21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განაჩენით, ბასილაშვილი გამართლდა ყველა ეპიზოდში, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის ბრალდებებში.
განაჩენის გაცხადების შემდეგ მოსამართლემ თითო ეპიზოდზე ცალ-ცალე განმარტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული უჩვეულო იყო სასამართლოსთვის. ნეტგაზეთს წლების განმავლობაში ათეულობით პროცესი გაუშუქებია, თუმცა პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, როცა მოსამართლეს სარეზოლუციო ნაწილის, ანუ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ვრცლად ესაუბრა თავისი გადაწყვეტილების არგუმენტაციაზე. როგორც წესი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მოგვიანებით, ხშირად, რამდენიმე კვირაშიც კი ქვეყნდება.
სასამართლო პრაქტიკისთვის ასევე უჩვეულო იყო დასკვნითი სხდომა, როცა სასამართლოს თანამშრომლებმა შესვენებისას ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფებიც კი გამოართვეს. მოგვიანებით, მოსამართლე ხარჩილავამ თქვა, რომ ამაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განაჩენი პრობლემურად მიიჩნიეს როგორც პროკურორმა, ასევე ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველებმა. პროკურორის, ნათია გურულის თქმით, მოსამართლემ ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და „ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა“. იურისტების თქმით კი, მოსამართლის ეს სიტყვა დააზიანებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
„დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს,“ –დაწერა თავად ნელი დოროყაშვილმა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის ამბობს, რომ მოხარულია დღევანდელი გადაწყვეტილებით.
როგორ განმარტავს მოსამართლე ბასილაშვილის უდანაშაულოდ ცნობას
ნელი დოროყაშვილი ამბობდა, რომ ყოფილი ქმარი მასზე სისტემურად ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად. 2020 წლის მაისში პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობის მუხლით წაუყენა.
დღეს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ თქვა, რომ არსებული მტკიცებულებებით საქმის არცერთ ეპიზოდზე ბასილაშვილის ბრალი არ დასტურდება. ეპიზოდებში იგულისხმება ის დღეები და შემთხვევები, რომლებზეც დოროყაშვილი ჩვენებებში მიუთითებს. მათ შორის, 2018 წლის 28 აგვისტო. ეს ის დღეა, როდესაც ნელი დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა მას სცემა, თმით ითრია და შემდეგ ჩოგნებით სავსე ჩანთა ესროლა.
თითო ეპიზოდის აღწერისას მოსამართლე განმარტავს, თუ რატომ მიიჩნია ბასილაშვილი უდანაშაულოდ. კერძოდ:
ფსიქოლოგიური ძალადობა
ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად ედებოდა, რომ 2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად ძალადობდა ყოფილ ცოლზე.
„დიახ, ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს, ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა. თუმცა, ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიოჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები, ქრონოლოგიაში გამოხატული, და ამ ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს. იყო დამცირების შემთხვევები და, სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება.
ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება დაცვამ და დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც ბასილაშვილმა დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. უნდა დაედასტურებინა ბრალდებას, რომ ბასილაშვილმა ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ეს დასკვნა. თუმცა, გამოკვლეული მტკიცებულებით, ეს ასე არ მოხდა“, – თქვა მოსამართლემ.
ეკონომიკური ძალადობა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია
ნელი დოროყაშვილი სასამართლოში ჩვენების მიცემისას ამბობდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მისი მაშინდელი მეუღლე მასზე ეკონომიკურად ძალადობდა – უბლოკავდა საბანკო ანგარიშებს, რის შედეგადაც, ხშირად უწევდა ფულის სესხება.
„განსაკუთრებით ამერიკის [აშშ-ში ყოფნის] ეპიზოდი იყო საყურადღებო. დაზარალებული ბრძანებდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდგომ, – ის უწოდებს ამას ფიზიკურ ძალადობას,- ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ეს ბარათი, შესაბამისად, იძულებული გახდა დახმარება მიეღო მამის მეგობრის მხრიდან. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ მოვისმენდით იმ პირის ვინაობას, ვინ იყო ეს მამის მეგობარი, რამეთუ დაცვის მხარე, რომელიც ატარებს ალტერნატიულ, ასე ვთქვათ, გამოძიებას, მას უნდა ჰქონდეს ობიექტური შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაცია გადაემოწმებინა ამ პირთან. თუმცა, სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაზარალებულმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი და გვარი. შესაბამისად, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში“, — თქვა მოსამართლემ.
მისივე თქმით, დაცვის მხარემ – ბასილაშვილის ადვოკატებმა- გამოიკვლიეს ამონაწერი ბანკიდან, რომლის მიხედვითაც არ დასტურდებოდა ბარათის დაბლოკვა. ამასთანავე, მოსამართლე ამბობს, რომ ბრალდების მხარემ და დოროყაშვილმა ასეთი მტკიცებულებები არ წარადგინა. არადა ეს შეეძლო ე.წ. მობაილ ბანკის „დასქრინვის“ მეშვეობითაც.
რაც შეეხება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, დოროყაშვილი ამბობდა, რომ მას ბასილაშვილი მუშაობას უკრძალავდა და ხელს უშლიდა თვითრეალიზებაში – მათ შორის, სამოდელო კარიერის ჩამოყალიბებაში.
„თუმცა ამის საპირწონედ რა მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ სასამართლო სხდომაზე – სასამართლო სხდომაზე ჩვენ დავკითხეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია, რომელმაც რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. შეიძლება ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს ეჭვი, რატომ ვენდოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას, ის ხომ შეიძლება სუბიექტური და ტენდენციური იყოს. შესაძლოა ამ ლოგიკაში წამოგყვეთ, ამიტომ სასამართლო არ დაეყრდნო მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ამ ჩვენებას, მაგრამ სასამართლომ შეაფასა ის ინფორმაცია, რაც წერილობითი დოკუმენტის სახით მოწმემ მისი დაკითხვის დროს წარმოუდგინა“, – ამბობს მოსამართლე და გულისხმობს იმ ინტერნეტ მიმოწერას, რაც ნატალია ნაჭყებიას თქმით, ნეკა დოროყაშვილთან ჰქონდა.
მოსამართლე დასძენს, რომ მიმოწერაში ნელი დოროყაშვილი სამსახურის მიტოვების მიზეზად ასახელებდა: „ რომ სამსახური მას ხელს არ უწყობს, იგი სისტემატურად მის მეუღლეს დაჰყვება ტურნირებზე სხვადასხვა ქვეყნებში და სწორედ აქედან გადმომდინარე იძულებულია, რადგან ხელშეწყობა არ აქვს“.
ამასთანავე, მოსამართლე აცხადებს, რომ ერთ-ერთ მიმოწერაში, თურქეთში დასაქმებასთან დაკავშირებით, დოროყაშვილი ამბობს, რომ შვილი ენატრება და, შესაბამისად, ვერ გააგრძელებს აქ მუშაობას.
ფიზიკური ძალადობა
2018 წლის აგვისტო
ერთ-ერთი ძალადობის ეპიზოდი, რომელიც ბასილაშვილის ბრალის დადგენილებაში წერია, 2018 წლის 28 აგვისტოთი თარიღდება. ეს ის დღეა, როდესაც, ნეკა დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა მასზე საათი—საათ-ნახევრის განმავლობაში იძალადა. შემდეგ კი ჩოგნებით სავსე ჩანთა ესროლა. ამ უკანასკნელის ამსახველი ვიდეომასალა მან სასამართლოშიც წარადგინა.
მოსამართლე მის გადაწყვეტილებას ამ ეპიზოდთან დაკავშირებით აღწერს ასე:
„დოროყაშვილი გვიყვება შემდეგს – 2018 წლის 28 აგვისტოს იმყოფებოდა აშშ-ში მეუღლესთან ერთად, ცხოვრობდნენ ერთ-ერთ სასტუმროში. გვიან ღამით მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი მოდის სასტუმროს ნომერში, მას აყენებს ფიზიკურ ძალადობას და ეს ფიზიკური ძალადობა ხორციელდება საათი—საათ-ნახევრის განმავლობაში. დაზარალებული ამბობს, რომ ამ ფიზიკური ძალადობის დროს მეუღლემ თმებით ითრია სასტუმროს ნომერში, მათ შორის, იატაკზე.
ასევე დაზარალებული ბრძანებს, რომ ამ საათ-საათ-ნახევრის განმავლობაში ძალადობა ხორციელდება ხელებითა და ფეხებით – ანუ ათრევენ თმებით და ძალადობენ ხელებითა და ფეხებით. დაზარალებული ბრძანებს, რომ ამ ძალადობის შემდეგ მეტს ვერ ვუძლებდი და მივიღე გადაწყვეტილება, განვრიდებოდი ამ სიტუაციას, ჩავწექი საწოლში და ვიფიქრე, რომ საწოლში რომ ჩავწვები, ნიკოლოზ ბასილაშვილი თავს დამანებებს. თუმცა, პარალელურად, იქვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ განახორციელოს ფარული ვიდეოჩანაწერი. ჩვენ, იურისტები ვთანხმდებით, რომ კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერების გაკეთება სამართლებრივად არ არის დასაშვები.
გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება თვითდახმარების მიზანს და განსაკუთრებით ოჯახის ძალადობის კატეგორიის საქმეში. თუ მსხვერპლი ჩანაწერს აკეთებს იმის გამო, რომ შექმნას მტკიცებულება, რომელიც უნდა წარადგინოს პოლიციის განყოფილებაში — მხოლოდ ამ შემთხვევაში არის დასაშვები კერძო პირის მიერ ფარული ვიდეოჩანაწერის გაკეთება. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დაზარალებული, რომელიც ბრძანებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ განეხორციელებინა ფარული ვიდეოჩაწერა, ამ ფარული ჩანაწერის დროს, როგორც დაზარალებული ბრძანებს, გრძელდება ძალადობა, გაბრაზებული ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს სასტუმროს ნომერი, თუმცა, იქამდე, დაახლოებით 20 კილო ჩანთას, რომელშიც მოთავსებულია ერთ ათეულზე მეტი ჩოგბურთის ჩოგანი – ამ ჩოგნებით დატვირთულ ჩანთას არტყამს მთელ სხეულზე. და მოსამართლეს აჩვენა მარჯვენა მხარე – თავიდან დაწყებული თითქმის ბოლო კიდურამდე.
სასამართლოს გაუჩნდა სამართლებრივად გონივრული მოლოდინი, რომ თვითდახმარების მიზნით ფარული ვიდეოჩანაწერის გაკეთების შემდგომ ნელი დოროყაშვილი წაბრძანდებოდა ამერიკაში, პოლიციის განყოფილებაში და ამ ჩანაწერს წარადგენდა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციის განყოფილებაში. მაგრამ ვხედავთ რას — ამ ჩანაწერის წარდგენა ხდება 2 წლის შემდგომ საქართველოში. ანუ სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა.
ნელი დოროყაშვილი ბრძანებს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დატოვა სასტუმროს ნომერი, ის იყო უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. მას ჰქონდა მცდელობა თვითმკვლელობის და მცდელობა თუ არა, აზრები, რომ ხომ არ მიემართა თვითმკვლელობისთვის. თუმცა ამის პარალელურად რა გვაქვს – ნიკოლოზ ბასილაშვილი მართლაც ტოვებს ნომერში მარტო ნელი დოროყაშვილს და ქალბატონი ნელი დოროყაშვილი თვითდახმარებისთვის შექმნილი ფარული ვიდეოჩანაწერი არ მიაქვს პოლიციის განყოფილებაში, ის მიდის დაბადების დღეზე. დაბადების დღეზე, სადაც მას, მისი ამ სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც აგვიხსნა ჩვენებაში, ობიექტურად არ უნდა ჰქონოდა არც უნარი საათ-საათ-ნახევრიანი ძალადობის შემდეგ, ხელებით, ფეხებით, 20-კილოიანი ჩანთით ტყორცნის შემდგომ. თუმცა ის მიდის საერთო მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც ასევე იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობრის საცოლე, რომელსაც ასევე ძალიან კარგად იცნობს ნელი დოროყაშვილი და როგორც იუბილარი ამ წვეულების, მოწმეს – ნელი დოროყაშვილს არ უთქვამს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი”.
მოსამართლე ციტირებს ამ მოწმეს და ამბობს, რომ მისი თქმით, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილზე დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა. ამის გამაბათილებელი სამედიცინო ექსპერტიზა კი ბრალდებას არ აქვს. ასევე, მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა გამოიკვლიეს ფოტო, სადაც დოროყაშვილის სხეული თითქმის სრულად ჩანს და არც აქაა ძალადობის კვალი.
„ვიდეოჩანაწერი რაღაცნაირად გახდა სპეკულაციის ნაწილი, ბრალდების ნაწილი ამბობდა, რომ ჩანს ამ ვიდეოჩანაწერში ძალადობა, დაცვა ბრძანებდა, რომ ძალადობა არ ჩანს. ობიექტური დამკვირვებლის თვალში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ძალადობის კვალი არ ჩანს. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნებოდა ექსპერტიზის დასკვნა და ის დაადგენდა, ჩანდა თუ არა ძალადობის ფაქტი. შესაბამისად, არ იყო საკმარისი მტკიცებულებები ამ ნაწილში“, – დასძენს ის.
საქართველოში ძალადობის ეპიზოდებზე საუბრისას მოსამართლემ ბასილაშვილის ციტატა მოიყვანა და თქვა, რომ „ეჭვიანობდა ნელი დოროყაშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე,“. სპორტსმენს დახურულ პროცესზე მოუსმინეს, იგი ამ სიტყვებით ამტკიცებდა, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.
ამასთანავე, მოსამართლემ თქვა, რომ საქმეში დევს ფოტო, სადაც ჩანს ადამიანის კიდური და მასზე აღბეჭდილი სისხლნაჟღენთი. თუმცა, დაუდგენელია, ვისი კიდურია ეს.
2020 წლის 21 მაისი
2021 წლის მაისზე საუბრისას მოსამართლე ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ დოროყაშვილი მივიდოდა მის საცხოვრებელ სახლში და „უჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ის რამეს გეგმავდეს“. ამ ეტაპისთვის ბასილაშვილთან იმყოფებოდა არასრულწლოვანი შვილიც.
ბასილაშვილი უკავშირდება ადვოკატს, შემდეგ კი სთხოვს ძმას, რომ სათვალთვალო კამერა დაამონტაჟოს.
მოსამართლე ამბობს, რომ ამ ეპიზოდზე მსჯელობისას უნდა დაყრდნობოდა ნეიტრალურ მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში კი ნეიტრალური მტკიცებულება დაცვის მხარის ,ბასილაშვილის ადვოკატების მიერ იქნა შემოთავაზებული:
„ეს იყო ვიდეო დაცვის სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან. ამ ვიდეოში ერთმნიშვნელოვნად არ ჩანს ძალადობის ფაქტი. არ ჩანს არა იმის გამო, რომ ლოკაცია იყო სხვა. ლოკაცია იგივე ჩვენებების მიხედვით, თუმცა არ ჩანს ფიზიკური ძალადობა.
ამის შემდგომ, როგორც ნელი დოროყაშვილი ბრძანებს, იგი ტაქსით გადაადგილდება კონკრეტულ მისამართზე და რეკავს 112-ში. იგი მართლაც იძახებს პოლიციას, რამეთუ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ მისამართზე. ოპერატორი ეუბნება, ხომ არ სჭირდება სასწრაფო დახმარების ბრიგადა. კატეგორიულად და დაბეჯითებით ნელი დოროყაშვილი ეუბნება, რომ მას არ სჭირდება სასწრაფო დახმარება. არადა, ის ბრძანებს, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და დაზიანება მიიღო განზრახ ამ სავარაუდო ინციდენტის დროს“.
მოსამართლე დასძენს, რომ 112-ის ოპერატორმა დაიყოლია დოროყაშვილი სასწრაფოს გამოძახებაზე. ექიმმა დოროყაშვილი შეამოწმა, შემდეგ კი სასამართლოზეც დაიკითხა. მოსამართლე ამბობს, რომ ექიმის თქმით, ნეკა დოროყაშვილის სხეულზე აღენიშნებოდა ექსკორიაცია – კანის დაზიანება. თუმცა, ექსპერტის დასკვნაში ნახსენები იყო სისხლნაჟღენთი.
„სხეულზე ნანახი იქნა სისხლნაჟღენთი. ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა ასეთი ვერსია. სისხლნაჟღენთი ეს არის ექსპერტული ტერმინი, რაც შეიძლება არ იცოდეს ექიმმა. ამ ვერსიაში სასამართლო ვერ დაეთანხმება, რამეთუ სისხლნაჟღენთი ეს არის სწორედ სამედიცინო ტერმინი“, — ამბობს ის.
„მინდა მოვუწოდო სხვა მსხვერპლებს, რომ მათ მყისიერად მიმართონ პოლიციის ორგანოს ძალადობის დროს. თუ თავად ვერ მიმართავენ, სხვას სთხოვონ, რომ მათი დახმარებით შეტყობინების მიღება პოლიციის განყოფილებაში, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხედავს ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მისი პირდაპირი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, ეს შეატყობინოს პოლიციას.
სასამართლო ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხების მიმართ“, – თქვა მოსამართლემ პროცესის ბოლოს. მას სიტყვა დარბაზში მსხდომმა მოქალაქეებმა გააწყვეტინეს და გააკრიტიკეს გადაწყვეტილების გამო.
„ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას“ – დოროყაშვილი
პროცესის შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ნეკა დოროყაშვილი. მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აზიანებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
„სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭეს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა. მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10- წუთიან რეპლიკას, სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს!
2-წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 10- წუთიან ბრალდებულის რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე, არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო. ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობაგამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული სტერეოტიპებით, ნაცნობობით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?! “ – წერს დოროყაშვილი.
ნეტგაზეთთან გადაწყვეტილებას ასევე აკრიტიკებს ნელი დოროყაშვილისა და მისი შვილის ინტერესების წარმომადგენელი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი – ანა თავხელიძე.
ის ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არაერთი შეცდომა და ხარვეზი დაუშვა, რაც შემდგომ უპირველესად დააზიანებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
„სამართლებრივ შეფასებას რაც შეეხება – პირდაპირ ვიტყვი, დღეს ჩვენ მოვისმინეთ სტერეოტიპების ფრქვევა. დაზარალებულის დამუნათება, შერცხვენა იმის გამო, რომ თურმე მაშინვე რატომ არ წავიდა პოლიციაში, რატომ არ ჩაიტარა ექსპერტიზა, რატომ არ გადაიღო ფოტოები ისე, რომ დაზიანებებთან ერთად სახეც გამოსჩენოდა და სხვა.
მოსამართლე მოითხოვდა, რომ ეს მტკიცებულებები ისე შეეგროვებინა და სამართლებრივად ისე მოქცეულიყო დაზარალებული, როგორც, მაგალითად, ადვოკატები მოვიქცეოდით, პროკურორი ან გამომძიებელი მოიქცეოდა. როგორ წარმოუდგენია ამ მოსამართლეს, ქალები, რომლებსაც ხშირად არც საინფორმაციო და არც ფიზიკური წვდომა არ აქვთ ტექნიკურ საშუალებებზე – როგორ წარმოუდგენია მოსამართლეს მათზე ამის დავალდებულება?!
დღეს მან პირდაპირ ეთერში, საჯაროდ მსხვერპლებს უთხრა, რომ თუ ამას არ აკეთებ, მაშინ მსხვერპლად არ გაღიარებ“.
ანა თავხელიძის თქმით, ასევე მიუღებელი იყო დაზარალებულის შერცხვენა და დამუნათება იმის გამო, რომ ძალადობის შემდეგ იღიმოდა ან წვეულებაზე წავიდა- „ასეთი პოზიცია სასამართლოს მხრიდან დაზარალებულის ქცევაზე მე არასდროს არ მომისმენია და წამიკითხავს, როგორც ყველაზე ცუდი მაგალითი საერთაშორისო თუ ქართულ ლიტერატურაში“.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, იურისტი ამბობს, რომ შეცდომა და ხარვეზი ბევრია, მათ შორის ის, რომ მოსამართლემ განაჩენი დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე – ფოტომასალებზე, რომელიც საქმეში არ დევს. ამასთანავე, სრულად გაიზიარა ბრალდებულის – ნიკოლოზ ბასილაშვილის მონათხრობი.
„პირველი, რასაც ნებისმიერ სამართლებრივ ლიტერატურაში ამოიკითხავთ, არის ის, რომ ხშირად ძალადობის მსხვერპლს არ აქვს უნარი მაშინვე წავიდეს პოლიციაში და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ მოსამართლემ უნდა იცოდეს კარგად, რომ მსხვერპლები მაშინვე ვერ მიდიან პოლიციაში – მთელი უბედურება და სიმძიმე ამ დანაშაულის სწორედ ამაში მდგომარეობს.
დღეს მოსამართლემ ამის გამო მსხვერპლი ამუნათა და შეარცხვინა. თან ქალებს მოუწოდა, მაშინვე წადით პოლიციაშიო. რა მოლოდინი აქვს მოსამართლეს, რას ფიქრობს, რა წარმოუდგენია – რომ ქალი, რომელიც ახლა არის ძალადობის მსხვერპლი, უსმენს ამ პროცესს, რას იფიქრებს?!
სამწუხაროდ, სასამართლომ ვერც მიუკერძოებლობის, ვერც მგრძნობელობისა და ვერც დამოუკიდებლობის ტესტი ვერ ჩააბარა. ამ მოსამართლეს, არაერთ განაჩენში, სადაც ნაკლებად ცნობილი ბრალდებულები არიან, თავისი ხელით არაერთხელ ჩაუწერია, რომ ფიზიკური ძალადობის დასადგენად არ არის აუცილებელი ფიზიკური დაზიანების კვალი გეტყობოდეს. და ეს იცის იურიდიული ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის ყველა სტუდენტმა.
კარგად იცის ეს მოსამართლემაც, უბრალოდ გაოცებული ვართ ამ გადაწყვეტილებით“, – აცხადებს ანა თავხელიძე და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარვეზები ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციაში არ გამოსწორდება – „ჩვენ ვიდავებთ საერთაშორისო დონეზე“.
„მიხარია სამართლიანი განაჩენი“ — ბასილაშვილი
პროცესის შემდეგ რუსთავი 2-თან საუბარში ბასილაშვილმა თქვა, რომ მისთვის ეს 2 წელი განსაკუთრებით რთული იყო და ამ პერიოდში სრულად ჰქონდა გაწყვეტილი ურთიერთობა შვილთან .
„ჩემს კარიერაზე ღიად გამოჩნდა [ეს პროცესი], მაგრამ პრიორიტეტი ჩემთვის სიმართლის დამტკიცებაა და ჩემს შვილთან. ღრმად მქონდა გულში, 2 წლის განმავლობაში საერთოდ არანაირი კავშირი არ მქონდა. ჩემთვის კორტზეც პოზიტიურად აისახება, დარწმუნებული ვარ“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, არ აპირებს ნელი დოროყაშვილზე ნეგატიურად ისაუბროს, რადგან არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება და მომავალში ამ ყველაფერს ნახავს.