საზოგადოება

ღარიბაშვილისა და „ოცნების“ ანტიუკრაინული ქმედებები ომის დაწყების შემდეგ

1 მარტი, 2022 • 5095
ღარიბაშვილისა და „ოცნების“  ანტიუკრაინული ქმედებები ომის დაწყების შემდეგ

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა, ომის ეპიცენტრში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების არაერთი ანტიუკრაინული განცხადება და ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მასშტაბური ომი წამოიწყო. ნეტგაზეთი გთავაზობთ ამ ამბების ჩამონათვალს.

1. უკრაინის საკითხზე ჩაშლილი სხდომა პარლამენტში

უკრაინაში შეჭრიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, უკრაინის საკითხზე მოწვეულ სხდომას უმრავლესობის 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრებოდა, დარჩენილი 61 ოპოზიციონერი დეპუტატი კი ვერ შეკრავდა ქვორუმს, ანუ ვერ მოაგროვებდა 76 ხმას. შესაბამისად, სხდომა ჩაიშლებოდა, რაც ზუსტად ასე მოხდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადება, არამედ „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“.

2. „მე მაქვს ჩემი საქმე…. ომი უკრაინაშია…“

„ქართული ოცნების“ 25 თებერვლის ანტიუკრაინულ ქმედებას მალევე მოჰყვა მსგავსი შინაარსის განცხადება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან.

იუნკერთა მემორიალთან მისულ ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა პარლამენტში მისვლას და უკრაინის საკითხზე საუბარს, ასევე, უკრაინაში ომის კონტექსტში საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების კანონმდებლობისთვის გაცნობას.

რაც შეეხება იმას, პარლამენტის სხდომა უნდა გამართულიყო თუ არა, რა თქმა უნდა, მე არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის აქტიურობა უკრაინის საკითხზე არის „პროვოკაცია“ და „2008 წლის უბედურების გამეორების მცდელობა“.

3. „საქართველო არ უერთდება სანქციებს“

უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში დასავლურმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რუსი ოლიგარქებისა და კომპანიებისთვის.

„საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით,“ – თქვა ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, იუნკერთა მემორიალთან.

მან ასევე დასძინა, რომ არ აპირებს უკრაინაში ჩასვლას და ეს „არაფრის მომცემია“.

„კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დახურული არის საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია“, – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„სამარცხვინო!“, „ვემიჯნები ღარიბაშვილს!“,  „პრემიერის განცხადება არ შეესაბამება ქართველი ხალხის განწყობას!“ — ამ შინაარსის განცხადებები მალევე გაავრცელეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ომბუდსმენმა, მოქალაქეებმა. 25 თებერვალს კი უკვე თბილისში, საღამოს, მასშტაბური აქცია გაიმართა უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, სადაც ღარიბაშვილის განცხადებებიც გააპროტესტეს.

ღარიბაშვილის განცხადებები მოსკოვში საქართველოს „გამოჯანმრთელებად“ შეაფასეს.

4. ანტიუკრაინული განცხადებები მთავრობის სხდომაზე

ირაკლი ღარიბაშვილის ანტიუკრაინული განცხადებები ზემოჩამოთვლილით არ ამოწურულა. მან 28 თებერვლის მთავრობის სხდომა კვლავ ანტიუკრაინული განცხადებებით დაიწყო და გააგრძელა იმ არგუმენტების ჩამოთვლა, რის გამოც საქართველო ვერ ბედავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეერთებას.

„ანუ, რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ვის მოაკლდება ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება 1 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ გადმორიცხვას, მაგალითად რომ ვთქვათ, თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს”, — თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მათ ღარიბაშვილის განცხადება პრორუსული ნარატივის შემცველად შეაფასეს.

5. „კიევი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინ არის… სანქციები არაეფექტურია“

ირაკლი ღარიბაშვილმა 28 თებერვალს ასევე თქვა, რომ „დღეს ევროპაში, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, ვხედავთ, რომ დღეს არავინ არ არის“.

„ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. დღეს უკრაინაში ვინ ომობს? — უკრაინის ჯარი. ამიტომ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ანტიუკრაინული რიტორიკა გააგრძელეს მთავრობის წევრებმა — თეა წულუკიანმა და დავით ზალკალიანმა. მათ თქვეს, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას.

„საქართველო „ყოვლისშემძლე“ არ არის და მისი ეროვნული ინტერესია, რომ ქვეყანაში ომი არ დაუშვას. საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მესმის, მტკივნეულია მოისმინოთ, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა ქვეყანა, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი”, — თქვა თეა წულუკიანმა 28 თებერვლის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთს რამდენიმე წუთი დასჭირდება, საქართველო დააყენოს თავდაყირა“.

ღარიბაშვილისა და მთავრობის წევრთა განცხადებები ოპოზიციამ რუსულ ნარატივად და რუსული პროპაგანდის გამეორებად შეაფასა.

„თქვა, რომ უკრაინაში ომის შემაჩერებელი თურმე არავინ არის – ეს არის რუსული პროპაგანდა, ეს არის რუსეთის მხარეს დგომა, ეს არის საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციისთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის ზურგის ჩვენება! რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეწყვეტა კი არა, მთავარი პროპაგანდისტი უდგას ქვეყანას სათავეში“, – ფეისბუკზე დაწერა პარლამენტარმა ხათუნა სამნიძემ.

6. აკრძალული რეისი

საქართველოს ხელისუფლებამ 28 თებერვალს უარი უთხრა უკრაინულ მხარეს ჩარტერული რეისის შესრულებაზე, რომელსაც საქართველოდან უკრაინაში უნდა წაეყვანა მოხალისეები და წაეღო მოქალაქეთა ინიციატივით შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს გამბედაობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“, – დაწერა ტვიტერზე უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა.

7. პარლამენტში უკრაინის ელჩი არ მიიწვიეს

უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოწვევის საკითხი ოპოზიციამ 28 თებერვალს დააყენა.
„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებდა, რომ კარგი იქნებოდა, პირადად ელჩისგან მოესმინათ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. სამადაშვილმა მაგალითად მოიყვანა გერმანიის ბუნდესტაგი, სადაც უკრაინის ელჩს ბუნდესტაგის წევრები ტაშით შეეგებნენ. სამადაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, მსგავსი რამ საქართველოს პარლამენტშიც მომხდარიყო და ამით უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატათ.

თუმცა უმრავლესობის წევრებმა მათი მოთხოვნა არ გაიზიარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციას უნდა, ელჩის თანდასწრებით უმრავლესობის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენოს, რის საშუალებასაც არანაირად არ მისცემს.

8. „იარაღის მიწოდება გამოსავალი არ არის“

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საკმარისი არ არის.

დასავლური სახელმწიფოები ამ დროისთვის უკვე ამბობდნენ, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე საათები იყო დარჩენილი. უკრაინა კი სახელმწიფოებისგან იარაღის მიწოდებას ითხოვდა.

„ზოგადად, მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების, დიპლომატიის გზით. ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით“, — თქვა ღარიბაშვილმა.

ომის დაწყებიდან მალევე არაერთმა სახელმწიფომ გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელთა შორის არის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაგამანადგურებლები და ა.შ.

9. რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 1 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.

რეზოლუციის ავტორი მხოლოდ “ქართული ოცნებაა”.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ითხოვდა რეზოლუციის ტექსტში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, “ქართულმა ოცნებამ” ეს არ გაითვალისწინა.

როგორ დაეხმარა მთავრობა უკრაინას

მიუხედავად კონკრეტული ანტიუკრაინული განცხადებებისა და ქმედებებისა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა ეს პრეტენზია მათ მიმართ უსამართლოა. ამის დასტურად ისინი ახსენებენ თავიანთ განცხადებებს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ გაავრცელეს და დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

მაგალითად, ღარიბაშვილმა 24 თებერვალს ტვიტერზე ინგლისურად დაწერა: “ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ. სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.

გარდა ამისა, ომის დაწყების შემდეგ მთავრობამ განაცხადა, რომ „პირადად ღარიბაშვილის ინიციატივით“ 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს უკრაინაში.

„დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს და, რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი ძმების და დებისთვის. ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან თბილისში და ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათაც უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი და მომსახურება თბილისში”, — თქვა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველო შეერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე.
  • თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ;
  • მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ.

უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრმაცია ნახეთ ვრცლად.

პრეზიდენტის როლი

„ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ღარიბაშვილის ანტიუკრაინული განცხადებებისა და ქმედებების ხაზიდან მთლიანად ამოვარდნილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები. სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსით.

პრეზიდენტი პირველი იყო საქართველოს ხელისუფლებიდან, რომელიც 24 თებერვალს გამოეხმაურა უკრაინაში დაწყებულ ომს.

„ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“, — დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე 24 თებერვალს, 11:59 საათზე.

გარდა ამისა, საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენ ყველა ელოდება სოლიდარობას“.

მისი თქმით, „საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო“.

პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებთან ერთად, ისიც ელის სოლიდარობის საქართველოსგან:

„ამისთვის ჩამოვედი აქ, პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი