ახალი ამბები

„ბასილაშვილის სტატუსის გამო მეგონა, არავინ დამიჯერებდა“ — სასამართლოში დოროყაშვილის გამოკითხვა გრძელდება

14 სექტემბერი, 2022 • 760
„ბასილაშვილის სტატუსის გამო მეგონა, არავინ დამიჯერებდა“ — სასამართლოში დოროყაშვილის გამოკითხვა გრძელდება

დღეს, 14 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა გააგრძელა, რომელიც ჩოგბურთელს თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროცესზე დოროყაშვილმა ასევე ისაუბრა საქმეში არსებულ იმ ვიდეო და აუდიომტკიცებულებებზე, რომელიც ბრალდების მხარის თქმით, ბასილაშვილის მხრიდან ცოლზე ძალადობას ასახავს.

ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც მედიითაც გავრცელდა, ნიუ იორკში მომხდარ ინციდენტს ასახავს, რომლის დროსაც, დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჩოგნებით სავსე ჩანთაც ესროლა. დღევანდელ სხდომაზე დოროყაშვილმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ ინციდენტს წინ უძღოდა.

მისი თქმით, ინციდენტის დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილთან რამდენიმე საათის განმავლობაში კომუნიკაცია დაკარგული ჰქონდა და ღელავდა, ჩოგბურთელს რამე ხომ არ შეემთხვა. დოროყაშვილის თქმით, იცოდა, რა დროს უნდა დაბრუნებულიყო ბასილაშვილი სასტუმროში, რადგანაც მეორე დილას ვარჯიში ჰქონდა, რომელზეც ვერ დაიგვიანებდა, და თავადაც სასტუმროში მივიდა, სადაც ქმარი არ დახვდა. ბასილაშვილის მისვლის შემდეგ კი, დოროყაშვილის თქმით, კონფლიქტი დაიწყო.

დაზარალებული აცხადებს, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე საუბარი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედასთან ჰქონდა, რა დროსაც ოჯახის გარკვეული შენაძენით დაინტერესდა. დოროყაშვილი ვარაუდობს, რომ საუბრის შესახებ ბასილაშვილმა სწორედ ინციდენტის დღეს შეიტყო, რადგანაც დოროყაშვილის განცხადებით, სასტუმროს ნომერში შემოსვლისთანავე ბასილაშვილი მის მიმართ აგრესიული იყო და ეუბნებოდა, რომ ქალს არაფრის კითხვის უფლება არ ჰქონდა. დოროყაშვილი აღნიშნავს, რომ მედიით გავრცელებულ ვიდეოში უკვე კონფლიქტის ბოლო ეპიზოდი ჩანს, რა დროსაც ბასილაშვილს ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდა, მათ შორის, ჩოგნების ჩანთაც, რომელიც ქალის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას ესროლა:

„მე ვიყავი საწოლის მარჯვენა მხარეს. გარდა იმისა, რომ ამ მძიმე ჩანთას მირტყამს, ვიდეოშიც ჩანს, რომ ჩოგნების აღება თვითონაც უჭირს, შემდეგ ტანსაც აყოლებს და თვითონაც მეცემა. კითხვა იყო, რატომ გაითიშა კადრიო, როდესაც რაღაცას გირტყამენ, ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ და ამ დროს ალბათ გამივარდა ტელეფონი“, – ამბობს დოროყაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ მოვლენებს წინ უძღოდა რამდენიმე დარტყმა და თმის მოქაჩვა.

დოროყაშვილის თქმით, ვიდეოს გადაღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ფიქრობდა, თუ რამე დაემართებოდა, მის ტელეფონს სასტუმროს დამლაგებელი მაინც იპოვიდა და გაირკვეოდა, რა მოხდა:

„უკვე ჩალაგებული აქვს ყველა ჩემოდანი. იმ ჩოგნის ჩანთასაც რომ მესვრის, ისიც ჩალაგებული ჰქონდა. ეს ძალადობის ბოლო ეპიზოდი იყო. აღარც მქონდა მოლოდინი, რომ კიდევ იძალადებდა, მეგონა, დამთავრდებოდა რაღაც ეტაპზე. კამერა ჩავრთე იმიტომ, რომ მეგონა, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ვფიქრობდი, რამე რომ დამემართოს ან ნერვიული სტრესის გამო ვინმე ნახავს, რა დამემართა, იმ მომენტში ამას ვფიქრობდი.

ამ ჩანაწერს ახლაც რომ ვუსმენ, თითქოს იმდენად შეჩვეული ვიყავი მისი მხრიდან ძალადობას, ცუდად მხვდება ყურში ის სიტყვები, რასაც ვამბობ. თითქოს მიზეზის გარკვევას ვცდილობ. რაში სჭირდება მიზეზის გამოკვლევა, როცა ადამიანი გირტყამს? იმდენად მიჩვეული ვიყავი ფიზიკურ ძალადობასაც, რომ მე ვეუბნებოდი, უსამართლოდ მირტყამ-თქო. აქაც ვიკვლევ მიზეზს “უსამართლო“ დარტყმაა თუ “სამართლიანი“, — ამბობს დოროყაშვილი.

ქალის თქმით, ბასილაშვილი ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა. დოროყაშვილი აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, როდესაც ნეკა დოროყაშვილი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო, ნიკოლოზ ბასილაშვილი საპირფარეშოში შედიოდა და მუსიკას მაღალ ხმაზე რთავდა. დოროყაშვილის თქმით, ეს განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში ხდებოდა, თუ ქალი ძალადობის შემდეგ ტიროდა:

„ძალადობის შემდეგ ნიკოლოზი შედიოდა ტუალეტში, კეტავდა კარს და რთავდა მაღალ ხმაზე მუსიკას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მე ვტიროდი. ამ შემთხვევაში წვერის საპარსი ჩართო. მე განცდა მრჩებოდა, რომ როდესაც ყველაზე ცუდად ვიყავი, ფიზიკური ძალადობიდან ფსიქოლოგიურზე გადადიოდა. მე მქონდა უკვე ბოლო პერიოდში იმის განცდა, ამას ხომ არ აკეთებს იმიტომ, რომ მე ჩემით მოვიკლა თავი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში როცა ვიყავი, ასე იქცეოდა. ეს შეიძლება გაგრძელებულიყო ნახევარი საათი, ერთი საათი“, — ამბობს დოროყაშვილი.

კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, რომელთან დაკავშირებითაც დოროყაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, ბასილაშვილის მხრიდან ფორმალურ განქორწინებას ეხებოდა.

ქალი ამბობს, მას შემდეგ, რაც თანაცხოვრების პერიოდში წყვილს გარკვეული საერთო ქონება გაუჩნდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისთვის დაიწყო მოთხოვნა, იუსტიციის სახლში განქორწინებულიყვნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, თანაცხოვრება გაეგრძელებინათ. დოროყაშვილის თქმით, ამაზე საუბარი ბასილაშვილთან არაერთხელ ჰქონია. მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება მისთვის მიუღებელი იყო და მიიჩნევდა, რომ თუ ქმარს გაშორდებოდა, ამით მათი ურთიერთობაც უნდა დასრულებულიყო.

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილს სურდა საკუთარი რეპუტაციისთვის ფორმალურად ოჯახი შეენარჩუნებინა, თუმცა ქონებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ სურდა, ეს იურიდიულად ყოფილიყო გაფორმებული:

„ჩვენ კონფლიქტები გვქონდა მუდმივად და ასეთი საუბრებიც იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე არსებობდა ქონება, რომელიც თანაცხოვრებაში იყო შეძენილი. მახსოვს, ნიკოლოზი მთხოვდა განქორწინებას, ოღონდ ქორწინებაში ვიყოთ ისევო. ქონებრივი ინტერესიდან გამომდინარე უნდოდა განქორწინება, თუმცა სურდა გაგვეგრძელებინა თანაცხოვრება ქონების გაფორმების შემდეგ.

მას უნდოდა ჩემთან ერთად ცხოვრება რეპუტაციულად, უბრალოდ, ქორწინების გარეშე, იმიტომ, რომ ის ქონება,რაც ჩემს სახელზე იყო, გადაეფორმებინა. მე მახსოვს, წავყევი იუსტიციის სახლში, რომ მივედით, დაქოქა მანქანა და არაო, მოდი, არ გავაწეროთ ხელი და შევრიგდეთო. არ ვიცი, ამ დროს სენტიმენტები მოეძალა თუ რა მოხდა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ხელი გავაწეროთ და ერთად ვიცხოვროთ. მე ვეუბნები, ჩანაწერში თუ ქონებებზე საუბრობ, მე შემიძლია გადმოგიფორმო ან დედაშენს გადავუფორმო-მეთქი და ზუსტად მაგიტომ წავყევი იუსტიციის სახლშიც“ ,— აცხადებს ნეკა დოროყაშვილი.

მისი თქმით, ამ მიზნით ბასილაშვილი მამასთან ერთად დოროყაშვილის მშობლებთანაც იყო მისული ისე, რომ ქალმა ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მისი მშობლებისგან მოითხოვდა ცოლთან განქორწინებას და ასევე მათ სთხოვდა გარანტიას, რომ ამის შემდეგ 6-7 წელი ნეკა ხელახლა არ გათხოვდებოდა.

ჩოგბურთელის ყოფილი ცოლის თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ისე უყურებდა,  როგორც ნივთს და პირადი ცხოვრების გაკონტროლებას სხვა ადამიანების მეშვეობით ცდილობდა.

კითხვაზე, რატომ ითმენდა ქმრის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას და რატომ არ გაშორდა ბასილაშვილს, დოროყაშვილი აცხადებს, რომ სჯეროდა, თუ მოითმენდა, ქმარი მის მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლიდა:

„მე მეგონა, ყოველი ბოდიშის მერე ის მართლა შეიცვლებოდა, აღარ დამარტყამდა. ბოდიშებს რომ მიხდიდა, მე მართლა მჯეროდა, ის ამას აღარ გააკეთებდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიზეზი იყო. იყო ისიც, რომ ოჯახი გვქონდა ამდენი ხანი. მე მიმაჩნდა, ძალიან ბევრი შრომა და ენერგია დავხარჯე მასთან ყოფნაში, მის კარიერაში, რაც მენანებოდა, რადგან მე მქონდა მასში ჩადებული ემოცია და მენანებოდა ამის დაკარგვა გაუაზრებლად. ვფიქრობდი, იქნებ შეიცვალოს, გაიზარდოს, ფსიქოლოგთან წამომყვეს. ჩემს თავს ვაიმედებდი, რომ ამ ყველაფერს გადავლახავდით ერთად. ვფიქრობდი, მოვითმენ, იქნებ რამე შეიცვალოს“ ,- თქვა სასამართლოზე ნეკა დოროყაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლოზე წარმოდგენილი აუდიო და ვიდეომტკიცებულებების ჩაწერას, დოროყაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტისას, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ეუბნებოდა, რომ პოლიციას მიმართავდა, ქმარი ხშირად ეუბნებოდა, რომ მას არავინ დაუჯერებდა და ქმრის მხრიდან ძალადობას ვერაფრით დაამტკიცებდა:

„უკვე ბოლოსკენ,აღარ ვცდილობდი ამ მტკიცებულებების მოპოვებას. სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა, ყური შეჩვეული მქონდა და არ მქონდა განცდა, რომ რამე სიახლე იყო. ბუნებრივია, ყველაფერს ვერც აღბეჭდავ. ახლა მე რომ ამას ვამბობ, მიწევს მოყოლა, მე რა გადავიტანე. მე რომ არ მქონდეს მტკიცებულება, ბევრად უფრო გამიჭირდებოდა მომეყოლა, რა გადავიტანე.

მე მეგონა, რადგან ნიკოლოზს ჰქონდა თავისი სტატუსი, მე მქონდა აღქმა, რომ არავინ დამიჯერებდა, რაიმე სახის მტკიცებულება რომ არ მქონოდა. თან თვითონაც მეუბნებოდა, რა უნდა განაცხადოო. მე მითქვამს მისთვის, რომ პოლიციას მივმართავდი, რომ შეშინებოდა და შეეწყვიტა ჩემზე ძალადობა, რა დროსაც ის მიმეორებდა, ვინ დაგიჯერებს, რას მოუყვები და შენ სიტყვაზე დაგიჯერებენ? ვფიქრობდი, თუ იმ დონემდე მივიდოდი, რომ პოლიციის დახმარება დამჭირდებოდა, არავინ მენდობოდა“, – ამბობს დოროყაშვილი.

სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვას 28 სექტემბერს გააგრძელებს. სხდომაზე ნეკა დოროყაშვილს უკვე ბასილაშვილის ადვოკატები გამოკითხავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი