ახალი ამბები

„რუსეთის გავლენის აგენტია“ – ოპოზიციაში ღარიბაშვილის განცხადებას აფასებენ

28 თებერვალი, 2022 •
„რუსეთის გავლენის აგენტია“ – ოპოზიციაში ღარიბაშვილის განცხადებას აფასებენ

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა.

როგორც აქციის ორგანიზატორი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, „ირაკლი ღარიბაშვილი რუსული გემის მიმართულებით არის წასაბრძანებელი“.

ხოშტარიას გარდა, ღარიბაშვილის განცხადებას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის სხა წევრების მხრიდანაც. მათ ღარიბაშვილის განცხადება პროროსული ნარატივის შემცველად შეაფასეს.

რა თქვა ღარიბაშვილმა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გამართულ პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვლმა ნახევარსაათიანი განცხადება დიდწილად „ნაციოანალური მოძრაობის“ კრიტიკას დაუთმო.

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა  კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომი თავიდან ვერ აიცილა. ღარიბაშვილმა დღევანდელი ოპოზიციაც გააკრიტიკა. ის ირწმუნება, რომ ოპოზიციას უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა სურს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილის კრიტიკა შეეხო დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბება, რისი შემჩერებელიც არავინაა, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კიარაეფექტურია.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, საქართველოს მოსახლეობას შემოსავალი მოაკლდება. ღარიბაშვილმა ჩამოთვალა შემოსავლები, რომელთაც, მისი თქმით, საქართველო იღებს რუსეთის ბაზრიდან, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროებიდან.

„რუსეთის გავლენის აგენტია საქართველოში“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას უპასუხეს „ნაცინალურ მოძრაობაში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის რუსეთის გავლენის აგენტია საქართველოში.

„ღარიბაშვილის განცხადებაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რომელიც მსოფლიოს ამ წარმოუდგენელი სოლიდარობის და უკრაინელების თავგანწირვის ფონზე, ამბობს რომ ომი საქართველომ დაიწყო: რუსეთის გავლენის აგენტია საქართველოში, რაც მალე დადასტურდება. “ნეიტრალიტეტის” იდეაზე მუშაობს. ალბათ, ბევრმა ქართული ოცნების ლიდერმაც არ იცის ეს. ძალიან მარტივად არის საქმე“, – წერს ხატია დეკანოიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი ამბობს, რომ ღარიბაშვილი საქართველოში კრემლის მთავარი პროპაგანდისტია და მას ქვეყნის სახელით ლაპარაკი უნდა აეკრძალოს.

„ვუსმინე ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე… რა კრემლის პროპაგანდისტული მედიის არხების დაბლოკვა… ღარიბაშვილია საქართველოში კრემლის მთავარი პროპაგანდისტი და პირველ რიგში მას უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი!“, – წერს მელია.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძეც მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი საქართველოშუ რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელია და მისი განცხადება არის რუსეთის მხარეს დგომა და საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი.

„უცოდინარი, მშიშარა, რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელი, მავნებელი, საკუთარი ქვეყნის მოძულე, წარსულში ჩარჩენილი, მავნებელი, სამარცხვინო! და ეს სრული ჩამონათვალი არ არის. ასეთი პრემიერი ჰყავს დღეს ჩვენს სამშობლოს, საუბედუროდ. ახლა, ასეთ დროს, თავს დაესხა დასავლეთს, როცა მთელი მსოფლიო გვერდში უდგას უკრაინას; ილაპარაკო სანქციების არაეფექტურობაზე, როცა ყოველდღიურად მკაცრდება და მეტი ქვეყანა უერთდება პუტინის წინააღმდეგ კონკრეტულ ზომებს.

თქვა, რომ უკრაინაში ომის შემაჩერებელი თურმე არავინ არის – ეს არის რუსული პროპაგანდა, ეს არის რუსეთის მხარეს დგომა, ეს არის საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციისთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის ზურგის ჩვენება! რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეწყვტა კი არა, მთავარი პროპაგანდისტი უდგას ქვეყანას სათავეში“, – წერს სამნიძე.

„ლელოს“ პოლიტიკურმა  მდივანმა სალომე სამადაშვილმა კი ის საკითხები ჩამოთვლა, რაზეც პრემიერ-მინისტრს უნდა ელაპარაკა.

„პრემიერი, რომელიც ხალხს უნდა უსხნიდეს:

1. ითხოვს თუ არა ამ ქვეყნისთვის სასწრაფოდ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
2. კრძალავს თუ არა რუსეთის პროპაგანდას ქვეყანაში?
3. აქვს თუ არა ხორბლის მარაგი ქვეყანას და რა შედეგები აქვს ამ ყველაფერს ჩვენი ეკონომიკისთვის?
4. რუსეთის მორიგ პროვოკაციას ველოდებით თუ არა და რას აპირებს, თუ კი?
5. უერთდება თუ არა ევროკავშირის სანქციებს, დაუყონებლივ, ნაწილობრივ მაინც.

ცდილობს ოპოზიციის ბრენდირებას ომის პარტიად. ღარიბაშვილი იქნება გვარად თუ სხვა, პრემიერი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამ ხელისუფლების მმართველობა უნდა დასრულდეს“, – წერს სამადაშვილი.

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს — ღარიბაშვილი

ვის მოაკლდება ეს შემოსავალი? ჩვენს ხალხს — ღარიბაშვილი რუსეთის სანქცირებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი