ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანტიამერიკული კამპანია და წინასაარჩევნო რეპრესიები აზერბაიჯანში

11 დეკემბერი, 2023 • 2484
ანტიამერიკული კამპანია და წინასაარჩევნო რეპრესიები აზერბაიჯანში

ავტორი: ნიკა მუსავი


რატომ აკავებენ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს და ამხელენ “ჯაშუშურ ქსელებს”? მიზეზი – წყენა აშშ-ზე თუ რიგგარეშე არჩევნები? 

ნოემბრის ბოლოს აზერბაიჯანში ანტიამერიკული კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე აშშ-ის განვითარების სააგენტო  (USAID) გახდა – მას “ჯაშუშური ქსელის” შექმნასა და საზოგადოებაში “კანონიერი ხელისუფლების მიმართ” პროტესტის ფორმირების მცდელობაში ადანაშაულებენ.

თავიდან USAID-ის წინააღმდეგ კამპანიის ძირითადად მიზეზად აზერბაიჯანსა დ აშშ-ს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობების გამწვავება მიიჩნეოდა. თუმცა მას შემდგ, რაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნა, ალტერნატიული ვერსია გაჩნდა – პრევენციული ზომა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 2025 წლის აპრილის ნაცვლად, საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა არჩევნების ვადამდე დანიშვნის მიზეზი. უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წელს ჩატარდა. შემდეგი არჩევნები 7 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლის შემდეგ იკავებს.

წინასაარჩევნო “ჯაჯუშომანიის” პირველად მსხვერპლად უკვე გამოჩნდა სისხლის სამართლის ბრალდებებით დაკავებული ხუთი ჟურნალისტი.

19 ჟურნალისტი, ოპოზიციონერი და რელიგიური აქტივისტი დაემატა აზერბაიჯანის პოლიტიპატიმართა ნუსხას, რომელსაც “აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის” კავშირი პერიოდულად ამზადებს. შესაბამისად, ორი თვის განმავლობაში ეს სია 254-მდე გაიზარდა.

“კონტრაბანდისტი” ჟურნალისტები 

რეპრესიების ახალი ტალღა გაუქმებით ემუქრება აზერბაიჯანში ონლან გამოცემა AbzasMedia-ს, რომელიც აზერბაიჯანში ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს. გამოცემის ოთხი თანამშრომელი – დირექტორი ულვი ჰასანლი, დირექტორის მოადგილე მაჰომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და კორესპონდენტი ნარგიზ აბსალამოვა “ჯგუფურად დაგეგმილი კონტრაბანდის” ბრალდებით არიან დაკავებული.

მათთვის ბრალდების წარდგენის საფუძველი 40  ათასი ევრო გახდა, რომელიც თითქოს აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა AbzasMedia-ს ოფისში ჩხრეკის დროს. ამჟამად ოთხივე წინასწარი დაკავების იზოლატორშია, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 3-დან 4 თვემდე პატიმრობა გამოიყენეს.

გარდა ამისა, დაკავებულია აზერბაიჯანში ინტერნეტ-ტელევიზია Kanal 13-ის დირექტორი აზიზ ორუჯევი, რომელსაც “უკანონო მშენებლობას” ედავებიან. აზიზ ორუჯევი სამი თვით არის დაკავებული, თუმცა მუხლი, რომლითაც მას ასამართლებენ, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას არ ითვალისწინებს. ამავე ტელეარხის წამყვანი რუფატ მურადლი ასევე იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, თუმცა, მხოლოდ 30 დღე-ღამით. 

დაპატიმრებულთა კოლეგები, ადგილობრივი უფლებამდამცველები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ყველა ეს ბრალდება ფალსიფიცირებულია, პატიმრობები კი უკანონოა და მხოლოდ და მხოლოდ მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. 

იმავე აზრზეა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International და სხვა საერთაშორისო ოეგანიზაციები, რომლებიც დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. 

წინასაარჩევნო “ჯაშუშომანია”

ჟურნალისტთა დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა მიიღო კანონპროექტი “სომხეთის თავდაცვის აქტი”, რომელიც სომხეთთან სამხედრო თანამსრომლობას ითვალისწინებს, აზერბაიჯანისთვის გამოყოფილი დახმარებები კი, პირიქით – გააუქმა. რაც, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს არ მოეწონა. ისევე როგორც ის, რომ  USAID-ის დირექტორმა სამანტა ფაუერმა ყარაბაღიდან დევნილებს “იძულებით გადაადგილებულები” უწოდა. პასუხად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა Twitter (X)-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ “აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობის ადგილი აღარ არის!” . ეს 20-22 ნოემბერს მოხდა, მაშინ დაიწყო AbzasMedia-ში დაკავებებიც.

პარალელურად, აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიაში გაჩნდა USAID-ისა და სხვა ამერიკული ორგანიზაციების “მამხილებელი” პუბლიკაციები, თითქოს ისინი ჯაშუშურ ქსელს ქმნიან და ხელს უწყობენ იმ “მარგინალიზებულ ჯგუფებს”, რომლებიც საზოგადოებაში ფესვგადგმული ზნეჩვეულებებების წინააღმდეგ იბრძვიან. “ვაშინგტონის აგენტების” რიცხვში ნახსენები იყო AbzasMedia-ც, ასევე, კიდევ რამდენიმე გამოცემა და არასამთავრობო ორგანიზაცია, “რადიკალ ფემინისტები” და აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებიც კი. 

23 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები გამოიძახა მათი “შერცხვენის” მიზნით – თითქოს ამ ქვეყნებში დარეგისტრირებული ორგანიზაციები და თავად საელჩოები ეხმარებიან  AbzasMedia-ს, უკანონო ფინანსური ოპერაციები განახოციელონ. 

თავად  AbzasMedia-ს საკუთარი შემოსავლის წყარო ღიად არ დაუფიქსირებია, არც USAID -ს განუცხადებია ოდესმე მათი ფინანსური დახმარების შესახებ, შესაბამისად, მათ შორის რაიმე კავშირის შესახებ გაცხადებული არასოდეს ყოფილა. თუმცა, ის, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის მხარდაჭერით არსებობენ,  თითქოს საყოველთაოდ ცნობილი, დაუწერელი ფაქტია. აზერბაიჯანში პირდაპირი დაფინანსება კანონითაა აკრძალული, თუმცა არსებობს გზები, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს მეტ-ნაკლებად ლეგალურად იმუშაონ.

შესაბამისად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს აშშ გააღიზიანოს, პარალელურად კი, საბოლოოდ გადაუკეტოს მისთვის არასასურველ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჟანგბადი, რაც ასევე გამოვლილი აქვს აზერბაიჯანს 2013-14 წლებში. 

ეს ვერსია ახლოს იყო სიმართლესთან 7 დეკებრამდე, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი, 2024 წლის თებერვალში, ვადამდე ადრე გაიმართება. არჩევნებისთვის მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე განსაკუთრებული კონტროლის გაზრდა კი აზერბაიჯანში ჩვეულებრივი ამბავია. 

იმის მიუხედავად, თუ რა დგას რეპრესიების უკან, დაპატიმრებულთა კოლეგებისა და ახლობლებისთვის შვების მომტანი არაა. არა მხოლოდ AbzasMedia-ს თანამშრომლები, არამედ ყველა, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა AbzasMedia-სთან რაიმე ფორმით, იბარებენ პოლიციაში ჩვენების მისაცემად,ზოგიერთი მათგანის საბანკო ანგარიშები დაბლოკილია. მთლიანობაში, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან დაძაბული პერიოდი დაიწყო.


მასალების გადაბეჭდვის წესი