ახალი ამბები

„განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას“ – სასამართლო ფსიქოლოგი ნელი დოროყაშვილზე

27 მაისი, 2021 • 7796
„განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას“ – სასამართლო ფსიქოლოგი ნელი დოროყაშვილზე

დღეს, 27 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა. ამ პროცესზე ბრალდების მხარის ორ მოწმეს მოუსმინეს.

ბავშვთა და სამხარაულის ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგებმა დღეს მოსამართლეს უამბეს ნელი დოროყაშვილისა და მის არასრულწლოვანი შვილის ფსიქოლოგიურ მდომარეობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-19 დარბაზი. ადგილი, სადაც ბასილაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სხდომის ის ნაწილი, სადაც არასრულწლოვანზე საუბრობდნენ, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დაიხურა. მეორე ნაწილი კი – ანუ დოროყაშვილის ფსიქოლოგის, მარიამ მათიაშვილის ჩვენება საჯარო იყო. სწორედ ის წერს თავის ექსპერტიზაში, რომ ქალი ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებისა და მათ შორის ძალადობის შედეგია.

პროცესს დისტანციურად ესწრებოდა თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც. მას მოწმეებისთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამს.

რას ჰყვება ფსიქოლოგი?

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საათ-ნახევარზე მეტი უსმენდა დღეს ლევან სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქოლოგს, მარინა მათიაშვილს. მათიაშვილი საქმეში 2020 წლის ივნისში, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებში ჩაერთო.

სხვა გარემოებებთან ერთად, როგორც საქმის მასალების, ასევე დოროყაშვილთან გასაუბრების შედეგად, მას უნდა დაედგინა ან არ უარეყო, განიცადა თუ არა ქალმა ფსიქოლოგიური ტანჯვა ბასილაშვილის მხრიდან ძალადობის შედეგად.

„დოროყაშვილის მდგომარეობა შეფასდა ფსიქოლოგიურ ტანჯვად“, — თქვა ექსპერტმა სასამართლოზე.

მან განმარტა, რომ როგორც წესი, მათი დასკვნები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ფსიქოლოგიურ ტესტს გასაუბრებაზე და სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, დასკვნა კომპლექსურია და რამდენიმე მონაცემზე დაყრდნობით კეთდება.

როგორც მარინა მათიაშვილი იხსენებს, ნელი დოროყაშვილს მას ადვოკატის თანდასწრებით გაესაუბრა. მისი თქმით, საუბრისას ქალი იყო შესამჩნევად სევდიანი, საუბრობდა შედარებით ნელა, თუმცა, გარკვევით, ვრცლად და ქრონოლოგიურად. არ არსებობდა ნელი დოროყაშვილის გაგების პრობლემა.

ქალის საუბრიდან ფსიქოლოგი იხსენებს, რომ 2014 წლიდან, ანუ დოროყაშვილისა და ბასილაშვილის თანაცხოვრების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ურთიერთობამ ყოველდღიური შეურაცხმყოფელი დინამიკა შეიძინა, გაჩნდა განხეთქილება. ფსიქოლოგს თან ჰქონდა ამონარიდი დოროყაშვილის გასაუბრებიდან.

აი, რას ჰყვება დოროყაშვილი ამ ამონარიდში:

„პირველი თვეებიდანვე მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. თაფლობის თვეში, უცხოურ სასტუმროში დედამთილის მოთხოვნა იყო, რომ ლეპტოპში ვიდეოთვალი ჩართული ყოფილიყო. მე და ნიკა ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ მარტო არასდროს ვყოფილვართ. მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი.

მსუბუქი კონფლიქტები ჩემსა და ნიკას შორის თავიდანვე დაიწყო. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი…..არადა, თავიდან დედამთილთან კარგი ურთიერთობა მქონდა. თითქმის მეგობრული.

მოთხოვნებს არ ვაპროტესტებდი, ვასრულებდი, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა. განრიდება ხდებოდა ჩემი ყველაფრისგან, ნიკასგან განრიდებაც…. მაგალითად, [მეუბნებოდნენ]: შენ ბავშვი გააჩინე, ტურნირებზე აღარ იარო..

ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები მშობიარობის შემდეგ, ქალის ფსიქიკა ლაბილურია [არამტკიცე] და ხშირად გიჟდებიან. ეს გამონათქვამები თანდათან მე მეხებოდა: მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბილურია და დიდი ალბათობით, გაგიჟდები და ბოლოს ფორმა მიიღო, გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ძალიან მეშინოდა, თუმცა თავაზიანად ვიქცეოდი“, — სასამართლო პროცესზე დოროყაშვილის მონაყოლი წაიკითხა ფსიქოლოგმა. ამავე ამონარიდში შემდეგ ნათქვამია, რომ წლების შემდეგ ძალადობა დამძიმდა და 2017 წლისთვის აგრესიული სახე მიიღო.

სხდომის მიმდინარეობისას კითხვებზე საპასუხოდ ფსიქოლოქმა აღნიშნა, რომ უფრო ვრცლად შეუძლია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბარი, თუმცა დოროყაშვილი ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებსაც იხსენებდა. მაგალითად, თმების მოქაჩვას, საჭმლის თავზე გადაყრას, ხელის დაგრეხვას და სხვას.

ამასთანავე, მარინა მათიაშვილი აცხადებს, რომ დოროყაშვილი საუბრობდა ისეთ სისტემატურ შემთხვევებზე, როგორიცაა მისი პიროვნების გაუთვალისწინებლობა ქმრის ოჯახის მხრიდან, დამცირება და დამაკნინებელი დამოკიდებულება.

მარინა მათიაშვილი სასამართლო პროცესზე. 27 მაისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სხდომის უმეტეს ნაწილი დაცვის მხარის, ანუ ბასილაშვილის ადვოკატების კითხვებს დაეთმო. 3 ადვოკატი ფსიქოლოგს ათობით კითხვას რიგრიგობით უსვამდა. კითხვები შეეხებოდა როგორც მისი მუშაობის მეთოდოლოგიას, ასევე, დოროყაშვილის ჟესტიკულაციას გასაუბრებისას, მისი მონათხრობის შინაარსსა და სხვა ფაქტობრივ დეტალებს.

თუმცა დაცვის მხარეს ძირითადად აინტერესებდა ის, თუ რამდენად დარწმუნებულია ფსიქოლოგი, რომ ნელი დოროყაშვილი მას სიმართლეს უყვებოდა .

„არ დამრჩენია განცდა, რომ მცდარ ინფორმაციას მაწვდის“, — განაცხადა ფსიქოლოგმა.

„იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში არ დადასტურდა გამოძიების ეტაპზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობა, ასეთ დროს, ის ინფორმაცია, რაც თქვენ გადმოგცათ და რის საფუძველზეც გაეცით დასკვნა, არ დადასტურდა ეს მტკიცებულებით, როგორ შევაფასოთ თქვენი დასკვნა?“- ჰკითხა ფსიქოლოგს ბასილაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა თეონა გვაზავამ, რაზეც მარინა მათიაშვილმა უპასუხა:

„ისეთნაირადვე ფსიქოლოგიურ ნაწილში, როგორც არის, იმიტომ, რომ ჩემთვის საკვლევი საგანი არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ფსიქოლოგიურ მდგომარეობა იმან გამოიწვია, იმ გარემოებამ თუ ამ გარემოებამ — ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება, ნიკო ბასილაშვილის ქმედებამ გამოიწვია თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ამას ტესტი არ ადგენს… ეს არის დანარჩენი ორი კომპონენტის  პრეროგატივა, სისხლის საქმის მასალებისა და გადმოცემული ინფორმაციის მიღებული…

გამოსაკვლევი პირის მიერ გადმოცემული ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“, — თქვა ექსპერტმა და განმარტა, რომ თეორიულად, კონფლიქტში ჩართული პირი რომც შეიცვალოს, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე ეს გავლენას არ მოახდენს.

მხარეების განცხადებები სასამართლოს შემდეგ

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ შევიდოდა მტკიცებულებების შინაარსობრივ განხილვაში. იგივე თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამაც. როგორც მან აღნიშნა, „შეფასებას გავაკეთებთ დასკვნით სიტყვაში“. მისივე თქმით, ბასილაშვილი კვლავ იმავე პოზიციაზე რჩება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა თავხელიძე, რომელიც ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელია, აცხადებს, რომ დღევანდელმა მოწმეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რაც დოროყაშვილმა თავის ჩვენებაში თქვა. მან ასევე ისაუბრა ბავშვის ფსიქოლოგის ნაწილზეც და თქვა:

„ბავშვის ინტერესია, რომ მასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია საჯარო არ გახდეს, თუმცა, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვის ფსიქოლოგის მიერ მიცემული ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც მან გამოძიებაში რეკომენდაცია/ცნობა გასცა და, ამავდროულად, ბრალდების საფუძვლიანობა, რაც წარდგენილი აქვს ბასილაშვილს, გაამყარა“, —  განაცხადა ადვოკატმა.

ანა თავხელიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა 23 ივნისს გაგრძელდება.


წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.

პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის რეპორტაჟი წინა სხდომიდან:

“ემჩნეოდა სიწითლე…” “ტიროდა გაუჩერებლად” — მოწმეები ნელი დოროყაშვილზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი