ახალი ამბები

„იმედის“ კიდევ ორი ჟურნალისტი რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ

8 მარტი, 2023 • 16664
„იმედის“ კიდევ ორი ჟურნალისტი რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ

სამოქალაქო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ 7 მარტს, რუსული კანონის მიღების შემდეგ სხვადასხვა სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებმა დაგმეს აღნიშული და გააკრიტიკეს კანონპროექტის ავტორები.

კანონოპროექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სოციალურ ქსელში გამოხატეს „იმედის დილის“ წამყვანებმა, ნათია ორველაშვილმა და ზურა ბალანჩივაძემ.

„Რუსეთი მტერია, ამერიკა – მეგობარი. Მეგობარი გვაფრთხილებს. რუსეთს ერთი სული აქვს, რომ გადაგვყლაპოს. Ვირჩევთ საქართველოს“ — წერს ნათია ორველაშვილი პირად ფეისბუკგვერდზე.

კანონპროექტი ასევე გააკრიტიკეს „იმედის“ ჟურნალისტებმა რუსა შელიამ და ქეთი ფარცხალაძემ.


დღეს, 7 მარტს,  საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი