ახალი ამბები

9 წელი 17 მაისის დარბევიდან: ლგბტ თემი ისევ გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის

17 მაისი, 2022 • 1541
9 წელი 17 მაისის დარბევიდან: ლგბტ თემი ისევ გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში იმსჯელეს სირთულეებზე, რომელთაც ლგბტქი+ თემის წევრები გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის ბრძოლისას აწყდებიან.

თემის წევრებმა, აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვებთან ერთად განიხილეს როგორც მძიმე გამოცდილება, ისე ცვლილებები, რომლებიც ლგბტქი+ ადამიანებისა და მათი უფლებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებში შეინიშნება.

“ეს დღე დაკავშირებულია უამრავ სტრესთან, ტკივილთან, ძალიან ბევრ ბარიერთან, თუმცა ამავდროულად არის სიმბოლო თანასწორობისთვის ბრძოლისა, მჩაგვრელი სისტემისადმი წინააღმდეგობისა”, — დასძინა ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” თანადირექტორმა, ანა სუბელიანმა, ღონისძიების გახსნისას.

ანა სუბელიანი დისკუსიის “17 მაისი” მეხსიერება და პერსპექტივები” გახსნისას. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

საქართველოში 17 მაისი პირველად 2011 წელს აღნიშნეს. მაშინ აქტივისტთა მცირე ჯგუფი ძველ თბილისში, ანთებული სანთლებით შეიკრიბა. ეს იყო, ფაქტობრივად, ბოლო შემთხვევა, როცა ადამიანებმა ეს დღე მშვიდ ვითარებაში აღნიშნეს:

მომდევნო წელს ქუჩაში გამოსულ აქტივისტებს, რომელთაც ხელში ლგბტ დროშები და პლაკატები ეკავათ, რამდენიმე მღვდელი და მრევლის ჯგუფი დაუპირისპირდა;

2013 წლის 17 მაისს თბილისში ასევე იგეგმებოდა აქცია-ფლეშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს სასულიერო პირებმა, მრევლმა და სხვა ჯგუფმა არ მისცეს. კონტრაქციის მონაწილეები ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო ზომები ბრბოსგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო რისკების შესახებ.

ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევისას. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

“2012 წელს ხელისუფლება თავს იმართლებდა იმით, რომ ისინი არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებულები — მიუხედავად იმისა, რომ მათ ინფორმაცია ჰქონდათ — თორემ საკმარისი ძალის მობილიზებას მოახდენდნენ 17 მაისისთვის და ის, რაც მოხდა, არ მოხდებოდა.

თუმცა, 2013 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც უნდა ინფორმირებული იყოს პოლიცია, პოლიტიკური ნება არ არსებობს [ლგბტქი+ ადამიანების დასაცავად]. პირიქით, პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ეს თემა გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის”, — დასძინა აქტივისტმა ლევან ბერიანიძემ თბილისში გამართული დისკუსიისას.

2013 წლის შემდეგ თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა რამდენჯერმე შეძლეს ქუჩაში, აქციებზე გამოსვლა, თუმცა შეკრებებს უმეტეს შემთხვევაში ლიმიტირებული სახე ჰქონდა, შემოსაზღვრული იყო პოლიციის კორდონით, აქციის დასრულების შემდეგ კი დემონსტრანტები სპეციალური ტრანსპორტით გაჰყავდათ ადგილიდან.

ლევან ბერიანიძის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები იყო ხელისუფლების მცდელობა, საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში ქულები დაეწერა, აქტივისტებს კი აღარ ჰქონოდათ იმის თქმის საფუძველი, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათი შეკრების თავისუფლებას. რეალურად კი, მისი შეფასებით, აქტივისტებს მაინც არ ეძლეოდათ საშუალება, სრულყოფილად გადმოეცათ თავიანთი სათქმელი.

ლევან ბერიანიძე ლგბტ უფლებადამცველების მიერ თბილისში გამართულ პარტიზანულ აქციაზე. 17.05.2018 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ მეფარიშვილი

ლევან ბერიანიძემ ასევე ახსენა სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი, ე.წ. პარტიზანული პროტესტები, რომელთა დროს პოლიციის სწრაფი მობილიზება აქტივისტს აფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აღნიშნული პროტესტების ორგანიზატორებს აყურადებდა.

თემის წევრებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე დისკუსიის სხვა მონაწილეებმაც გაამახვილეს ყურადღება.

“ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ ჩვენი სოლიდარობა თემის მიმართ და დავგმოთ ძალადობა, რომელსაც ისინი განიცდიან ჩვენს ქვეყანაში.

სწორედ ამ ძალადობის რისკებისა და არასათანადო პრევენციული ღონისძიებების გამო თემი უკვე წლებია, ვერ ახერხებს საქართველოს კონსტიტუციით [გარანტირებული] უფლებით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობას”, — უთხრა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე, როცა ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ქალაქის ცენტრში პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მარშის გასაშუქებლად გასულ ჟურნალისტებზე იძალადეს და აქტივისტების ოფისები დაარბიეს.

“[5 ივლისს] ხელისუფლებამ არათუ ვერ აღკვეთა, არამედ გარკვეულმა განცხადებებმა წაახალისა ძალადობა ლგბტ თემის დამცველებსა და ჟურნალისტებზე.

სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვხედავთ, ხელისუფლებას გაეტარებინოს შესაბამისი ღონისძიებები იმ ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორ პირთა პასუხისგებაში მისაცემად”, — დასძინა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარია სიტყვით გამოდის დისკუსიისას “17 მაისი” მეხსიერება და პერსპექტივები”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

დღევანდელი დისკუსიის მონაწილეებმა არაერთგზის ახსენეს მიმდინარე თვეში “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის”(WISG) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც ლგბტქი+ ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

“თბილისი პრაიდის” თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას თქმით, ღონისძიებაზე 17 მაისის დემონსტრაციების, პრაიდის კვირეულების თუ სხვა პროცესების დროს მიღებულ მძიმე გამოცდილებებზე მსჯელობის პარალელურად, აღინიშნა ისიც, რომ:

“ალბათ ხილვადობის პოლიტიკის ამ ხაზმა განაპირობა სწორედ დისკუსიის, ფართო დიალოგის გაშლა საზოგადოებაში და დამოკიდებულებების ცვლა, რასაც უახლესი კვლევები ადასტურებს”.

WISG-ის ზემოხსენებული კვლევით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ რესპონდენტების წილი, ვინც ლგბტქი ადამიანების მიმართ ზიზღს განიცდის, ურთიერთობებს გარყვნილებად აღიქვამს ან მორალურად განიკითხავს ასეთ ადამიანებს.

“მახსოვს, 2012 წლამდე ნარატივი არსებობდა საზოგადოებაში, რომ ქართველი გეი არ არსებობს. ჰომოსექსუალობა, ლგბტ იდენტობები და ქართველობა რაღაცნაირად შეუთავსებელი იყო და საქართველოს მოსახლეობის ძალიან ალბათ დიდ ნაწილშიც მართლა [არსებობდა] ასეთი წარმოდგენა.

2013 წლიდან ვხვდებით, რომ ეს ნარატივი რაღაცნაირად შეიცვალა… საზოგადოებამ დაინახა, რომ ქართველებიც, საქართველოს მოქალაქეებიც არის სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მატარებლები”, — აღნიშნა ლევან ბერიანიძემ.

2018 წლის 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეები პოლიციას ავტობუსებით გაჰყავს. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

უკანასკნელ წლებში თემის წევრები და მათი მხარდამჭერები 17 მაისს ღია სივრცეებში ნაკლებად აღნიშნავენ. 2013 წლის შემდეგ საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. მას შემდეგ მრევლის ნაწილი ყოველ წელს მართავს მსვლელობას ქუჩაში სამების ეკლესიისკენ.

დღევანდელი ღონისძიების სტუმრებს შორის, აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო საქართველოში მოქმედი ანგლიკანური ეპისკოპალური ეკლესიის წარმომადგენელი, რომელმაც ლგბტქი+ თემისადმი თავისი ეკლესიის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ანგლიკანური ეკლესია საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და როგორც მისი პასტორალური ლიდერი, თომა ლიპარტიანი გვეუბნება, ერთნაირსქესიან წყვილებსაც სწერს ჯვარს.

“დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ ჩემი ეკლესიის ხმა ფართო საზოგადოებამდე მომეტანა; [მეთქვა], რომ ღმერთს ისინი უყვარს, რომ არსებობს ალტერნატივა ქრისტიანული ეკლესიისა, რომელიც მათ ტაბურეტით არ დასდევს და იღებს მათ, როგორც სრულფასოვან, თანასწორ, ღმერთისთვის საყვარელ ადამიანებს”, — დასძინა მან.

საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

თომა ლიპარტიანი

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, რომელიც ასევე ესწრებოდა 17 მაისის დისკუსიას, კანონმდელობის წილი მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე საყურადღებოა, როგორ სრულდება ის პრაქტიკაში.

“ამისთვის რა არის საჭირო: ამისთვის საჭიროა, რომ ყველა ის პირი, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ამ თემასთან, რომელთაც ევალებათ, რომ აწარმოონ ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკა, ამით იყოს დაკავებული ყოველდღე და ეს არ გვახსენდებოდეს მხოლოდ 17 მაისს.

…ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ცნობიერება, ვისაც შეხება აქვს ლგბტქ ადამიანებთან — ვგულისხმობ პოლიციის თანამშრომლებს, პროკურატურის მუშაკებს, სასამართლოს, სერვისების მიმწოდებლებს…

ისინი უნდა იყვნენ მომზადებულნი იმისათვის, რომ ადამიანების უფლებები სათანადოდ დაიცვან. რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლების კამპანია არ არის მხოლოდ ამ თემის საქმე. ესეც სახელმწიფოს საქმეა…” — აღნიშნა მან.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს გასულ ორ წელიწადში ორჯერ დააკისრა კომპენსაცია ლგბტქი+ ადამიანების უფლების უფლებების შელახვისა და მათ უსაფრთხოებაზე არასათანადოდ ზრუნვის გამო.

პირველ შემთხვევაში ეს 2009 წელს თბილისში, პოლიციის მიერ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის ოფისის დარბევის საქმეს ეხებოდა, მეორე შემთხვევაში კი — 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი