დღეს, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომისა და სესიის პარალელურად, 12:00 საათიდან პარლამენტის უკან, ხოლო 19:00 საათზე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები გაიმართება.
„30 აპრილს, 19:00-საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს.
სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას . საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!“ — წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან „ტალღა“, „მწვანეები“, „ჯიუტი“, „კარი“ და „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, სესიაზე უნდა გაიმართოს მეორე მოსმენით კენჭისყრა, ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
- სანქციები და ურთიერთობების გადახედვა — 14 სენატორი კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს
- არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში — არასამთავრობოები და მედიები
- 83 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირა | სია