ახალი ამბები

კვლევა: როგორ შეიცვალა ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში

6 მაისი, 2022 • 1604
კვლევა: როგორ შეიცვალა ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება საქართველოში

საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ამის შესახებ საუბარია კვლევებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. კერძოდ, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“(WISG) გაეროს პროექტის ფარგლებში კვლევა მოამზადა ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ, ხოლო მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ — სახალხო დამცველმა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიის ინდექსი და დამოკიდებულებები გენდერულად არაკონფორმული ადამიანების მიმართ 2016 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევის შედე­გების შედარება აჩვენებს, რომ ჰომო/ბი/ტრანსფო­ბიის ინდექსები კლების ტენდენციას ამჟღავნებს და მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ რესპონდენტების წილი, ვინც ლგბტქი ადამიანების მიმართ ზიზღს განიცდის, ურთიერთობებს გარყვნილებად აღიქვამს ან მორალურად განიკითხავს ასეთ ადამიანებს.

ამასთან, შედეგები აჩვენებს, რომ ტრანსფობიის ინდექსმა უფრო მკვეთრად დაიკლო, ვიდრე ჰო­მოფობიამ ან ბიფობიამ. გენდერის ბინარული მოდელი კი უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. კვლევის ავტორების თქმით, 2016 წელთან შედარებით გაზრდილია მეგობრისთვის მხარდაჭერის მზაობა, თუკი ის გადაწყვეტს  სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას და სხვა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დამოკიდებულებების ცვლილების ამგვარი არათანაბარი დინამიკას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

„შეიცვალა გენდერული როლებისა და თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც, თავის მხრივ, ჰომო/ბი/ტრანსფობიის მნიშვნელოვან პრედიქტორს წარმოადგენს და, ჰომოფობიისა და ბიფობიის ინდექსებთან შედარებით, ყველაზე მეტ გავლენას ტრანსფობიის ინდექსზე ახდენს. გარდა ამისა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სათემო ორგანიზაციების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტრანს ჯგუფის გაძლიერებასა და ტრანს საკითხების ადვოკატირებაზე იყო ფოკუსირებული.

ამან ხელი შეუწყო როგორც ჯგუფის წევრების, ისე მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და მედიის დაინტერესებას ამ საკითხით. გენდერული ასიმეტრია ტრანს ადამიანების მიმართ დამოკიდებულებების ცვლილებაში (გენდერულად არაკონფორმული კაცე­ბის მიმართ მიმღებლობა უფრო გაიზარდა, ვიდრე გენდერულად არაკონფორმული ქალების მიმართ) კიდევ უფრო ამყარებს ამ მოსაზრებას: ბოლო რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაიზარდა ტრანს ქალებისა და მათი პრობლემების, მათ მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის შემთხვევების ხილვადობა, მაშინ, როცა ტრანს კაცები დღემდე „უხილავ” ჯგუფად რჩება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მიუხედავად ზემოთქმულისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2016 წლის კვლევის შედეგების მსგავსად, დამოკიდებულებები ტრანს და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების მიმართ უფრო ნეგატიური რჩება, ვიდრე ბისექსუალების ან ჰომოსექსუალების მიმართ.

შედეგები ეხმიანება ლგბტქი თემის წევრებს შორის ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებსაც. კვლევის ავტორების თქმით, თემის წევრების აზრით, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობები ტრანს ქალებისა და გეების მიმართ უფრო მკვეთრადაა გამოხატული, ვიდრე ლესბოსელების, ტრანს კაცების ან ბისექსუალების მიმართ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სათემო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის ანგარიშებში ასევე ხაზგასმულია, რომ ტრანს ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფია, რომლის წევრებიც ხშირად ხდებიან ინტერსექციური დისკრიმინაციის მსხვერპლი:

„თვისებრივი კვლევის მონაწილე თემის წევრები და პროფესიონალები, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე თანხმდებიან, რომ ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები, როგორც ლგბტქი თემის ყველაზე ხილვადი ნაწილი, კონვენციურ გენდერულ ნორმებთან შეუთავსებლობის გამო, უფრო ხშირად ხდებიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.

როგორც თავად ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, ხშირად ქამინგაუთი მათთვის იძულებითია – განსხვავებით ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ინდივიდებისგან, ტრანსგენდერი ადამიანების მიერ საკუთარი გენდერის გამჟღავნება დაკავშირებულია ისეთი ატრიბუტების ცვლილებასთან, როგორიცაა სახელი, გარეგნული მახასიათებლები, სოციალური როლი და სხვა, რაც, თავისთავად, მათ გენდერულ იდენტობას უფრო ხილულს და საჯაროს ხდის“, – ვკითხულობთ კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკ­ლო ჰომოფობიურმა განწყობებმაც. კვლევის ავტორების განცხადებით, ასიმეტრიული ხასიათი აქვს გეების/ლესბოსელების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებასაც (ლესბოსელების მიმართ მიმღებლობა უფრო გაიზარდა, ვიდრე გე­იების მიმართ), თუმცა, ტრანსი ქალის/კაცის მიმართ დამოკიდებულებისგან განსხვავებით, ცვლილებების ამგვარი დინამიკა რესპონდენტის სქესსა და ჰომოფობიას შორის კავშირის სპეციფიკურობას უკავშირდება.

ცვლილების მიუხედავად, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ტენდენცია, რომელიც 2016 წლის კვლევამ აჩვენა და მას სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევის შედეგებისგან განასხვავებს, ლესბოსელების მიმართ უჩვეულოდ მაღალია აგრესია. რესპონდენტთა პასუხები სტატისტიკურად მნიშნელოვან სხვაობას არც გეი/ლესბოსელი წყვილის მიერ შვილად აყვანის უფლების მიმართ დამოკიდებულებაში აჩვენებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ლესბოსელების მიმართ დამოკიდებულებაზე ძლიერ გავლენას ახდენს ოჯახური ასიმეტრიის ფაქტორი და ქალის/კაცის სექსუალობასთან დაკავშირებული ორმაგი სტანდარტები. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ამგვარი მიმართება ამყარებს წინა კვლევაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ლესბოსელი, პირველ რიგში, არღვევს კულტურაში არსებულ ქართველი დედის ასექსუალურ ხატს:

„ლესბოსელობა აღიქმება როგორც ქალის მიერ საკუთარი სექსუალური სურვილის სახელდება და მისი მანიფესტირება ქცევაში, ჰეტერონორმატიულ ურთიერთობებზე უარის თქმას კი ის გაჰყავს ტრადიციული ოჯახის იმ ვიწრო სივრციდან, სადაც საზოგადოებას მამაკაცის მეშვეობით შეუძლია ქალის სექსუალობის კონტროლი.

ცვლილება ყველაზე ნაკლებად ბისექსუალების მიმართ დამოკიდებულებაზე აისახა. წინამდებარე კვლევა იმეორებს 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს – საზოგადოებაში ბიფობიური განწყობები უფრო ძლიერადაა გამოხატული, ვიდრე ჰომოფობი­ური. რესპონდენტების მნიშვნელოვან ნაწილს გაუჭირდა ბიფობიასთან დაკავშირებულ იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც რესპონდენტის აღქმას ზომავს ბისექსუალობის, როგორც სექსუალური ორიენტაციის ერთ-ერთი კატეგორიის, მიმართ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რესპონდენტები უფრო ადვილად პასუხობდნენ შეკითხვებს, რომელიც ბისექსუალების მიმართ ტოლერანტობას ზომავს, მაგრამ უჭირდათ პოზიციის დაფიქსირება ბისექსუალობის, როგორც „მყარი/სტაბილური” სექსუალური ორიენტაციის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯგუფის უხილავობის გარდა, ბისექსუალების მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას ცოდნის დეფიციტი და ბისექსუალობაზე, როგორც სექსუალური ორიენტაციის არამყარ, „ფლუიდურ” ფორმაზე, წარმოდგენები განაპირობებს.

კვლევები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი