ახალი ამბებისაზოგადოება

ქვიარ თემატიკაზე წიგნის პრეზენტაცია 6 მარტს მაინც შედგება

6 მარტი, 2024 • 826
ქვიარ თემატიკაზე წიგნის პრეზენტაცია 6 მარტს მაინც შედგება

წიგნის “ცის ფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია დღეს, 6 მარტს მაინც შედგება და 19:30 საათზე პრეზენტაციას “არტარეა” უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს წიგნის გამომცემელი, „შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი”.

წიგნის პრეზენტაცია თავდაპირველად „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში“ იყო დაგეგმილი, თუმცა მუზეუმმა ქვიარ თემატიკის წიგნის პრეზენტაციაზე უარი თქვა და ამის შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის წინა დღეს ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

„ჩვენს განცხადებას გამოეხმაურნენ “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს ინიციატივა, თავად გამოეყოთ “არტარეას” სახელოვნებო სივრცე, სადაც უზრუნველყოფდნენ მის სრულად აღჭურვას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო დაგეგმილი ღონისძიების დროულად, დაცულად და სრულყოფილად ჩატარება.

ჩვენთვის პრინციპულადვე მნიშვნელოვანია, რომ სისტემის მზარდი პოპულისტური ჰომოფობიური რიტორიკისა და წნეხის ფონზე, არ დაგვეშვა ღონისძიების გაუქმება ან გადატანა ისეთ ადგილას, რომელიც სრულად ვერ პასუხობს წიგნის პრეზენტაციის კონცეფციას, და ამასთან ერთად, არ დაგვეშვა პრეცედენტი, სადაც ხელოვნება ცენზურას ექვემდებარება”, – წერია „შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის” 6 მარტის განცხადებაში.

წიგნის გამომცემლების აზრით, ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ხელისუფლების მხრიდან ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ჰომოფობიური კანონის განხილვის დაანონსებას და წიგნის გარშემო ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურებას.

მათი თქმით, გამომცემლებს მოულოდნელად დაუკავშირდა „თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედია მუზეუმის“ დირექტორი ნესტან ნიჟარაძე და აცნობა, რომ წიგნის პრეზენტაციის ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდა, შეუძლებელი იქნებოდა შენობის „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო“ და კატეგორიულად მოსთხოვა ღონისძიების ადგილის შეცვლა.

გამომცემლების შემდეგ განცხადება გაავრცელა სასტუმრო „სტამბამ“, რომელიც “აჭარა გრუპის” ნაწილია და განაცხადა, რომ სასტუმროს სივრცეში განთავსებული „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი“ დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე. სწორედ ამავე განცხადებით შესთავაზა “აჭარა გრუპმა” საკუთარი სახელოვნებო სივრცე “არტარეა” პრეზენტაციის ორგანიზატორებს, როგორც პრეზენტაციის ჩატარების ალტერნატიული სივრცე.

კიდევ უფრო მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმმაც“ და საკუთარი გადაწყვეტილება უსაფრთხოების შესაბამისი ზომების უზრუნველსაყოფად რესურსების არქონით ახსნა.

გამოცემა „ცისფერი  ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“  ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს. ავანგარდული ხელოვნებიდან დღემდე, განსხვავებული პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული გარემოს და გამოწვევების პირობებში შექმნილი ნამუშევრების შესახებ სპეციალურად ამ კრებულისთვის დაწერილი მნიშვნელოვანი ავტორების ტექსტების მეშვეობით, წიგნი აერთიანებს ქვიარ ისტორიის ფრაგმენტებს — ვიზუალურ ამბებს ქვიარ გამოცდილებაზე, სქესსა და სექსუალობაზე, სხეულებსა და იდენტობებზე, სიყვარულსა და სურვილებზე, შიშებსა და ტკივილზე, თავისუფლებაზე და კავშირზე, რომელიც დროსთან ერთად იცვლებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი