ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიიცირებული კანონპროექტი არის რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგი, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი შეზღუდვა და დისკრედიტაციაა.
24 თებერვლის საღამოს გავრცლელებულ განცხადებაში აღნიშნულია:
წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური ძალის გამჭვირვალობის“ შესახებ სერიოზულ წუხილებს აჩენს. სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეუზღუდავად შეძლებენ საქმიანობას და ასევე, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, არის დემოკრატიის მთავარი ნაწილი. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და ნაწილია 12 პუნქტისა [რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად], განსაკუთრებით მე-7 პუნქტი, რომელიც ეხება მედიის თავისუფლებას და ასევე, მე-10 პუნქტი, რაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების მცდელობებში, ასევე, ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
ამ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება როგორც ამ მისწრაფებებთან, ისე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს, ისეთი რეფორმები განახორციელონ, რომელიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს და რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.“
ამავე თემაზე წაიკითხეთ: