ახალი ამბები

„იმედის კვირის“ ჟურნალისტი რუსული კანონების ინიციატორებს აკრიტიკებს

7 მარტი, 2023 • 1827
„იმედის კვირის“ ჟურნალისტი  რუსული კანონების ინიციატორებს აკრიტიკებს

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე აკრიტიკებს რუსული კანონპროექტების ავტორებს.

„კანონპროექტების შინაარსში რომ არ შევიდეთ, რაც ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა ქვეყანამ, რეკომენდაციებს ვასრულებთ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა და დღეს, ამდენი წლის შემდეგ, ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში — შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?

ამერიკა რომ გეუბნება, ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო და უამრავი ის ადამაინიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთვრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო ან წაკითხულის გააზრება უჭირსო), ასეთი ვნებათაღელვა რომ მოყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიცატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ჰქონდეთ?

არგუმენტი ვერ იქნება, „ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?“ ვერც „არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?“ და ა.შ. და ა.შ.“, — წერს ქეთი ფარცხალაძე, რომელიც გადაცემა „იმედის კვირაში“ მუშაობს.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი