დღეს, 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.
რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.
„ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინირაძე ირწმუნებოდა, რომ ამ კანონპროექტებს ხუთშაბათს, 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მან დღეს თავად შესთავაზა პარლამენტს, რომ კანონპროექტები დღესვე განეხილათ:
„თავდაცვის კოდექსისთვის გვქონდა დღევანდელი დღე, მაგრამ ვერ მოესწრო და კომიტეტს გადაუწყვეტია, არ განიხილონ. ამიტომ გთავაზობთ, რომ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსა, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დაიშალა. ამის მიუხედავად, ასობით მოქალაქე პარლამენტის უკან კვლავ შეიკრიბა.
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღება ნიშნავს პრინციპების დონეზე მის მიღებას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ კანონს მაინც მიიღებენ მიუხედავად იმისა, თუ რა შეფასებას გააკეთებს ვენეციის კომისია.
დღევანდელ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თემაზე მომზადებული 2 კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი განიხილეს და მიიღეს. მეორეს სავარაუდოდ ხუთშაბათს მიიღებენ და ვენეციის კომისიაში მასაც გადაგზავნიან.
კანონმდებლობის თანახმად, ახლა კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს და მას პირველი მოსმენით უყარონ კენჭი.
„ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ სანამ მეორე მოსმენები დაიწყება, კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გააგზავნიან. თუმცა, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის პასუხის მიუხედავად კანონს მაინც მიიღებენ.
კანონპროექტების მიღებისთვის აუცილებელია, რომ პარლამენტმა პლენარული სხდომის მესამე მოსმენაზეც დაუჭიროს მას მხარი.
კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტი ამბობს, რომ “აგენტებზე” კანონს ვეტოს დაადებს. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, მმართველი გუნდს შეუძლია ვეტოს დაძლიოს.
- ყაველაშვილი: „სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“
- მზექალა შანიძე: ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას
- „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა“ — შოთა არველაძე
- რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი