საზოგადოება

სიყვარულით  შეცნობილი თავი – ლესბოსელი ქალის ამბავი

15 თებერვალი, 2024 • 4423
სიყვარულით  შეცნობილი თავი – ლესბოსელი ქალის ამბავი

5 წელია, რაც ერთად ვართ და 6 წელია, რაც თავდავიწყებით შეყვარებული ვარო – მითხრა ჩემმა რესპონდენტმა.

მისთვის თავდავიწყებით შეყვარება აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ყველაფერი დაავიწყა და უმტკივნეულოდ მიაღებინა საკუთარი თავი ისეთად, როგორიც არის.

მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანის გამოჩენამ და მასთან ყოფნის დაუფიქრებელმა სურვილმა დიდხანს დაავიწყა ყველაფერი, მაგრამ არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომლითაც თავის ბედნიერებას ახლო მეგობრების და დის გარდა, ყველას ღიად გაუზიარებს.  თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს დრო აუცილებლად დადგება.

ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ:

თვითგამორკვევის პროცესი

საკმაოდ ზრდასრულ ასაკამდე ვთვლიდი, რომ ვიყავი ე.წ. ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი, შესაბამისად, პარტნიორებიც  კაცები მყავდნენ. არასოდეს დამისვამს ჩემი თავისთვის შეკითხვა, მაინტერესებდა თუ არა ჩემი სქესის ადამიანები.  მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ტოლერანტული ვიყავი ასეთი ურთიერთობების მიმართ და ჩემთვის ეს არ ყოფილა გაუგებარი და მიუღებელი, მაინც მქონია შეკითხვა – როგორ? გაოცების მომენტი, თითქოს შეუძლებლად მიმაჩნდა ამ ყველაფრის ჩემს თავთან დაკავშირება. ვფიქრობ, როცა ასეთ ურთიერთობაში არ ხარ, მაინც ბოლომდე არ გესმის ყველაფერი. მაგრამ არასოდეს მომნდომებია მქონოდა ასეთი ტიპის გამოცდილება ან ასეთი ტიპის ურთიერთობა. ჩემი ორიენტაცია მიღებული მქონდა, როგორც მყარი მდგომარეობა და მშვენივრად ვგრძნობდი თავს.

სანამ არ გავიცანი ადამიანი, რომელიც მომეწონა და ამ ადამიანს არ ვუყურებდი, როგორც მეგობარს. რაც ყველაზე საოცარია, არ დამისვამს ჩემი თავისთვის შეკითხვა – ვაიმე, ეს რა დაგემართა? არ მიმიღია ისე, თითქოს საოცრება მოხდა, ან ისეთი რამ, რასთანაც აქამდე შეხება არ მქონია. ეს ურთიერთობა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ისე, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელიც საპირისპირო სქესთან მქონია. მომეწონა გოგონა და ეს მივიღე როგორც ფაქტი, არაფერი ამაში გასაოცარი არ იყო. სრულიად მომიცვა ამ ურთიერთობამ და სურვილმა, რომ ეს არ დარჩენილიყო მხოლოდ ნაცნობობად.

გააზრება – ქამინგ-აუთი დასთან

ურთიერთობის რაღაც ეტაპზე, როცა ეიფორიამ და ტკბობამ გადაიარა, გვერდიდან შევხედე ყველაფერს –  მივხვდი, რომ ეს ჩემთვის უჩვეულო იყო  და უჩვეულო იქნებოდა ჩემი გარემოცვისთვისაც.

ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ეს არ ყოფილა უცნაური. პირველი ადამიანი, ვისაც ეს ამბავი გავუზიარე, ჩემი და იყო.  როცა ვუთხარი, ერთი გოგონა მომწონს -მეთქი, ეს არ ყოფილა მისთვის უცნაური. ვკითხე კიდეც – ეს არ გაოცებს-მეთქი? მიპასუხა, როცა ვამბობ, რომ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ყველაზე ვრცელდებაო.

ეს ჩემთვის შვება იყო.  როცა რაღაც ხდება შენს თავს, ყოველთვის გინდა, რომ ვიღაცას გაუზიარო, ამის დანაკლისი მუდმივად მაქვს. იმის, რომ ჩემი ბედნიერების და კარგად ყოფნის გაზიარება ყველასთვის არ შემიძლია. მაშინ ეს შვება იყო, რომ არსებობდა ადამიანი, ვისთვისაც შეიძლებოდა გამეზიარებინა ამბავი და დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ არ განმსჯიდა.

პირველი ნაბიჯები

ძალიან დაინტერესებული ვიყავი, რომ ეს ურთიერთობა გამოსულიყო. ვქმნიდი სიტუაციებს, სადაც შეიძლებოდა ამ ადამიანთან ერთად აღმოვჩენილიყავი. ნაკლებად ვფიქრობდი გარემოზე და იმაზე, რომ შეიძლებოდა სხვებსაც დაენახათ და ეგრძნოთ ჩემი ეს ინტერესი. მთლიანად მოცული ვიყავი  ამით, იდეაფიქსივით გახდა ჩემთვის, რომ ვყოფილიყავი ამ ურთიერთობაში. როგორც, ალბათ, ყოველთვის ხდება, როცა ვიღაც მოგწონს.

საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში ისე აღმოჩნდა, რომ ორმხრივი იყო ეს დაინტერესება. სიტუაციებიც თავისთავად იქმნებოდა და მეც მივყვებოდი, ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, განსჯების გარეშე. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, იყო ის, რომ  ეს ურთიერთობა გამოსულიყო.

თუმცა ვიცოდი, რომ  ამას ყველასთან ვერ მოვყვებოდი, ყველა ამას ვერ გაიგებდა, თუ გაიგებდნენ, უსიამოვნება მელოდა, ფრთხილად ვარჩევდი ადამიანებს, ვისთანაც გავაზიარებდი ამ ურთიერთობას.

გაზიარების სირთულე

ჩემი ურთიერთობის ამბავს ვაზიარებ ადამიანებთან, თუმცა (როგორც სხვები დაბრკოლების გარეშე აკეთებენ ამას) სახელს ვერ ვარქმევ.

ვერ ვდებ ყველანაირ ფოტოს, ყველანაირ სიმღერას ვერ ვადებ „სთორის“, რომელსაც ვაზიარებ, რადგან ვიცი, რომ ადამიანები სხვა რამეზე შეიძლება დაფიქრდნენ. თუმცა ისეთი გულუბრყვილო არა ვარ, ვიფიქრო, რომ ამას ვერავინ ხვდება და ამჩნევს. შეიძლება ითქვას, ვსარგებლობ იმით, რომ ადამიანები შეკითხვებს ღიად ვერ სვამენ და ვერ მეკითხებიან, რა ხდება. სხვათა შორის, ამას ძალიან ვაფასებ.

ქამინგ-აუთის სირთულე

არ ვიცი, სად არის პრობლემა. არა ვარ ადამიანი, რომელიც სრულად გარკვეულია იმაში, რაც მის თავს ხდება. ჯერ კიდევ არა ვარ გარკვეული, რა მინდა, როგორ მინდა აღმიქვამდეს საზოგადოება და ჩემი სოციუმი. რომ ვთქვა, ამისთვის რამეს ვაკეთებ-მეთქი, არ იქნება მართალი.

ვარ ჩემს კომფორტულ როლში. შიგნით არავის ვახედებ, გარეთაც ბევრს არ „ვყვირი“, ეს კი, არ ვიცი, რამდენად კარგია. ამ კითხვას ბოლო დროს ვუსვამ საკუთარ თავს. იქამდე ვფიქრობდი, რომ ცოტა დრო უნდა გასულიყო და დრო მიჩვენებდა, რა და როგორ იქნებოდა – გავიდა დრო და არაფერი კონკრეტული ამ დროში არ გამიკეთებია. წინ არ გადამიდგამს ნაბიჯი საკუთარი თავის გამჟღავნებისკენ. რომ მეგონა, დროსთან ერთად ეს მარტივი გახდებოდა, პირიქით მოხდა – დროის გასვლის შემდეგ ეს უფრო და უფრო რთული გახდა.

მშობლები

ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მშობლების ფაქტორია. მე არ მეშინია ქამინგ-აუთის ჩემ გამო, რადგან ამ ურთიერთობას არ ვუყურებ, როგორც სამარცხვინოს ან ვიღაცისთვის ხელის შემშლელს. ჩემია და ამ მდგომარეობაში კარგად ვარ, მაგრამ  ჩემი მშობლებისთვის ეს მაინც გაუგებარია.

საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ადამიანი ხარ, შენს საქციელზე ისევ შენი ოჯახია პასუხისმგებელი. არ ვიცი, რამდენად მარტივი იქნება მათთვის ჩემი ქამინგ-აუთი, რადგან მათ უწევთ ამ საზოგადოების ნაწილად ყოფნა. კარგად არიან იმ საზოგადოებაში, სადაც ასეთი ურთიერთობები მიუღებელია. ეს არის, რაც მაბრკოლებს, რათა ზეწოლა მოვახდინო ჩემს ოჯახზე, ვუთხრა – გავაკეთებ ახლა ქამინგ-აუთს და გაიარეთ ეს გზა ჩემთან ერთად.

არ ვიცი, ეს სწორია თუ არა. ალბათ, ზოგიერთი იტყვის – ეს შენი ცხოვრებაა და სხვას არ ეხებაო, მე კიდევ ჩემს თავს ჩემი საყვარელი ადამიანებისგან იზოლირებულად არ აღვიქვამ, დაკავშირებული ვარ მათთან. შენი გადაწყვეტილებები ზემოქმედებს სხვა ადამიანებზე, შესაბამისად, მათაც მოუწევთ გაიარონ ეს არაკომფორტული გზა და მდგომარეობა, ეს მაშინებს. მაშინებს, რომ ჩემი მშობლები ამის წინაშე დავაყენო.

„იყავი, ოღონდ შენთვის”

ნაბიჯი რომ გადასადგმელია, ამის შესახებ არ მისაუბრია, თუმცა მიფიქრია. მეკითხებიან, როდის თხოვდები, როდის გეყოლება შვილი და ოჯახი, ძალიან ბევრი ასეთი შეკითხვა დაგროვდა, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, რადგან არ ვაპირებ ამას. მიპასუხია, რომ არ მინდა, ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ, სადაც ვარ, როგორც ვარ და ვისთან ერთადაც ვარ-მეთქი. პასუხად მიმიღია დუმილი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემ გარშემო ადამიანები ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ არ სვამენ შეკითხვებს. ეს კიდევ ერთხელ მიმანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს (ჩემს უახლოეს გარემოცვასაც) აქვთ პოზიცია – იყოს ასე, მაგრამ შენთვის იყავი. იყავი, ოღონდ შენთვის იყავი.

შეუძლებელია, ამას ვერ ხვდებოდე, თან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ჩემს მშობლებთან. ჩემს პარტნიორსაც იცნობენ, მაგრამ ამ პოზიციაში არიან, არაფერს არ გიშლი, გიღებ, როგორიც ხარ, მაგრამ ამაზე ნუ ილაპარაკებ. როგორი ტენდენციაცაა – საძინებელში რაც გინდა, ის ქენი, არ გივარდები, მაგრამ გარეთ ნუ გამოხვალ.

ეს დასაწყისში ნამდვილად არ მაწუხებდა, რადგან ძალიან მოცული ვიყავი იმით, რაც ჩემს თავს ხდებოდა. არ მქონდა სივრცე, რათა სხვა ადამიანებზე მეფიქრა. ახლა ეს ნელ-ნელა მაწუხებს. რაღაც ეტაპზე მეც ვფიქრობდი, რომ ამაზე არ იყო საჭირო ლაპარაკი, გამჟღავნება და აფიშირება (ამაში გულწრფელი ვიყავი, მაშინ ასე ვგრძნობდი), ახლა ეს მაწუხებს, რადგან ძალიან ძნელია, როცა არ ხარ გულწრფელი, განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ფაქტია, რომ ახლა გულწრფელი არ ვარ, რა ვუყო ამას და როგორ გავაკეთო, ეს ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ამას ისე ვუყურებ, როგორც რაღაც გარდაუვალს.

გულწრფელობა ათავისუფლებს, როცა გულწრფელი არ ხარ – ძალიან იზღუდები. მესმის, რომ ეს შენი ცხოვრებაა, მესმის, რომ შემიძლია ჩუმადაც ვიყო, მაგრამ მე თვითონ მაწუხებს. ვატყუებ ადამიანებს, რომლებსაც ჩემგან ეს არ დაუმსახურებიათ. შეიძლება ეს ვიღაცისთვის კომფორტულიც იყოს, ჩემს მშობლებს ვგულისხმობ, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის.

თავის გაიგივება უმცირესობასთან

კონფლიქტი მქონდა, როცა ჩემი პარტნიორი მეტყოდა, რომ ლესბოსელი ვიყავი. ვპასუხობდი, რომ არა, მე, მე ვარ – მეთქი. იმდენად ვერ ვახდენდი ჩემი თავის უმცირესობის ნაწილად იდენტიფიცირებას. ეს ნელ-ნელა მოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

ძალიან მიყვარს მელოდრამები, ადრე თუ ფილმებში მაინტერესებდა ქალისა და კაცის ურთიერთობები, ამან ჩემთვის აქტუალობა დაკარგა და ნელ-ნელა შემოვიდა ინტერესი ფილმებისადმი, სადაც ქალებს შორის ურთიერთობა იყო აღწერილი.

ეს ნელ-ნელა მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მივიღე ახალი სტატუსი და ამან თვალსაწიერიც გამიფართოვა. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი. შენთვის რაღაც ტიპის შინაარსი კარგავს არსს და სხვა რაღაცასთან ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, სხვა რაღაც უფრო მოგწონს, გინდა, რომ იმ ტიპის შინაარსები იქმნებოდეს, რაც პირადად შენთვის იქნება აქტუალური.

თუ არა ხარ უმცირესობის ნაწილი, ამას ვერ გაიგებ, დაწერილი და ნანახი ერთია, განცდილი კიდევ სხვა. ჩემი ამბავი კი ნამდვილად სიყვარულია, ამაში ვერავინ შემომედავება. აქ არის ძალიან დიდი გრძნობა, ზრუნვა და პატივისცემა. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ურთიერთობაა, ჩემთვის ის არის ადამიანი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ძალიან დიდ გრძნობაზეა საუბარი, ეს არის ჩემი მთელი ცხოვრება. ეს ადამიანი მიყვარს და მისგანაც ვგრძნობ სიყვარულს. ჩვენს ურთიერთობაში წლების მანძილზე ფიზიკური ვნება უკანა პლანზე გადავიდა და დარჩა ძალიან გულწრფელი ოჯახური ურთიერთობა: საერთო ბიუჯეტი, საერთო გეგმები, საერთო ხედვები, მხარდაჭერა ერთმანეთის ოჯახების მიმართ და პროფესიული კუთხით გაძლიერების თვალსაზრისით. ამაზე რომ გეუბნებიან – ეს ანომალიაა, ეს არ არის სიყვარული და ავადმყოფობააო, ძალიან ძნელი და შეურაცხმყოფელია. ამას კი პირდაპირ და ირიბად სულ გეუბნებიან.

რაც მთავარია, ამაში თვითონ  ვიღებთ მონაწილეობას, ვერავის ვერ დავადანაშაულებ. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ამ სისულელის ნაწილი ვარ. ზუსტად იმიტომ, რომ არ ვდგამ  ნაბიჯს ქამინგ-აუთისკენ, რადგან არსებობს რაღაცები, რაც მიშლის ხელს, მაგრამ ეს, ალბათ, ყველასთან მომწიფდება. ჩემთან ნელ-ნელა მწიფდება…


მთავარი ფოტო: ირინა ტორონჯაძის სთრით არტი ბათუმში

მასალების გადაბეჭდვის წესი