ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პროცესი დაიძრა” – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება

19 აპრილი, 2024 • 1558
“პროცესი დაიძრა” – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება

ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა


კრიზისი სომხეთსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაქომ პირობითი საზღვრის სიახლოვეს ოთხი სოფლის მისთვის გადაცემა მოითხოვა, ამოწურულია. საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი კომისიის წარმომადგენლებმა 19 აპრილს განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. დელიმიტაციის პროცესი საბოლოოდ დაწყებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ამ ამბავმა დაამშვიდა ყველა, ვისაც ახალი ესკალაციის შიში ჰქონდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოვლენა მოაგვარებს თავად სომხეთის შიდაპოლიტიკურ კრიზისს, რომელიც თავის მხრივ, მოლაპარაკებათა პროცესზე აისახება. სულაც არაა შემთხვევითი, რომ ოთხი სოფლის შესახებ ისტორიაში აისახა ყველა პრობლემა – კონფლიქტის დარეგულირებიდან დაწყებული და სომხეთის და დასავლეთის ურთიერთობების ცვლილებებით დამთავრებული.


ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა დონ დერ ლაიენის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრამდე, ერევანს საკუთარი მოლოდინების შემცირება მოუწია. თუმცა სუბიექტური წინასწარგანწყობებიც გასაგები იყო: ასეთი ტიპის მაღალი დონის შეხვედრა ხომ თავისთავად გლობალური ინტერესის ნიშანია და, შესაბამისად, ოპტიმიზმის საფუძველსაც ნიშნავს. ამასთან, სამიტის დრამატიზებაში საკუთარი ინტერესი ბაქოსაც და მოსკოვსაც ჰქონდათ. ისევე როგორც სხვა რიგ შემთხვევებში, რუსეთი და აზერბაიჯანი, სხვადასხვა პოზიციებიდან გამომდინარე, რაღაც მომენტში მოკავშირეები ხდებიან. 

ბაქომ, რომელმაც გადაჭრა ყარაბაღის საკითხი, პრივილეგიაც მოიპოვა შემდგომ ინიციატივებზე და მოლაპარაკებათა პროცესიდან ჩამოაშორა როგორც დასავლეთი, ასევე მოსკოვი. თუმცა მოსკოვს, პროცესიდან ჩამოშორებულსაც კი, დასავლეთის აქტიურობისა იმდენად ეშინია, შეუძლია დაივიწყოს ყველა წყენა და მხარს უჭერს აზერბაიჯანს ბრიუსელის, ვაშინგტონისა თუ პარიზის მიმართ პრეტენზიებში. 

ამასთან, ერევანს ესმის, რომ ბაქოს მიერ ინიცირებული მოლაპარაკებები  მისთვის წამგებიანია და დასავლეთს დახმარებას სთხოვს. თუმცა მას ასეთი დახმარების გაწევა მოსალოდნელი მასშტაბით არ შეუძლია. ბრიუსელში შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის დაპირებული 270 მილიონი ევრო, ბუკვალური გაგებით, სიმბოლურია, ისევე როგორც ბაქოსთან სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება.  შესაბამისად, ბრიუსელში შეხვედრაზე ყველა მონაწილე, სავარაუდოდ, შეჯერდა, რომ ერევნისთვის უსაფრთხოების ერთადერთი სისტემა [რაც რუსული არასოდეს ყოფილა] მეზობლებთან დაბალანსებული ურთიერთობებია. 

შესაძლოა, მოსკოვი და ბაქო ნაწილობრივ მართალიც იყვნენ, რომ შეხვედრაზე არამხოლოდ სომხეთის ეკონომიკა და დასავლური პერსპექტივები განიხილეს.  სავარაუდოდ, ყურადღების ცენტრში იყო აზერბაიჯანთან ურთიერთობებში მორიგი რისკები და კრიზისი, სადაც ერევანს მისთვის არც ისე სახარბიელო ინფორმაციის მოსმენა მოუწია. მით უმეტეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში, პირობითი საზღვრის რაიონში რამდენიმე მცირე სოფელთან დაკავშირებული მორიგი კრიზისი, ნიშნავს ერევნის როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკურ პრობლემებს. 

ეს კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც მარტის დასაწყისში ბაქომ მისთვის იმ სოფლების დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა, რომელსაც თავისად მიიჩნევს: ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიპარა, ხეირიმლი და გიზილგაჯილი.

გარდა ამისა, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში ის სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის კიდევ ოთხი ყოფილი ექსკლავის სტატუსის განხილვას სთავაზობს. ეს სოფლებია იუხარი ასკიპარი, სოფულუ, ბარხუდარლი და კიარკი [სოფლების დასახელება აზერბაიჯანულ ტრანსკრიპციის მიხედვით]. 

პირველი ოთხი სოფელი სომხეთის კონტროლქვეშ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადავიდა, ომის დროს, როდესაც ყარაბაღში საომარი მოქმედებები საბჭოთა საზღვრების ცალკეულ მონაკვეთებშიც გაგრძელდა. ასევე, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა მაშინ სომხეთის ზოგიერთი ტერიტორიაც, მათ შორის, მსხვილი სომხური ექსკლავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე -არცვაშენი. 

თუკი ექსკლავების საკითხზე ბაქო მზადაა მოძებნოს ურთიერთმისაღები  გადაწყვეტილებები, მაგალითად, გაცვალოს ტერიტორიები ან პირიქით, დატოვოს ყველაფერი როგორცაა, ამჟამინდელი გამყოფი ხაზის რაიონში არსებულ სოფლებზე სულ სხვა, ხისტი პოზიცია ჰქონდა, და ამ პოზიციას ყოველ ჯერზე ძალის უპირატესობაზე ირიბი საუბრით იმყარებდა. 

აზერბაიჯანის ლოგიკა გასაგებია. მან შეუმდგარი სახელმწიფოს თაობრივი ტრავმა გადალახა, როდესაც გარე საზღვრების საკითხი გადაჭრა. მიღწეული ტერიტორიული მთლიანობა, როგორც გერბი და დროშა, მისთვის დღეს დასრულებული ისტორიისა და შემდგარი სახელმწიფოს ნიშანია. 

და ყოველივე ის, რაც ხდება ამ ომის შემდეგ, მისთვის ფაქტიურად წაუგებელი ომია.

ერევნისთვის კი ნებისმიერი გამოსავალი პრობლემების საწინდარია. საქმე არა იმდენად დასახელებულ სოფლებსა და ექსკლავებშია – ისინი ისედაც უკაცრიელია. საქმე იმ კომუნიკაციებშია, რომლებიც მათ ტერიტორიებზე გადის. საზღვარი ამ ადგილებში ძირითადად იმგვარადაა მოწყობილი, რომ ადგილობრივი გზები რამდენჯერმე კვეთს მას და თუ საბჭოთა პერიოდში ამას არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა, ამჯერად საზღვრისპირა სომხური სოფლების მცხოვრებლები რისკის ქვეშ არიან, იზოლაციაში მოყვნენ – ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ დუბლირებული გზები არ აშენდება, რაც ადგილობრივი ტოპოგრაფიის პირობებში საკმაოდ რთულია. მსგავსი უკვე მოხდა სომხეთის სიუნიქის რაიონში, სადაც აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი დააწესა იმ გზებზე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც გადიოდა. 

თუკი სომხეთი დაკარგავს კონტროლს ექსკლავებზე, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება მისთვის, რადგანაც ამ ტერიტორიების გავლით გადის არა ადგილობრივი, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის კომუნიკაციები. 

თავუშის რაიონის ექსკლავების გავლით გზა საქართველოშიც გადის, კიარკის ექსკლავის გავლით კი, რომელსაც სომხეთში ტიგრანაშენს უწოდებენ, გადის გზა, რომელიც აკავშირებს ქვეყნის ცენტრთან მის სამხრეთ რეგიონებს, მათ შორის სიუნიქს და, რაც მთავარია – ირანს. 

კიდევ ერთი უსიამოვნო შედეგი მოვლენების მსგავსი განვითარებისა, რომელსაც შეუძლია გაიმეოროს ის, რის წინაშეც სომხეთი უკვე აღმოჩნდა სიუნიქში- დავუშვათ, აეროპორტი და უშუალოდ საზღვართან განლგებული კაპანის რაიონებიც კი, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა ჯარმა საკუთარი კონტროლი დაამყარა, ბაქოს საბრძოლო კონტროლქვეშ აღმოჩნდა. 

როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ამოცანაცაა, მოწყვლადი გახადოს მთელი სომხური საზღვირსპირა ტერიტორია, რომელსაც საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებში მანევრის სრული თავისუფლება აქვს, მათ შორის ძალის გამოყენების.

ამიტომაც ერევანი რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. წინააღმდეგობის გაწევა მას არც საერთაშორისო სამართლის საფუძველზე შეეძლო, სადაც ფორმალური სიმართლე აზერბაიჯანის მხარესაა, არც – სამხედრო-პოლიტიკურის. 

ამ პრინციპით მოქმედებდა ბაქო სიუნიქშიც და თავად ყარაბაღშიც – თამასის აწევით და ერევანზე ზეწოლით. ერევანზე ზეწოლის საკითხში ის საზღვრებს გასცდა, თუმცა იმდენადაც არა,  რომ გაებრაზებინა პროცესში ჩართული მხარეები – დასავლეთი, რუსეთი, ირანი და თურქეთიც კი, ვისთანაც ბაქო ანგრიშვალდებულია საკუთარი ქმედებები შეათანხმოს. 

ბაქომ წითელი ხაზების გადაკვეთა ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომით დატესტა, როდესაც ის ტერიტორიები დაიკავა, რომელსაც სომხეთი საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, აზერბაიჯანი კი – სადავოდ. ამავე დროს, სომხეთის იმ ტერიტორიას გაუხსნა ცეცხლი, რომლის კუთვნილებაზე არც აზერბაიჯანი დავობს. 

საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი ომის შემდეგ მუდმივად ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება სომხეთ-აზერბაიჯანის დღის წესრიგში. იმის გარდა, რომ ბაქოსთვის ეს პროცესი სახელმწიფოებრობის საბოლოო გაფორმების დამასრულებელი აკორდია, ის ასევე შეუზღუდავი რესურსია სომხეთზე ზეწოლისთვის სხვა საკითხებშიც. 

ერევანში ვარაუდობენ, რომ ბაქოს სასაზღვრო მოთხოვნები შესაძლოა ამით არ ამოიწუროს და აზერბაიჯანმა ეტაპობრივად გააგრძელოს ერევანზე ზეწოლა. 

ამიტომაც დეკლარირებული მზაობა სომხეთის ხელისუფლებისა, დაიწყოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესი ტერიტორიების გადაცემით, ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას წააწყდა. ამ დისკუსიაში კი მნიშვნელოვანი ფაქტორია პასუხმგებლობის აღება ყველა შესაძლო რისკზე. 

შესაძლო შედეგები შესაძლოა იმდენად საზიანო აღმოჩნდეს სომხეთისთვის, რომ ოპოზიციამ წარმატებულად გამოიყენოს პატრიოტული ლოზუნგებისთვის. თუმცა დღეს ოპოზიციის  რესურსები და პოპულარობა უკიდურესად მცირეა. ამასთან, აქტუალურია თავად ფაშინიანის პოპულარობა, რომელიც, თავის მხრივ, დიდწილად დაშენებულია წინა ხელისუფლების მიუღებლობაზე. ეს ფაშინიანის  ერთ-ერთი მცირე რესურსია ამ რთულ მანევრებში.

ამიტომაც ოპოზიცია არა იმდენად საარჩევნო პროცესების, რამდენადაც რეჟიმის რყევას იმედოვნებს, რაშიც რუსეთის იმედიც აქვს. შესაძლო დესტაბილიზია ფატალური იქნება სომხეთის ხელისუფლებისთვის, თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ თავად ფაშინიანის სუბიექტური ფაქტორი: პირადად მან გაიმარჯვა ქუჩის აქციების გზით და მისი ხელისუფლების მთელი ისტორია ამტკიცებს, რომ სომხეთის ხელისუფლება უკიდურესად პერსონიფიცირებულია. 

მეორე მხრივ, აზერბაიჯანი ნათლად აგებინებს სომხეთს, რომ ძალის გამოყენება შეუძლია. სასაზღვრო მონაკვეთში, რომელიც არაა დელიმიტირებული, ლოკალური და არა ფართომასშტაბიანი ესკალაციის შემთხვევაშიც აზერბაიჯანი სადავო ტერიტორიების აღებას შეძლებს, რაც შესაძლოა გახდეს სომხეთის შიდაპოლიტიკური კრიზისის იმპულსი.  

არსებობს ასევე მესამე, პრინციპული საკითხი, რომელზეც შეიძლება ბრიუსელში ყოფილიყო საუბარი – ესაა დასავლეთის ზეწოლა.

აშშ და ევროპა ერევანს სიმპათიებს უცხადებენ, რითაც ბაქოს გაბრაზებას იწვევენ, თუმცა მათი რეალური სტრატეგიული ინტერესები უფრო მეტად აზერბაიჯანს უკავშირდება. ბაქო კი, თავის ყველაზე მწვავე რიტორიკაშიც კი, არ კვეთს წითელ ხაზებს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ყარაბაღში გამარჯვების შედეგების კონვერტირება შიდაპოლიტიკურ სიმტკიცეში. ამ კონვერტაციის მეთოდი დასავლეთს არ მოეწონა, თუმცა საჯარო მწვავე რიტორიკა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამოიწურა. 

აზერბაიჯანი სომხეთთან დაპირისპირებას ძალადობრივ კონტექსტში განიხილავს და არც მალავს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება გამომდინარეობს კანონის ლოგიკიდან. მას უფრო მეტად რისკების მინიმიზაცია სურს. 30 წელი, რომლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ყარაბაღის კონფლიქტი, მსოფლიო უფრო მეტად აზერბაიჯანზე ახდენდა ზეწოლას, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთისთვის სასარგებლო სტატუს-კვო დასავლეთისთვისაც სიმშვიდის მომტანი იყო.

ახლა მდგომარეობა შეიცვალა. სომხეთს რუსეთისგან დისტანცირება სურს, თუმცა მზადაა კი დასავლეთი ფაშინიანის პოლიტიკური მხარდაჭერითვის? 

ის 270 მილიონი, რომელსაც სომხეთს დაჰპირდნენ, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა გაცხადებული, თუმცა, ერევნისთვის რა არის დღეს იმ კომუნიკაციებზე უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც იმ კომუნიკაციების ნაცვლად უნდა დაიგოს, რაც ბაქოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერევანმა შეიძლება დაკარგოს. 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ფაშინიანს მხოლოდ საკმაოდ სარისკო თამაში რჩება, რომელსაც აქამდეც მიმართავდა. ის წინასწარ მოსინჯავს საზოგადოებრივ აზრს, მოამზადებს მას და კონკრეტულ ქმედებებზე არ გადავა. ასე მოხდა კონსტიტუციის ცვლილების საკითხზეც, რომელსაც ბაქო ყარაბაღის შესახებ ჩანაწერის ამოღებას ითხოვდა. იგივე ხდება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის საკითხზეც: ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და დეკლარირების მიღმა არ მიდის. 

ამავე კონტექსტში იქცეოდა ფაშინიანი ბაქოსთან სასაზღვრო დავაშიც. ჩადის სადავო ტერიტორიებთან,  აცხადებს ოთხი სოფლის გადაცემის აუცილებლობაზე, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ხელისუფლება აზუსტებს, რომ მათი გადაცემის ვადები არააა განსაზღვრული. ამასთან, ფაშინიანი თამაშობდა ქვეყნის ყველაზე მატრავმირებელ მოლოდინზე – გარდაუვალ ომზე. ის აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ მათ გადაცემასთან დაკავშირებით ზედმეტი ურჩობის შემთხვევაში ეს მოხდება  – რითაც თითქოს წინ უსწრებდა შესაძლო უსიამოვნო მოვლენების განვითარებას და წინასწარ პასუხისგებლობას აკისრებდა მათ. არის ამაში სიმართლის მარცვალი: სიტუაციის გამწვავება ხელს აძლევს ორივე მხარეს – ბაქო მორიგ ჯერზე აჩვენებს ყველას, რომ შეუძლია საქმის გადაჭრა. ერევანი კი წააგებს სასაზღვრო საკითხში, დამარცხდება და პასუხისმგებლობას აირიდებს, რაც სომხეთის ხელისუფლებისთვის დღეს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც შეიძლება იყოს იყოს,  ვიდრე რისკი იმისა, რომ კიდევ რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს დაკარგავს. 

საბოლოოდ, პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა და პირველი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ყველა სირთულის გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ წინაა, ეს ნაბიჯი უფრო სიმბოლურად შეიძლება მივიჩნიოთ. 


  

  

მასალების გადაბეჭდვის წესი