ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დადგენაზე პირველ შეთანხმებას მიაღწიეს

23 აპრილი, 2024 • 1119
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დადგენაზე პირველ შეთანხმებას მიაღწიეს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პირველი სასაზღვრო სვეტის ფოტო ტავუშ-ყაზახის მონაკვეთზე, რომელზეც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გადის.

ეს არის პირველი შეთანხმება საზღვრის დადგენაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, რასაც სომხეთში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

“არმენპრესის” ცნობით, გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე კოორდინატების დადგენის სამუშაოების ფარგლებში, პირველი სასაზღვრო სვეტი დამონტაჟდა დღეს, 2024 წლის 23 აპრილს. ორივე სახელმწიფოს ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა გრძელდება.

როგორც სომხური მედია იტყობინება, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე სომხეთის რესპუბლიკის კომისიის მე-8 სხდომისა და სახელმწიფო დელიმიტაციის კომისიის შემდეგ მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს კოორდინატების დადგენის ღონისძიებები.

გარდა ამისა, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 23 აპრილს სომხეთ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზი ტავუშის მიმართულებით შეიცვლებოდა. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ სომხეთის ზოგიერთი სუვერენული ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცემოდა.

“გაცნობებთ, ჭორები იმის შესახებ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცემა, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზზე დღეს ცვლილებები არ მოხდება. საზღვრის დემარკაციის შემდეგ, სასაზღვრო ხაზის დაცვა გადაეცემა სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარებს”, – განაცხადა უწყებამ.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი