ახალი ამბები

„იმედის“ ჟურნალისტთა ნაწილი პროტესტს აფიქსირებს, სარედაქციო პოლიტიკა უცვლელია

8 მარტი, 2023 • 3987
„იმედის“ ჟურნალისტთა ნაწილი პროტესტს აფიქსირებს, სარედაქციო პოლიტიკა უცვლელია

სამთავრობო ტელეარხ „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტმა ბოლო დღეებში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტა რუსული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას, როგორც ეს რუსეთში მოხდა 2012 წლიდან დღემდე. თუმცა არხის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელია.

ერთ-ერთი პირველი, ვინ კანონპროექტის ავტორები გააკრიტიკა, „იმედის კვირის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძეა. 

„ამერიკა რომ გეუბნება, ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო და უამრავი ის ადამიანიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთავრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო ან წაკითხულის გააზრება უჭირსო), ასეთი ვნებათაღელვა რომ მოჰყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიციატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ჰქონდეთ?“ — დაწერა ფარცხალაძემ.

საპროტესტო შინაარსის პოსტები გამოაქვეყნეს და პროტესტის შემცველ პოსტებს ფეისბუკზე აზიარებენ „იმედის დილის“ წამყვანები, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილიც.

„არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვისაც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ“, — დაწერა ფეისბუკზე რუსა შელიამ, „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტმა.

საქართველოსთვის ევროპული ოჯახის მნიშვნელობაზე წერს ქეთი ქარდავაც, „იმედის“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტიც:

„საქართველოს ეროვნული დროშა იქნება იქ, სადაც უნდა იყოს. ყველაზე საამაყო მომენტი და განცდაა. არაფერია იმაზე მეტად სასურველი,  შენ გვერდით იდგეს 27 ძლიერი მეგობარი ევროკავშირიდან, 30 ქვეყანა ( მალე 32) გიმაგრებდეს ზურგს ნატოდან. მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატობამდე და წევრობამდე ორივე ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს ნამდვილ ევროპულ, ფერად და უსაფრთხო მომავალს მოუტანს.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც ივნისში, ოქტომბერში, დეკემბერში ამაყად გვათქმევინებს, რომ გადავდგით ნაბიჯი წინ და მექნება პატივი გამცნოთ სტატუსის მიღება. სტატუსი არც საბოლოო მიზანია და არც ბოლო გაჩერება. მიზანი წევრობაა და ხმა იმ მაგიდასთან, სადაც ევროპის ბედი წყდება. შესაბამისად, ყველა ვალდებულია, გააკეთოს მაქსიმუმი ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება. ნებისმიერი ქმედება, ნაბიჯი, გადაწყვეტილება, ფიქრი, განზრახვა, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასდება ამ პროცესის შემაფერხებლად, მიუღებელია. ვალდებულები ვართ, ჩვენი მთელი რესურსი, ენერგია, გამოცდილება და ცოდნა მოვახმაროთ მიზანს, რომელიც საქართველოს ეროვნული დროშის ევროპის ცენტრში აღმართვაა. ასეც იქნება.“

ინსტაგრამზე, დახურულ ანგარიშზე პოსტი გამოაქვეყნა „იმედის“ ტელეწამყვანმა თეა სიჭინავამ, რომელიც სოხუმიდან არის დევნილი. მისი ინსტაგრამპოსტის სქრინი ფეისბუკზე მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.

„არ მეგულება არც ერთი კანონი, რომელიც პოლარიზაციისა და დაპირისპირების ასეთ ფასად შეიძლება ღირდეს. მე სოხუმში დაბრუნების ერთადერთ გზად ძლიერ და განვითარებულ საქართველოს ვხედავ, რომელიც მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზებისთვის. ამის შესაძლებლობის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაზე გადის“, — წერს სიჭინავა.

„იმედის დილის“ წამყვანებმა — ოთარ ტატიშვილმა, ნინო ჭანტურაიამ და გოდერძი შარაშიამ — 8 მარტის ეთერი დაასრულეს ფრაზით: „ყველა გზა ევროპისკენ მიდის, ასე იყო, არის და იქნება!“

პროტესტს გადაცემაში გამოეხმაურა იმედის შუადღის ეთერის წამყვანი ნიკა წულუკიძეც, რომელმაც თქვა: „გუშინდელი ღამის შემდეგ რთულია გადაცემის დაწყება… ჩემთვის, ნიკა წულუკიძისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია, ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ღირებულებებზე.”

იმედის სარედაქციო პოლიტიკა

მიუხედავად „იმედის“ ცალკეული ჟურნალისტების პოსტებისა და განცხადებებისა, ტელეარხი რუსულ კანონპროექტებთან დკავშირებულ პროცესებს კვლავ მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდის ნარატივით აშუქებს.

„იმედს“ მაყურებლისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებია ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რეალურად რატომ არის „აგენტების“ შესახებ კანონპროექტები რუსული, რატომ უქმნის საფრთხეს ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის არსებობას და ასევე, რატომ უქმნის საფრთხეს მთავარს — საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, როგორც ამას საქართველოს დასავლელი პარტნიორები აცხადებენ.

„იმედი“ მაყურებელს არ აწვდის ინფორმაციას საზოგადოების იმ წარმომადგენელთა პოზიციების შესახებ, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგებიან რუსული კანონის მიღებას.

არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა, ხელოვანმა, მეცნიერმა, ასეულობით ლექტორმა დაგმო რუსული კანონი, თუმცა „იმედს“ ამის შესახებ მაყურებლისთვის, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს. „იმედის“ ვებსაიტზე ვერ შეხვდებით ინფორმაციას ხვიჩა კვარაცხელიას, ზაზა ფაჩულიას, მზექალა შანიძის, გია დვალისა და სხვების კრიტიკულ მოსაზრებებს.

ტელეარხი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას ძირითადად სახელისუფლებო ექსპერტებისა და პროპაგანდისტების — ლევან ნიკოლეიშვილის, გია აბაშიძის, დავით ქართველიშვილისა და სხვების მოსაზრებებს, რომელთა ნააზრევი გაჯერებულია რევანშისტული მოწოდებებითა და ანტიდასავლური განცხადებებით.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.

ინფორმაცია „იმედის“ სხვა ჟურნალისტებზე, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ რუსულ კანონზე, ამავე სტატიაში განახლდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი