ახალი ამბები

კორძაია ომბუდსმენს: „გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი“

29 აპრილი, 2024 •
კორძაია ომბუდსმენს: „გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი“

დეპუტატი თამარ კორძაია ომბუდსმენს მოუწოდებს, განცხადება გააკეთოს და ხელისუფლებას „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდოს.

„ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე ლევან იოსელიანისთვის ხმის მიცემით და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ბატონო ლევან, მოგმართავთ სახალხოდ და მოგიწოდებთ, ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი“, — განაცხადა თამარ კორძაიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით შეუმუშავა ეუთომ 70-გვერდიანი კრიტიკული დასკვნა, რომელშიც საუბარია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლების, გაერთიანების თავისუფლების დარღვევას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას.

„ეუთო ყოველ გვერდზე მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს. ამიტომ, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად. გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი“, — მიმართავს კორძაია ლევან იოსელიანს.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ნეტგაზეთთან/ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა საკითხი, რომელიც თამარ კორძაიამ ბრიფინგზე ახსენა, მის განცხადებებში დეტალურად არის აღწერილი და მოყვანილი, როგორც არგუმენტი, თუ რატომ უნდა თქვას ხელისუფლებამ უარი ამ კანონის ამ ფორმით მიღებაზე და რატომ არის უკეთესი, რომ სხვა კანონში შევიდეს შესაბამისის ცვლილება, რომლითაც ერთი მხრივ მიღწეული იქნება ხელისუფლების მიზანი და მეორე მხრივ არ დაზარალდება არასამთავრობო სექტორი და არ მოხდება მისი სტიგმატიზაცია, ან სხვა სახის შეურაცხყოფა.

„სამწუხაროდ, ალბათ, ქალბატონ თამარს არ ჰქონდა წაკითხული სახალხო დამცველის მიერ თავიდანვე გამოთქმული და მერე სხვადასხვა ეთერებში არაერთხელ გამეორებული პოზიცია, სადაც ცალსახად მივუთითებ და მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი ასეთი ფორმით, როგორსაც ამჟამად განიხილავს საქართველოს პარლამენტი. ასევე, შევთავაზე განსხვავებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა“, — ნათქვამია სახალხო დამცველის წერილობით პასუხში, რომელიც „ნეტგაზეთს“ ომბუდსმენის პრესსამსახურმა მიაწოდა.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ იყოს წინააღმდეგობაში სტრატეგიული მოკავშირეების და სამოქალაქო საზოგადოების აღქმასთან წინააღმდეგობაში და არ მოახდენს ვინმეს დემონიზებას.

11 აპრილს საქართველოს ომბუდსმენმა გაავრცელა განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი.

შესაბამისად, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას.

ამასთან, ლევან იოსელიანმა მზაობას გამოხატა, განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან.

„გრანტის შესახებ“ კანონის შეცვლა და eAIMS-ის ბაზის მოდიფიცირება | ომბუდსმენის ალტერნატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი