ახალი ამბები

მიატოვიჩის თქმით, „ოცნება“ წინასაარჩევნო ლგბტი-ფობიით პოლიტიკურად მანიპულირებს

27 მარტი, 2024 • 806
მიატოვიჩის თქმით, „ოცნება“ წინასაარჩევნო ლგბტი-ფობიით პოლიტიკურად მანიპულირებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებით, წინასაარჩევნო მიზნებისთვის „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად მანიპულირებს ჰომოფობიით.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რაც გამოიხატა „ქართული ოცნების“ ინიციატივაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ახალი საკონსტიტუციო კანონის მიღების შესახებ“, — ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებით, ინიციატივა ასახავს ლგბტი ადამიანების მიმართ გამყარებულ მავნე სტერეოტიპებს და ცრურწმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბობს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსში, და შეუძლია ძლიერი, უარყოფითი გავლენა იქონიოს ლგბტი ადამიანებისა და მათი დამცველების უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

„ის ასევე წარმოადგენს ლგბტი-ფობიით პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ, რაც მე ადრე დავგმე და რასაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, — აცხადებს კომისარი.

დუნია მიატოვიჩი ხაზს უსვამს, რომ ლგბტი ადამიანები კვლავ არიან სიძულვილის დანაშაულების და გავრცელებული დისკრიმინაციის სამიზნე საქართველოში, ისევე როგორც რეგულარულად უარყოფილია მათი მშვიდობიანი შეკრების უფლება.

„მე არაერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ძალადობის წაქეზების მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში თვალ-ყურს ვადევნებდი მზარდ მასტიგმატიზებელ რიტორიკას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი იყენებს საქართველოში უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური საქმიანობისთვის ძირის გამოსათხრელად.

დუნია მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, მათ შორის ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის ჩათვლით.

„მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს, მტკიცედ დაგმონ ლგბტი-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში“, — აცხადებს მიატოვიჩი.

„ქართულმა ოცნებამ“ 25 მარტს დააანონსა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონის მიღება, სადაც მამუკა მდინარაძის თქმით, „მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“.

„ქართულმა ოცნებამ“ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი