შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტის აქციაზე უწყებამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორი მუხლით, მათ შორის ერთ-ერთი გულისხმობს წესრიგის დამცველის ან/და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მუქარა-ძალადობას.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა 50-მდე პოლიციელი.
უწყება ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
სსკ 187-ე მუხლი ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს, ხოლო 353-ე სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგნაირად განიმარტება:
წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ
1. პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით; აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
„სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას“, – წერს უწყება.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.