ახალი ამბები

მე არ ვარ „ც“, ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს პრემიერი – წულუკიანი

28 თებერვალი, 2022 • 2113
მე არ ვარ „ც“, ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს პრემიერი – წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იზიარებს უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, „საეჭვოა“, დასავლეთის სანქციებმა უკრაინაში ომის შეჩერება შეძლოს.

„მე ვარ ამ მთავრობის წევრი, მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და, რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“, მე ზუსტად იმას ვფრიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ომის ის მასშტაბი, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს კონტინენტზე გაიშალა და ამ შემთხვევაში უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა, შეეძლოს იმ სანქციებს, რომელიც შემუშავდა. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველო „ყოვლისშემძლე“ არ არის და მისი ეროვნული ინტერესია, რომ ქვეყანაში ომი არ დაუშვას.

„საქართველოს აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს. მესმი,ს მტკივნეულია მოისმინოთ, რომ საქართველო არ არის ყოვლისშემძლე, საქართველო არის პატარა ქვეყანა, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და გამოვლილი გვაქვს ის, რასაც ახლა გადის ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი. ამიტომაც ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები. რასაც შევძლებთ, ბოლომდე გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, იქნება ეს პოლიტიკური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ წუთში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, ჰუმანიტარული დახმარება. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეროვნული ინტერესი არის ამ ქვეყანაში ომის დაუშვებლობა“, – განაცხადა წულუკიანმა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გამართულ პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვლმა ნახევარსაათიანი განცხადება დიდწილად „ნაციოანალური მოძრაობის“ კრიტიკას დაუთმო.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომი თავიდან ვერ აიცილა. ღარიბაშვილმა დღევანდელი ოპოზიციაც გააკრიტიკა. ის ირწმუნება, რომ ოპოზიციას უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა სურს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილის კრიტიკა შეეხო დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბება, რისი შემჩერებელიც არავინაა, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კი არაეფექტურია.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება. ღარიბაშვილმა ჩამოთვალა შემოსავლები, რომელთაც, მისი თქმით, საქართველო იღებს რუსეთის ბაზრიდან, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროებიდან.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა.
როგორც აქციის ორგანიზატორი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, „ირაკლი ღარიბაშვილი რუსული გემის მიმართულებით არის წასაბრძანებელი“. ხოშტარიას გარდა, ღარიბაშვილის განცხადებას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის სხა წევრების მხრიდანაც. მათ ღარიბაშვილის განცხადება შეაფასეს პროროსული ნარატივის შემცველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი