ახალი ამბებისამართალი

„ნეკა სახლშიც ვერ მიდიოდა, რადგან ნიკასი ეშინოდა“ — მოწმე ბასილაშვილის პროცესზე

28 მარტი, 2022 • 4865
„ნეკა სახლშიც ვერ მიდიოდა, რადგან ნიკასი ეშინოდა“ — მოწმე ბასილაშვილის პროცესზე

დღეს, 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მოწმის გამოკითხვა იყო დაგეგმილი, თუმცა განსაზღვრულ დროში მხოლოდ ერთი მოწმის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის მეგობრის, ცოტნე მოხევიშვილის დაკითხვა მოესწრო.

სასამართლოს წინაშე მოწმემ მოყვა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ურთიერთობის იმ დეტალების შესახებ, რომელსაც თავად შეესწრო, ასევე, ისაუბრა ფაქტებზე, რაც მეგობრის მონაყოლიდან იცოდა.

მოხევიშვილის თქმით, ნეკა დოროყაშვილი საერთო მეგობრისგან 2019 წელს გაიცნო და დღემდე ახლო, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. მოხევიშვილის თქმით, გაცნობის დღიდან, მთელი ამ დროის განმავლობაში, დოროყაშვილი შესამჩნევად აღელვებული იყო, ხშირად ნერვიულობდა და დეპრესიულობით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ამის მიზეზი მეგობრებისთვის ნეკას თავდაპირველად არ დაუსახელებია, თუმცა მოწმე იხსენებს, რომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ქალმა მას უთხრა, რომ მეუღლესთან და მეუღლის ოჯახთან კონფლიქტი ჰქონდა.

ცოტნე მოხევიშვილის თქმით, იმ პერიოდისთვის არ იცოდა, საუბარი ნიკოლოზ ბასილაშვილს რომ შეეხებოდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ ნეკას ქმარს ნიკა ერქვა. მოგვიანებით კი გაიგო, რომ ის ჩოგბურთელი იყო.

მოწმის თქმით, 2019 წლის აპრილში ატირებულმა ნეკამ დაურეკა და უთხრა, რომ მეორე დღეს ქმარს უნდა შეხვედროდა, რის შემდეგაც მეგობარს სთხოვა, ენახა:

„მეორე დღეს ისევ ატირებულმა დამირეკა, ნიკამ მანქანაში ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენაო. რომ შევხვდი, დაზიანებები ჰქონდა ხელებზე და თმა აწეწილი. როგორც მომიყვა, ნიკა ცდილობდა ტელეფონის წართმევასო, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენაო”, – იხსენებს მოწმე.

მისი თქმით, ნეკას მონაყოლით, ქალმა მოახერხა ტელეფონის მანქანიდან გადაგდება და გადასვლა, რის შემდეგაც საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა და კარი დაკეტა. ამის შემდეგ, მოწმის თქმით, რომელიც სასამართლოს წინაშე იმ ინფორმაციას ჰყვებოდა, რაც დოროყაშვილისგან ჰქონდა მოსმენილი, ბასილაშვილი მანქანას მძღოლის მხარეს მიუახლოვდა ხელში რკინის ყუთით. მოწმის თქმით, ამის შემდეგ დოროყაშვილი საპირისპირო მხარეს დაიძრა, მაღაზიის შესასვლელი მანქანით გადაკეტა და კონსულტანტებს ტაქსის გამოძახება სთხოვა, რის შემდეგაც ცოტნე მოხევიშვილთან მივიდა ისანში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში:

„იმ მომენტში მე ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. სახლშიც ვერ მიდიოდა იმიტომ, რომ ნიკასი ეშინოდა და თავისი მშობლებისთვისაც არ უნდოდა თქმა. ჩემთან რომ ავედით, ნიკამ მოსწერა, ბავშვს თვალით ვერ ნახავო. ამ დროს ბავშვი ნეკას დედასთან იყო. ნეკა წავიდა და რამდენიმე საათის მერე მითხრა, ბავშვი დააბრუნაო. ამ პერიოდში თანაცხოვრებაში იყვნენ, მაგრამ ამ ამბების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს“, – აცხადებს მოწმე.

მისი თქმით, ამის შემდეგ დოროყაშვილმა და ბასილაშვილმა ქონებრივი დავა დაიწყეს სასამართლოში. ცოტნე მოხევიშვილის თქმით, ამ პერიოდში მუდმივად ჰქონდა დაპირისპირებას ადგილი. მისი თქმით, ბევრჯერ შესწრებია ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ბასილაშვილი ყოფილ ცოლს აგინებდა. ამგვარი ფაქტი, მისი თქმით, ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმე ხდებოდა, ზოგჯერ კი- თვეში რამდენჯერმე. მისი თქმით, ეს 2020 წლის მაისამდე გრძელდებოდა.

ამასთან, როგორც მოწმე იხსენებს, ბასილაშვილი მუდმივად უკონტროლებდა დოროყაშვილს დანახარჯებს. მისი თქმით, ნეკა დოროყაშვილი თითოეულ თეთრს იწერდა და ბასილაშვილს „ვოთსაფში“ უგზავნიდა. მას შემდეგ კი, რაც წყვილმა ქონებრივი დავა დაუწყო, მოწმის თქმით, ბასილაშვილმა დოროყაშვილს საერთო გამოყენების ბარათი დაუბლოკა. მოწმის განცხადებით, თავადაც ნახა ბანკომატის ქვითარი, რომელზეც ეწერა, რომ ბარათი დაბლოკილი იყო:

„2020 წლის 21 მაისს მე და ნეკა ტელეფონზე ვსაუბრობდით, ის და ლუკასი (ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის შვილი) სახლის წინ ეზოში იყვნენ. ნეკამ მითხრა, ნიკას ბავშვის წაყვანა უნდაო და რჩევა მკითხა, რა ვქნაო. მე ვუთხარი, სოციალური მუშაკი ჩააყენე საქმის კურსში -მეთქი. გაატანა ბავშვი იმ პირობით, სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, რომ 2 საათში ნეკას უნდა წამოეყვანა. ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ნეკამ დამირეკა: ცალკე ის ტიროდა, ცალკე ლუკასი, მითხრა, რომ ნიკამ სცემა, ნიკას მამა კი რაღაც საგნით გამოეკიდა. ვუთხარი, ლუკასი დამალაპარაკე-მეთქი, იმიტომ, რომ ტიროდა ბავშვი, მინდოდა დამემშვიდებინა.

ნეკას ვუთხარი, 112-ში დაერეკა. ისეთი აღელვებული იყო, არ იცოდა, როგორ უნდა აეკრიფა 112. შემდეგ ნეკას დედამ დამირეკა, რა ხდებაო. მისი თქმით, ნიკამ მასაც დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა. იმ დღეს განყოფილებასთან ვნახე ნეკაც და ბავშვიც. ორივე ატირებულები იყვნენ. ხელზე ჰქონდა ნეკას დაზიანებები და ფეხს იტკივებდა, თუმცა შარვალი ეცვა და დაზიანება არ უჩანდა”, – ამბობს მოწმე.

ჩვენების ბოლოს მოწმემ დაამატა, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, იქ ნიკოლოზ ბასილაშვილიც მივიდა, რომელიც შესასვლელთან მას და ნეკა დოროყაშვილს დედას თითს უწევდა, რაც მოწმემ მუქარად აღიქვა.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა იყო დაგეგმილი, თუმცა შეზღუდული დროის გამო მისი გამოკითხვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. მორიგი პროცესი ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს გაიმართება.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.

პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი