ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანში USAID-ის ადგილი აღარაა” – ბაქო

22 ნოემბერი, 2023 • 4783
“აზერბაიჯანში USAID-ის ადგილი აღარაა” – ბაქო

“აზერბაიჯანში USAID-ის [აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს] საქმიანობის ადგილი აღარაა, – ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰიქმეთ გაჯიევმა, რომელმაც USAID-ის დირექტორი სამანტა ფაუერი გააკრიტიკა.

ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ სამანტა ფაუერმა აშშ-ის მიერ მთიანი ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია.

“გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მას არასოდეს წამოუწევია საკითხი აზერბაიჯანელი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია გაეროს რეზოლუციების შესრულება. პრემია Aurora-ს მინიჭებით ის გაერთიანდა ამ ფონდის დამფუძნებელთან, ცნობილ ოლიგარქთან და “ბინძური ფულის” გამთეთრებელთან რუბენ ვარდანიანთან. აზერბაიჯანოფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და სპეკულაციები პრემია Aurora-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ჩანს, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა ფაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესებია. ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში USAID საქმიანობის ადგილი აღარაა”, – აცხადებს გაჯიევი.

მისივე განცხადებით,  სომხეთის მიერ აზერბაიჯანის 30- წლიანი ოკუპაციის პერიოდში აშშ სომხეთის სახელმწიფოს გვერდით იდგა, როდესაც მილიონი აზერბაიჯანელი სასტიკი და სისხლიანი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა.

“ეს პოლიტიკა იმავე ფორმით გრძელდება”, – ამბობს ალიევის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი