საზოგადოება

პარლამენტი პლენარულზე რუსული კანონის II მოსმენით განხილვას დღეს, 30 აპრილს დაიწყებს

30 აპრილი, 2024 •
პარლამენტი პლენარულზე რუსული კანონის II მოსმენით განხილვას დღეს, 30 აპრილს დაიწყებს

რუსული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 30 აპრილს დაიწყება.

სხდომის წამყვანის, ვიცე-სპიკერ გიორგი კახიანის განაცხადებით, დღეს, პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ცესკოს საკითხზე გაიმართება კენჭისყრა, რის შემდეგაც რუსული კანონის განხილვა დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვადაში დაასრულებს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას და როდის მიიღებს მას მეორე მოსმენითაც.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „არსად არ ეჩქარებათ“.

„თქვენ რაც გაწუხებთ [რუსული კანონი], იმასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს, რომ არსად არ გვეჩქარება. 2 დღეც, 3 დღეც… რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად მუხლობრივად. არსად არ ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით. ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, დღეს, ალბათ, არ მოესწრება [მეორე მოსმენით მიღება]… არსად გვეჩქარება, შეიძლება დასჭირდეს 3 დღეც [განხილვას]. რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად“, – განაცხადა მდინარაძემ.

შარშან, 7 მარტს, როდესაც რუსული კანონის მიღებას განიხილავდნენ, მაშინ მმართველი პარტია აცხადებდა, რომ პირველი მოსმენით კენჭისყრა იმ დღეს არ იქნებოდა. თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში სწორედ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ გადაიფიქრა და რუსულ კანონს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს.


დღეს, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომისა და სესიის პარალელურად, 12:00 საათიდან პარლამენტის უკან, ხოლო 19:00 საათზე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები იმართება.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, სესიაზე უნდა გაიმართოს მეორე მოსმენით კენჭისყრა, ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი