ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ჯერ მხოლოდ მეგობრულ გაფრთხილებებს ვისმენთ, ამას მოჰყვება ნაბიჯები

29 აპრილი, 2024 •
ჩუგოშვილი: ჯერ მხოლოდ მეგობრულ გაფრთხილებებს ვისმენთ, ამას მოჰყვება ნაბიჯები

პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი “ქართული ოცნებიდან” თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მმართველ პარტიას აქციის ჩატარება “გაჭირვების გამო უწევს” და არა “დალხენილი ცხოვრების.

ჩუგოშვილი “ოცნების” კონტრაქციას და რუსულ კანონს “ტვ პირველზე”, გადაცემაში “დღის ამბავი”,  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის მიღება დიდი პრობლემაა, ხოლო “ისინი [ქართული ოცნება] აცნობიერებენ” ამას. შესაბამისად, ეს ფაქტი მათ “ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ძალიან ძვირი დაუჯდებათ”.

“მქონდა უფრო ადეკვატური გადაწყვეტილებების მოლოდინი, როდესაც შარშან შემოიტანეს ეს კანონი და მაშინ მქონდა იმედი, რომ უკან გაიწვევდნენ. ახლა ბევრად უფრო რთული იქნება. პირველ რიგში, მათაც ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი. ეს აქცია რატომ სჭირდებათ? გაჭირვებისგან არის ეს აქცია, დალხენისგან კი არა. მათთვის ამ კანონის უკან გაწვევაც არის პრობლემა, ამ კანონის მიღებაც ძალიან დიდი პრობლემაა. კანონის მიღება, სინამდვილეში, უფრო დიდი პრობლემა არის და მე მგონი, ისინი აცნობიერებენ, იმიტომ, რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ ქართველი ხალხის წინაშეც და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც”, – ამბობს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისგან ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრულ გაფრთხილებებს ვისმენთ, რომელსაც შემდგომ მოჰყვება ნაბიჯები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.

“ეს კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მათ მოხვდებათ ძალიან მძიმედ, მათ შორის იმ პარლამენტარებს, რომლებიც, მგონი, მსუბუქად უყურებენ ამ ყველაფერს და არ თვლიან, რომ დიდი სირთულეები ელით წინ. ეს არ არის არც შანტაჟი, არც ბლეფი, ეს არის გაფრთხილება, მეგობრისგან ნათქვამი გაფრთხილება. შეისმინეთ, იმიტომ, რომ ამ გაფრთხილებას მოჰყვება შედეგები, ნაბიჯები და მათთვის მძიმე გადაწყვეტილებები. მთავარია, ესენი ისე არ მოიქცნენ, რომ ყველას ძვირი დაგვიჯდეს ეს უგუნურობა, რომელიც წამოიწყეს, რადგან არაფერში წერია ეს გარდა იმისა, რომ ატყუებ ყველას, იტყუები მუდმივად, ამის გარდა, მტრებს ეძახი ვის?  მოყვარეს მტრად აცხადებ, მტერს ელაქუცები და ეს არის აუტანელი მდგომარეობა” ,- ამბობს ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, პირველ რიგში, “ქართული ოცნება” ცდილობს საკუთარი მომხრეების შემოძახებასა და გამხნევებას, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, “რომ თითქოს მათ მხარეს არის უმრავლესობის მხარდაჭერა”.

“ჯერ არ ვიცით, რას იტყვის [ივანიშვილი], მაგრამ თუ ის გაიმეორებს იმ წინადადებებს და იმ პოზიციას, რასაც ამდენი ხანია აჟღერებენ მისი გუნდის წევრები, ეს იქნება მისი მხრიდან პერსონალური პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე, რაც ამას მოჰყვება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი