქტი…ვუთხარი, რომ ესაუბრათ… თუმცა არ მისმენდა, იმდენად ტიროდა. ვეცადე, რომ ჩავძიებოდი, მეკითხა, რა მოხდა. ნეკამ მითხრა, ამერიკაში მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაო“ ,— თქვა მოწმემ სასამართლოზე.

სოფიო შარაშენიძე იხსენებს, რომ ამის შემდეგ თავად შეხვდა ნიკოლოზ ბასილაშვილს და მომხდართან დაკავშირებით მასაც ესაუბრა. ამის პარალელურად კი ნეკა დოროყაშვილი ფალიაშვილის ქუჩაზე, დედის სახლში დაბრუნდა.

ქალი როგორც ბრალდების, ასევე დაცვის კითხვებზე პასუხისას აცხადებს, რომ პირადად არასდროს შესწრებია, თუმცა იხსენებს ერთ ეპიზოდს: როგორც ქალი ჰყვება, დოროყაშვილისა და ბასილაშვილის თანაცხოვრების დროს, ერთხელ მათთან სტუმრობა მოუწია. შარაშენიძე ამბობს, რომ სახლი უჩვეულოდ არეული იყო, განსაკუთრებით კი, სამზარეულო. რაღაც პერიოდის შემდეგ ბინაში ბასილაშვილიც დაბრუნდა — მას და დოროყაშვილს კი შემდგომ დაძაბული საუბარი ჰქონდათ სამზარეულოში.

საუბრის შინაარს ქალი ვერ იხსენებს. ამბობს, რომ არ უნდოდა სიტუაციაში ჩარევა, ხოლო სხვა ოთახიდან ხმა არც ისე კარგად ისმოდა.

მოწმე ასევე იხსენებს მაისის მოვლენებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში, ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.

დაცვის მხარის კითხვებზე, რომელიც ნელი დოროყაშვილის ფინანსებს ეხებოდა, სოფიო შარაშენიძე ამბობს, რომ ქალს ჰქონდა თავისი პატარა ბიზნესი, ასევე, დამატებითი შემოსავალი სამოდელო კარიერიდანაც.

„არ ვიცი, რომელი წელი იყო, თუმცა ვიცი, რომ საოჯახო საბანკო ბარათი  გვაქვს და ამ კარტის დაბლოკვა მოჰყვაო.. მგონი, განქორიწნებულები არ იყვნენ ამ პერიოდში“, — ამბობს ის.

სხდომის შემდგომ დოროყაშვილის დამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] წარმომადგენელმა, თამარ გაბოძემ განმარტა, რომ საუბარია განქორწინებამდე პერიოდში. იმ დროზე, როდესაც დოროყაშვილს საოჯახო საბანკო ანგარიშის ბარათი უეცრად დაებლოკა.

განცხადებები სხდომის შემდგომ

სასამართლო პროცესის შემდეგ ბასილაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოწმე ნელი დოროყაშვილის მონათხრობზე დაყრდნობით საუბრობდა. აშშ-ში ძალადობის ეპიზოდზე კი თქვა:

„არის გარკვეული საკითხები, რომელიც ემყარება მხოლო და მხოლოდ ნელი დოროყაშვილის ზეპირ განმარტებებს, არის საკითხები, სადაც წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერი. აშშ-ის ეპიზოდი კი არის ის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, სადაც ობიექტური ჭეშმარიტების დანახვას საზოგადოება შეძლებს იმ ვიდეოჩანაწერების მეშვეობით, რომელიც წარმოადგინა დოროყაშვილმა“, — აცხადებს ადვოკატი და ამატებს, რომ ამ ვიდეოებში ძალადობის ფაქტი არ ჩანს.

რაც შეეხება ნეკა დოროყაშვილის მხარეს, ადვოკატი თამარ გაბოძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ დღევანდელი მოწმე საქმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მოწმემ ისაუბრა მის ხელთ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ნამდვილად თქვა, რომ უშუალო მომსწრე არ ყოფილა, თუმცა მომსწრე იყო ატირებული და განერვიულებული ნელი დოროყაშვილის. ასევე ნახა სამზარეულო, რომელსაც ეტყობოდა კონფლიქტის კვალი, იყო არეული და საჭმელი კი კედლებზე მისხმული. ეს იმას ნიშნავს, რომ იყო კონფლიქტი.

მოწმემ ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომ ნელი დოროყაშვილს ეზღუდებოდა სამოდელო საქმიანობა და ეს გადაწყვეტილება მიიღო ოჯახიდან გამომდინარე. ასევე იმაზე, რომ ნელი დოროყაშვილი ხშირად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ ,— ამბობს ის.

ამ საქმეზე შემდეგი სხდომა 28 ივნისაა დანიშნული.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.

პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის რეპორტაჟი წინა სხდომიდან:

„განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას“ – სასამართლო ფსიქოლოგი ნელი დოროყაშვილზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი