„რუსული კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენიდან კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი — დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე — გააძევეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებიდან ამ დრომდე [15:20] 11 დეპუტატი გააძევა დარბაზიდან.
ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს, თუ მისი შეფასებით გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.
მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები: ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე, ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი.
„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კი კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ყველანი ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ ამ სხდომას“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ის ამბობდა, რომ არ შეიძლება ასეთი იყოს საპარლამენტო მუშაობა. ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განცხადების დასრულება არ აცალა. ასევე დარბაზი დაატოვებინა ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ „ოცნებას“ შინაარსობრივი დისკუსია არ უნდა.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.